ვიტ ჯორჯია 0:0 შუქურა [ფოტო+ვიდეო]

13 აპრილი 2018


ეროვნული ლიგა ორის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მცხეთა პარკზე ქობულეთის შუქურას უმასპინძლა. მატჩი გატანილი გოლების გარეშე, ფრედ - 0:0 დასრულდა.
 
დაპირისპირების მეშვიდე წუთზე შოთა დავლაშელიძის გრძელი გადაცემის შემდეგ ქობულეთელთა კარისკენ ბექა კაკუშაძემ დაარტყა, ბურთი სტუმართა კიპერმა ნახტომში კუთხურზე მოიგერია. დაპირისპირების 35-ე წუთზე შუქურას კარის აღებას ოთარ მუხულიშვილი შეეცადა, თუმცა საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ხეირიანად ვერ ითამაშა და ეპიზოდიც განიმუხტა. მატჩის 55-ე წუთზე ჩვენი კარის მისამართით გიორგი ივანიაძემ დაარტყა და ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ოთარ მუხულიშვილის მიერ შუქურას საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ნოდარ კიკნაველიძემ დაარტყა და კარს მცირედით ააცილა. შეხვედრის 70-ე წუთზე ნოდარ კიკნაველიძის ჩაწოდებულ ბურთს ფეხი ხეირიანად ვერ მოარტყა ბექა კაკუშაძემ და ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში ქობულეთელმა ფეხბურთელებმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს თამაშის წესები დაარღვიეს. ნოდარ კიკნაველიძემ სტანდარტიდან პირდაპირ კარისკენ დაარტყა, ბურთმა რიკოშეტის შედეგად მცირედით შეიცვალა მიმართულება და საბოლოოდ შუქურას კიპერმა, დავით კუპატაძემ, მუშტებით შორს მოიგერია. დაპირისპირების 75-ე წუთზე ჩვენი კარისკენ გიორგი ივანიაძემ დაარტყა და ამჯერადაც არაზუსტად. შეხვედრის 77-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა კიდევ ერთი სახიფათო ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს. სტანდარტიდან კარისკენ ამჯერად პაატა ღუდუშაურმა გაისროლა და მცირედით ააცილა. სტუმართა კარის დალაშქვრას ნოდარ კიკნაველიძე 85-ე წუთზე კვლავ საჯარიმო დარტყმით შეეცადა, თუმცა ამჯერად ბურთი მცირედით ასცდა კარს. შეხვედრის 88-ე წუთზე გიორგი ვეკუას გადაცემის შემდეგ მეტოქის კარის მიმართულებით ნოდარ კიკნაველიძემ დაარტყა და ააცილა.
 
 
ვიტ ჯორჯია 0:0 შუქურა
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი, კამლაძე, გეთიაშვილი, მოსიაშვილი (ვეკუა 71'), ღუდუშაური, კიკნაველიძე, ვასაძე (მუზაშვილი 79'), ჩიტიშვილი, კაკუშაძე, დავლაშელიძე (ექვთიმიშვილი 64')
 
შუქურა: კუპატაძე, კალანდია, რამოსი, ჩელებაძე, ივანიაძე, ქათამაძე, მალაზონია (ჭანუყვაძე 71'), კონიეჰა, ცეცხლაძე (ლობჯანიძე 57'), ჯერალდო, დასე
 
გაფრთხილება: გეთიაშვილი - კუპატაძე, ცეცხლაძე, ჩელებაძე


 
უკან დაბრუნება