U19 ლიგა: ვიტ ჯორჯია 3:0 ჩიხურა

21 აპრილი 2018
საქართველოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. გოჩა ერაძის გაწვრთნილმა გუნდმა მცხეთა პარკზე საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა და მეტოქე მშრალი ანგარიშით - 3:0 დაამარცხა.

თამაშის მეცამეტე წუთზე ჩვენი კარის მისამართით ირაკლი სირაძემ დაარტყა და ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ანგარიშის გახსნის ბრწყინვალე შესაძლებლობა ჰქონდა ჯაბა ლეშკაშელს, რომელმაც ფაქტობრივად ცარიელ კარს ბურთი ზემოდან გადაავლო. შეხვედრის 16-ე წუთზე ჩიხურას კარს კვლავ ჯაბა ლეშკაშელი დაემუქრა, ამჯერად მის მიერ დარტყმულ ბურთს მცველი გადაეღობა და კუთხურზე მოიგერია. ჩვენი კარის მისამართით ჯარიმიდან 21-ე წუთზე ბესიკ ხვედელიძემ დაარტყა, ვეტერინართა კიპერმა ლაშა მეგენეიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. ლაშა მეგენეიშვილმა ვიტ ჯორჯიელები 28-ე წუთზე კიდევ ერთხელ გადაარჩინა გაშვებული გოლისგან, ამჯერად მან ბესიკ ხვედელიძის მიერ დარტყმული ბურთი ნახტომში მოიგერია. პირველი ნახევრის მიწურულს ვიტ ჯორჯიელებს კიდევ ერთხელ მიეცათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა. თამაშის 42-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს კარში ნიკა მუშკუდიანი გზავნიდა, თუმცა მისი თავური მცირედით ასცდა სამიზნეს.

მეორე ტაიმი ვიტ ჯორჯიელებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს და მეტოქის კართან სახიფათო მომენტებმაც იმატა. მატჩის 59-ე წუთზე საჩხერის ჩიხურას საჯარიმოში კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს არეულობა მოჰყვა, სიტუაციაში კი კარგად გაერკვა ნიკა მუშკუდიანი, რომელმაც ზუსტი დარტყმით ბურთი სტუმართა კარის ბადეში გაახვია - 1:0. სამ წუთში ვიტ ჯორჯიელებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს, გოჩა გაბიტაშვილის გადაცემის შემდეგ მოწინააღმდეგის კარი ჯაბა ლეშკაშელმა აიღო - 2:0. საფინალო რეზულტატი 80-ე წუთზე დაფიქსირდა, ნიკოლოზ ქსოვრელის წაქცევისათვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად ჯაბა ლეშკაშელმა აქცია - 3:0.
 
U19 ლიგა
ვიტ ჯორჯია 3:0 ჩიხურა
გოლები: 1:0 მუშკუდიანი (59’) 2:0 ლეშკაშელი (62’) 3:0 ლეშკაშელი (პენ. 80’)

ვიტ ჯორჯია: მეგენეიშვილი, ბერიძე, მუშკუდიანი, გაბიტაშვილი, მაისურაძე, ორდინიძე (დოლაშვილი 56’), მანჯგალაძე (ყურაშვილი 22’), მჭედლიძე, ქსოვრელი, ლეშკაშელი, ხულორდავა (ტყეშელაშვილი 67’)

ჩიხურა: მაჭარაშვილი, ქამუშაძე (ავანოვი 62’), ასანიძე, გოგოლაძე, ნადირაძე, დიდბერიძე, ხვედელიძე, კაპანაძე, კილაძე (გაფრინდაშვილი 81’), კუჭაშვილი (შუბითიძე 66’), სირაძე
 
გაფრთხილება: ყურაშვილი, ქსოვრელი, ლეშკაშელი - ქამუშაძე, კილაძე
 
უკან დაბრუნება