ვიტ ჯორჯია Vs. შუქურა [პრევიუ]

12 აპრილი 2018
ეროვნული ლიგა ორის VI ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია საკუთარ მოედანზე გამართავს. ვეტერინარები მცხეთა პარკზე ეროვნული ლიგა ერთიდან დაქვეითებულ ქობულეთის შუქურას დაუპირისპირდებიან.
 

განვლილი მატჩები

ვიტ ჯორჯია - ეროვნულ ლიგა ორში განვლილი ხუთი ტურის შემდეგ პირველია და სატურნირო ცხრილს წაუგებლად ლიდერობს.  უკანასკნელ ტურში ვეტერინარებმა საკუთარ მოედანზე გაგრას უმასპინძლეს და ფრედ - 0:0 ითამაშეს.
შუქურა - ათ გუნდიან გათამაშებაში ბოლო საფეხურზეა. ქობულეთელთა აქტივში 3 ქულაა. ერთი მოგება და ოთხი მარცხი ასეთია ჩვენი მომავალი მეტოქის მონაგარი მიმდინარე სეზონში.

                                                                                                                       
ურთიერთშეხვედრები

ვიტ ჯორჯია და ქობულეთის შუქურა დღემდე ერთმანეთს ოფიციალურად 4-ჯერ დაუპირისპირდნენ. ვეტერინარებმა მეტოქე ერთხელ დაამარცხეს, სამი მატჩი კი მოწინააღმდეგის სასარგებლოდ დასრულდა. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 2:5-ზე ზღვისპირელთა სასარგებლოდ გახლავთ.
უკანასკნელი შეხვედრა ვიტ ჯორჯიასა და ქობულეთის შუქურას შორის გასული წლის 13 ივლისს შედგა. იმ დროისთვის ეროვნულ ლიგა ერთში მოასპარეზე ქობულეთის შუქურა მცხეთა პარკზე ვიტ ჯორჯიელებმა ამხანაგურ შეხვედრაში - 1:0 დაამარცხეს. გამარჯვების მომტანი გოლი საჯარიმო დარტყმით კახა კახაბრიშვილმა გაიტანა.


 

ბომბარდირები

ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქეთა კარი ოთხჯერ აიღეს, ოთხივე გატანილი გოლი სხვადასხვა ფეხბურთელის ანგარიშზეა. პირად აქტივში თითო გოლი აქვთ მითვლილი შოთა დავლაშელიძე, პაატა ღუდუშაურს, ცოტნე მოსიაშვილსა და გიორგი გეთიაშვილს
ქობულეთის შუქურაში ყველაზე მეტი გატანილი გოლი აქვს ბრაზილიელ რაი დოს რაის რამოსს, მის ანგარიშზე 2 გოლია. ერთი ბურთი გაიტანა ნიგერიელმა ლეგიონერმა - გოდვინ კონეიჰამ, ერთი კი - გიორგი ივანიაძემ.
 
13 აპრილი ვიტ ჯორჯიას ისტორიაში
არსებობის მანძილზე ვიტ ჯორჯიას 13 აპრილს ერთადერთი ოფიციალური შეხვედრა აქვს გამართული. 1999 წელს უმაღლესი ლიგის XVIII ტურის მატჩში ვეტერინარებმა სტუმრად სამტრედიას ანგარიშით - 1:0 მოუგეს.
 
დისკვალიფიკაცია

ვიტ ჯორჯია - შუქურას შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ვიტ ჯორჯიელი ალეკო ჩაკვეტაძე გამოტოვებს.
 
მსაჯები

ხვალინდელ მატჩს არსენ ნონიკაშვილი განსჯის, რომელსაც ასისტენტობას დ. გაბისონია და პ. ბელთაძე გაუწევენ. მეოთხე არბირტრის ფუნქციებს კი მ. კიკორია შეასრულებს.

ვიტ ჯორჯიელთა მონაწილეობით არსენ ნონიკაშვილმა უკანასკნელად 2017 წლის 12 ოქტომბერს იმსაჯა. ჩვენმა გუნდმა გასვლით მატჩში გაგრა ანგარიშით - 2:1 დაამარცხა.

ქობულეთელთა მონაწილეობით არსენ ნონიკაშვილმა უკანასკნელად მიმდინარე წლის 8 მარტს იმსაჯა. შუქურამ გასვლით მატჩში ცხინვალის საფეხბურთო კლუბს - 2:1 მოუგო.
 
უკან დაბრუნება