ვიტ ჯორჯია 0:0 გაგრა

03 აპრილი 2018
ეროვნული ლიგა ორის მეხუთე ტურის მატჩი ვიტ ჯორჯიამ საკუთარ მოედანზე გამართა. ჩვენი გუნდი მცხეთა პარკზე საფეხბურთო კლუბ გაგრას დაუპირისპირდა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ - 0:0 დასრულდა.

თამაშის მესამე წუთზე სტუმართა მცველებმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს თამაშის წესები დაარღვიეს, სტანდარტიდან პირდაპირ კარში დაარტყა პაატა ღუდუშაურმა, თუმცა გაგრელთა მეკარემ ბურთის ხელებში დაფიქსირება მოახერხა. მატჩის მეთორმეტე წუთზე შოთა დავლაშელიძის გადაცემის შემდეგ მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით გიორგი ვეკუამ დაარტყა, მოწინააღმდეგე გუნდის კიპერმა ბურთი ამჯერადაც ხელებში დააფიქსირა. დაპირისპირების 23-ე წუთზე გაგრელთა კარის მისამართით ჯარიმიდან ნოდარ კიკნაველიძემ დაარტყა, მეკარემ კვლავ მოახერხა ბურთის დამორჩილება. ჩვენი კარის მისამართით 28-ე წუთზე ნიკა მაგრაქველიძემ დაარტყა და საკმაო მანძილით ააცილა. შეხვედრის 33-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა მორიგი კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს, ნოდარ კიკნაველიძის მიერ საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი მცველებმა მოიგერიეს, გადმოვარდნილ ბურთთან პირველი გიორგი ვასაძე აღმოჩნდა, რომელმაც კარში დაარტყა და სტუმართა კიპერს თავგანწირულ ნახტომში მოუხდა საკუთარი გუნდის გადარჩენა.

შეხვედრის 60-ე წუთზე ჯონი შეროზიას თამაშში აქტიურად ჩართვა მოუხდა, მან რატი ცაცკრიალაშვილის მიერ დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია. დაპირისპირების 74-ე წუთზე გოლის გატანის რეალური შესაძლელობა ჰქონდათ ვეტერინარებს, ბექა კაკუშაძის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კარისკენ პაატა ღუდუშაურმა გაგზავნა, გაგრელთა კიპერმა ახლო მანძილიდან დარტყმულის მოგერიება მოახერხა. გაგრელთა კართან მორიგი ხიფათი შეხვედრის 85-ე წუთზე შეიქმნა, კუთხურიდან საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს არეულობა მოჰყვა, ვეტერინარებს გოლის გატანაც შეეძლოთ, სტუმართა მცველებმა შეტევის მოგერიება მოახერხა, თუმცა დროებით - ბურთი ბექა კაკუშაძეს მიუვიდა, რომელმაც შორი მანძილიდან დაარტყა კარში და მცირედით ააცილა.

ვიტ ჯორჯია 0:0 გაგრა

ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი (საჯაია 53'), კამლაძე, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი (კაკუშაძე 68'), ღუდუშაური, ვეკუა (ექვთიმიშვილი 80'), კიკნაველიძე, ვასაძე, დავლაშელიძე
 
გაგრა: შევჩუკი, ბრაჭული, ზახარჩენკო, სამხარაძე, მაგრაქველიძე (პაპავა 74'), ცაცკრიალაშვილი (სპანდერაშვილი 84'), ხაბელაშვილი, სოფრომაძე, კაკიაშვილი, გოგატიშვილი (ლომსაძე 80'), სულთანიშვილი
 
გაფრთხილება: ჩაკვეტაძე, ვეკუა - ზახარჩენკო, კაკიაშვილი
 
გაძევება: ჩაკვეტაძე
 
უკან დაბრუნება