ვიტ ჯორჯია Vs. გაგრა [პრევიუ]

02 აპრილი 2018
ეროვნული ლიგა ორის V ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია ხვალ გამართავს. ჩვენი გუნდი მცხეთა პარკზე საფეხბურთო კლუბ გაგრას უმასპინძლებს. დაპირისპირება 16:30 საათზე დაიწყება.
 
განვლილი მატჩები

ვიტ ჯორჯია - ჩვენი გუნდი ზედიზედ ოთხი ტურია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს და მეტოქეთა კარში მნიშვნელოვანი ბურთების გატანას განაგრძობს. საწყის ტურში ფრედ ნათამაშები შეხვედრის შემდეგ ვეტერინარებმა ზედიზედ სამი მატჩი მოიგეს და 10 ქულით ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ. უკანასკნელ მატჩში ჩვენმა გუნდმა სტუმრად თელავი - 1:0 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი გოლი შოთა დავლაშელიძემ გაიტანა.

გაგრა - ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში გაგრამ 8 ქულის მოგროვება მოახერხა. ჩვენი მომავალი მეტოქე სატურნირო ცხრილში მეორე საფეხურზე იმყოფება. უკანასკნელ ტურში გაგრამ საკუთარ მოედანზე ნორჩ დინამოს უმასპინძლა და ნუგზარ სპანდერაშვილის მიერ გატანილი გოლის წყალობით მეტოქეს ანგარიშით - 1:0 მოუგო.
 
ურთიერთშეხვედრები

ვიტ ჯორჯია - გაგრას ურთიერთშეხვედრების ისტორია 2008 წლიდან იღებს სათავეს. ჯამში ეს ორი გუნდი ერთმანეთს ოფიციალურად 23-ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან ვეტერინარებმა მეტოქე 14 თამაშში დაამარცხეს, ფრედ დასრულდა 4 მატჩი, მეტოქის სასარგებლო ანგარიში კი 5 შეხვედრაში დაფიქსირდა. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 44:29-ზე გახლავთ. მასპინძლის სტატუსით ვიტ ჯორჯია 12 შეხვედრაში დაუპირისპირდა გაგრას, აქედან ჩვენმა ფეხბურთელებმა მეტოქე 9-ჯერ დაამარცხეს, საყაიმო ანგარიშით დასრულდა ერთი მატჩი, ორი კი მოწინააღმდეგის გამარჯვებით. ეროვნული ლიგა ორის ფორმატიდან გაომდინარე გასულ წელს ვიტ ჯორჯია და გაგრა ერთმანეთს ოთხჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან ჩვენმა გუნდმა 2 მატჩი მოიგო, ერთი შეხვედრა ფრედ, ერთიც კი გაგრელთა გამარჯვებით დასრულდა.


 
ბომბარდირები

ვიტ ჯორჯია - გასულ ოთხ ტურში ვიტ ჯორჯიამ მეტოქეთა კარი ოთხჯერ აიღო, მოწინააღმდეგეთა კარში თითო გატანილი გოლით თავი გამოიჩინეს შოთა დავლაშელიძე, გიორგი გეთიაშვილმა, პაატა ღუდუშაურმა და ცოტნე მოსიაშვილმა.

გაგრა - მიმდინარე სეზონში ჩვენი მომავალი მეტოქის ანგარიშზე სამი გატანილი გოლია. თითო შედეგიანი დარტყმაა გოგიტა გოგატიშვილის, ნუგზარ სპანდერაშვილისა და რატი ცაცკრიალაშვილის აქტივში.
 
3 აპრილი ვიტ ჯორჯიას ისტორიაში
ვიტ ჯორჯიას 3 აპრილს ოთხი ოფიციალური შეხვედრა აქვს გამართული. აქედან ორი შინ და ორი სტუმრად. ვეტერინარებმა ორი საშინაო მატჩი ერთნაირი ანგარიშით - 3:0 მოიგეს, სტუმრად გამართულ შეხვედრებში კი დამარცხდნენ.
 
1999 წელი უმაღლესი ლიგა ვიტ ჯორჯია 3:0 გურია
2004 წელი უმაღლესი ლიგა ვიტ ჯორჯია 3:0 დილა
2010 წელი უმაღლესი ლიგა სამტრედია 1:0 ვიტ ჯორჯია
2015 წელი უმაღლესი ლიგა გურია 4:1 ვიტ ჯორჯია
 
 
                                                                                      
მსაჯები

ხვალინდელ შეხვედრას გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ი. კაკაბაძე და ი. მაჩიტიძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ბ. გლუშჩუკი შეასრულებს.

ვიტ ჯორჯიას მონაწილეობით გოგა კიკაჩეიშვილმა უკანასკნელად 2017 წლის 25 ნოემბერს იმსაჯა. ეროვნული ლიგა ორის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში მცხეთა პარკზე ვიტ ჯორჯიამ 1:0 მოუგო ლანჩხუთის გურიას.

გაგრას მონაწილეობით უკანასკნელად გოგა კიკაჩეიშვილმა გასული წლის 26 სექტემბერს იმსაჯა. ჩვენი მომავალი მეტოქე ეროვნული ლიგა ორის XXVIII ტურის მატჩში შინ მარტვილის მერანთან - 0:1 დამარცხდა. 
უკან დაბრუნება