თელავი Vs. ვიტ ჯორჯია [პრევიუ]

29 მარტი 2018
საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია ეროვნული ლიგა ორის მორიგ, რიგით მეოთხე ტურის შეხვედრას სტუმრად, გივი ჩოხელის სახელობის მოედანზე გამართავს. 30 მარტს, თელავში, ჩვენი გუნდი ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს დაუპირისპირდება, რომელიც თავის მხრივ ლიგის დებიუტანტია.

განვლილი მატჩები

ვიტ ჯორჯია - განვლილ სამ ტურში ვეტერინარებს ლიგაში საუკეთესო შედეგი აქვთ. 2 მოგება და ერთი ფრე, ჯამში 7 ქულა. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდები სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე იმყოფებიან. უკანასკნელ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მცხეთა პარკზე მარტვილის მერანს 1:0 სძლია. გამარჯვების მომტანი გოლი კი გიორგი გეთიაშვილმა გაიტანა.  

თელავი  - სადებიუტო სეზონის კვალობაზე ჩვენს მომავალ მეტოქეს სტარტი კარგი გამოუვიდა. მათ სამ თამაშში 4 ქულის მოპოვება მოახერხეს. უკანასკნელ შეხვედრაში თელაველები საკუთარ მოედანზე გაგრას დაუზავდნენ - 1:1.

 
ურთიერთშეხვედრები

ვიტ ჯორჯიასა და თელავს შორის ხვალ გასამართი შეხვედრა ისტორიაში პირველი იქნება. დღემდე ეს ორი გუნდი ერთმანეთს არც ოფიციალურ და არც ამხანაგურ მატჩში არ შეხვედრია.

ბომბარდირები

ვიტ ჯორჯია - ჩატარებულ სამ  შეხვედრაში ვეტერინარებმა 3 გოლი გაიტანს. მეტოქეთა კარში თითო გოლი გიორგი გეთიაშვილმა, პაატა ღუდუშაურმა და ცოტნე მოსიაშვილმა შეაგდეს.

თელავი  -  ჩატარებულ სამ შეხვედრაში თელაველთა აქტივში ორი გატანილი გოლია, მეტოქეთა კარში თითო ბურთი გიორგი ნიქაბაძემ და  გიორგი ხარებაშვილმა გაიტანეს.  
 
30 მარტი ვიტ ჯორჯიას ისტორიაში
30 მარტს ვიტ ჯორჯიას სამი ოფიციალური თამაში აქვს გამართული. ჩვენმა გუნდმა აქედან მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვერ მიაღწია სასურველ შედეგს. ორ შემთხვევაში კი გამარჯვება სწორედ ვეტერინარებს ხვდათ წილად.
 
1999 წელი უმაღლესი ლიგა ლოკომოტივი 1:0 ვიტ ჯორჯია
2013 წელი უმაღლესი ლიგა მეტალურგი 0:1 ვიტ ჯორჯია
2014 წელი უმაღლესი ლიგა ვიტ ჯორჯია 2:1 ტორპედო
 
მსაჯები
 
ვიტ ჯორჯიასა და თელავს შორის გასამართ შეხვედრას ირაკლი კვირიკაშვილის განსჯის, რომლსაც ასისტენტობას მ. კუპატაძე და კ. სადილიანი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი შ. ქუხილავა შეასრულებს.
 
ჩვენი გუნდის მონაწილეობით ირაკლი კვირიკაშვილმა უკანასკნელად 2017 წლის 29 ოქტომბერს იმსაჯა. ეროვნული ლიგა ორის ოცდამეთორმეტე ტურის შეხვედრაში ვიტ ჯორჯია სტუმრად მარტვილის მერანთან 0:1 დამარცხდა.

თელავის მონაწილეობით ირაკლი კვირიკაშვილმა უკანასკნელად გასული წლის 3 დეკემბერს იმსაჯა. თელაველებმა ეროვნული ლიგა ორში გადმოსასვლელ ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში ლანჩხუთის გურიასთან სტუმრად ფრედ - 1:1 ითამაშეს.
 
შეგახსენებთ, რომ მატჩი 30 მარტს 16:00 საათზე დაიწყება. დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში შეგეძლებათ.
უკან დაბრუნება