შევარდენი 1:3 ვიტ ჯორჯია [ფოტო + ვიდეო]

21 აპრილი 2018
ეროვნული ლიგა ორის მორიგი ტურის მატჩი გამართა ვიტ ჯორჯიამ. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდებმა გასვლით მატჩში შევარდენი 3:1 დაამარცხეს.

შეხვედრა ვიტ ჯორჯიელებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს. მეოთხე წუთზე შევარდენის მცველები საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს დაჯარიმდნენ, სტანდარტიდან კარისკენ პაატა ღუდუშაურმა დაარტყა და მცირედით ააცილა სამიზნეს. თამაშის 34-ე წუთზე ვეტერინართა მრავალცვლიანი კომბინაცია გოლით დასრულდა, დამასრულებელ ფაზაში ბექა კაკუშაძის გადაცემის შემდეგ გოლი პაატა ღუდუშაურმა გაიტანა - 1:0. ჩვენმა ფეხბურთელებმა სამ წუთში ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს. მასპინძელთა საჯარიმოში ბექა კაკუშაძემ ჩააწოდა, მაღალ ბურთზე თავით ირაკლი კამლაძემ ითამაშა, ზუსტად დაარტყა და გაიტანა - 2:0. პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ვიტ ჯორჯიელებმა ანგარიშში სხვაობა სოლიდური გახადეს, შოთა დავლაშელიძემ ზუსტი და გამოზომილი დარტყმით დალაშქრა მოწინააღმდეგე გუნდის კარი - 3:0.

მეორე ტაიმი ორივე გუნდმა 10 კაცით დაიწყო. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა, გიორგი ავაზაშვილმა, შესვენებისას ვიტ ჯორჯიელთაგან პაატა ღუდუშაური, შევარდენიდან კი გიორგი ნადირაძე გააძევა.

ჩვენი კარის მისამართით 47-ე წუთზე ზვიად ქანთარიამ დაარტყა და ააცილა. დაპირისპირების 66-ე წუთზე ვაჟა ნემსაძემ ახლო მანძილიდან ააცილა ჩვენს კარს. მასპინძლები საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს 70-ე წუთზე კიდევ ერთხელ დაჯარიმდნენ, სტანდარტიდან კარისკენ ნოდარ კიკნაველიძემ დაარტყა, თუმცა მას სიზუსემ უმტყუნა და სამიზნეს ააცილა. შეხვედრის 80-ე წუთზე მატჩის არბიტრმა მასპინძელთა სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით გოლი დავით ოდიკაძემ გაიტანა - 3:1. დაპირისპირების უკანასკნელ წუთზე მასპინძელთა კარის აღებას გიორგი ვაზაგაშვილი შეეცადა, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი გიორგი სომხიშვილმა კუთხურზე მოიგერია, სტანდარტს ხიფათი აღარ მოჰყოლია. შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით - 3:1 დასრულდა.

ამრიგად ვეტერინარებს 7 ჩატარებულ შეხვედრაში 15 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ.

შევარდენი 1:3 ვიტ ჯორჯია
გოლები: 0:1 ღუდუშაური (34’) 0:2 კამლაძე (37’) 0:3 დავლაშელიძე (40’) 1:3 ოდიკაძე (პენ. 80’)

შევარდენი: ნადირაძე, მთივლიშვილი (ოდიკაძე 46'), სატურინიო (ომანიძე 65'), პატარკაციშვილი, ნემსაძე, ნაბიევი (სომხიშვილი 46'), ქანთარია, გედენიძე, ჩიკვაიძე, ჯიქია, კილასონია
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი, კამლაძე, გეთიაშვილი, ღუდუშაური, კიკნაველიძე, ვასაძე (ვაზაგაშვილი 59'), ექვთიმიშვილი (ვეკუა 80'), ჩიტიშვილი, კაკუშაძე (მოსიაშვილი 61'), დავლაშელიძე
 
გაფრთხილება: ჩიკვაიძე, სატურინიო, ნემსაძე - ვასაძე, მოსიაშვილი, ჩიტიშვილი, მუხულიშვილი
 
გაძევება: ნადირაძე - ღუდუშაური
 

 
უკან დაბრუნება