თელავი 0-1 ვიტ ჯორჯია [ფოტო + ვიდეო]

30 მარტი 2018
დღეს, ეროვნული ლიგა ორის 2018 წლის გათამაშების მეოთხე ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. ჩვენმა გუნდმა თელავში გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს. გამარჯვების მომტანი გოლი შოთა დავლაშელიძემ გაიტანა.

ვეტერინარებმა სათამაშო უპირატესობა საწყისი წუთებიდანვე მოიპოვეს. მეოთხე წუთზე გიორგი ვასაძის მიერ თელაველთა საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი საბოლოოდ გიორგი გეთიაშვილს მიუვიდა, რომელმაც მასპინძელთა კარის მიმართულებით გაისროლა კიდეც და სამიზნეს მცირედით ააცილა, ეპიზოდი საბოლოოდ კუთხურით დასრულდა, სტანდარტს განსაკუთრებული ხიფათი აღარ მოჰყოლია. მეთერთმეტე წუთზე მოწინააღმდეგის კარის მისამართით შოთა დავლაშელიძემ დაარტყა და მცირედით ააცილა სამიზნეს. ანგარიში დაპირისპირების მეოცე წუთზე გაიხსნა, ცოტნე მოსიაშვილმა თავისუფალ ზონაში შერბენისას შოთა დავლაშელიძე შენიშნა და გადაცემა სწორედ მისი მისამაართით გააკეთა, ამ უკანასკნელმა კი ზუსტი, აკრობატული დარტყმით დალაშქრა თელაველთა კარი - 1:0. ჩვენი კარის მისამართით მასპინძლებმა პირველად 37-ე წუთზე დაარტყეს, გიორგი ნიქაბაძის მცდელობა წარუმატებელი გამოდგა და სამიზნეს საკმაო მანძილით ააცილა. შეხვედრის 39-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ თელაველთა კიპერთან ფაქტობრივად პირისპირ დარჩა შოთა დავლაშელიძე, თუმცა ამ უკანასკნელმა დარტყმის შესრულება ვეღარ მოახერხა, ვინაიდან მასპინძელთა კიპერმა გამოსვლაზე კარგად ითამაშა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ცოტნე მოსიაშვილმა თელაველთა კიპერთან პირისპირ გაიყვანა პაატა ღუდუშაური, რომლის დარტყმულიც მეკარე ლუკა სანიკიძემ მოიგერია. პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე, ცოტნე მოსიაშვილმა კარიდან წინ გამოსული თელაველთა კიპერი შენიშნა, შორი მანძილიდან კარის მიმართულებით გაგზავნა ბურთი და მცირედით ააცილა.

ვიტ ჯორჯიელების მონაწილეობით კიდევ ერთი რეალური საგოლე ეპიზოდი 53-ე წუთზე ვიხილეთ. თელაველმა ფეხბურთელებმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს თამაშის წესები დაარღვიეს, სტანდარტიდან ბურთი მეკარის ბაქანთან ცოტნე მოსიაშვილმა დაჰკიდა, მეორე სართულზე ორთაბრძოლა ირაკლი კამლაძემ მოიგო, კარში დაარტყა კიდეც, თუმცა მეკარემ მოიგერია, განმეორებით ცდაზე კი ვეტერინართა ცენტრალურმა მცველმა ხეირიანი დარტყმის შესრულება ვეღარ შესძლო და ეპიზოდიც განიმუხტა. მასპინძელთა ერთ-ერთი უიშვიათაგანესი შეტევა კარის მიმართულებით დარტყმით დასრულდა 84-ე წუთზე, საჯარიმოს ხაზიდან გიორგი ხარებაშვილმა გაისროლა არაზუსტად. აღნიშნული ეპიზოდიდან სამ წუთში ჩვენი კარის მისამართით ირაკლი რუხაძემ დაარტყა და ააცილა. უკანასკნელ წუთზე მასპინძელთა მაკედონიელი ლეგიონერი, ლენა შეეცადა ბურთის კარისკენ ზუსტად დარტყმას, თუმცა მისი მცდელობაც წარუმატებელი გამოდგა.

თელავი 0:1 ვიტ ჯორჯია
გოლი:
დავლაშელიძე (20')

თელავი: სანიკიძე, თოლორდავა, ბერიაშვილი, კუკუჯანაშვილი, იოსელიანი (გალახვარიძე 83’), ჯიქია, ლენა, სულუაგა (გოგოლიძე 63’), ხარებაშვილი, რუხაძე (მარაქველიძე 88’), ნიქაბაძე

ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი, კამლაძე, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი (კაკუშაძე 81’), ღუდუშაური, ვეკუა (ექვთიმიშვილი 73’), ვასაძე, საჯაია (კიკნაველიძე 73’), დავლაშელიძე

გაფრთხილება: იოსელიანი, თოლორდავა, სულუაგა, ხარებაშვილი - ვასაძე, დავლაშელიძე, კამლაძე

ამრიგად ვიტ ჯორჯიას ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს ეროვნული ლიგა ორის 2018 წლის გათამაშებას.

 
უკან დაბრუნება