ვიტ ჯორჯია Vs. სამგურალი [პრევიუ]

25 აპრილი 2018
ეროვნული ლიგა ორის მერვე ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია შინ გამართავს. ვეტერინარები მცხეთა პარკზე წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლებენ.
 
განვლილი მატჩები
ვიტ ჯორჯია - შვიდი ტურის შემდეგ კვლავ წაუგებელია და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. ამავდროულად ვეტერინარებს ლიგაში ყველაზე ცოტა - 2 ბურთი აქვთ გაშვებული და ამ მაჩვენებლითაც საუკეთესონი არიან. 7 ჩატარებული შეხვედრიდან 4 მოგება და 3 ფრე, ასეთია ჩვენი გუნდის მონაგარი. ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილი გუნდი უახლოეს მდევარ დინამო ბათუმს სამი ქულით ასწრებს.

სამგურალი - ათ გუნდიან ჩემპიონატში ბოლოს წინა ადგილზე იმყოფება. ჩვენს მომავალ მეტოქეს 7 ჩატარებული შეხვედრიდან 7 ქულა აქვს. 2 მოგება, 1 ფრე და 4 მარცხი. უკანასკნელ ტურში სამგურალი საკუთარ მოედანზე გათამაშების დებიუტანტ თელავთან - 1:2 დამარცხდა და ამით სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუარესა.
 
ურთიერთშეხვედრები
ვიტ ჯორჯიასა და სამგურალის დაპირისპირებას ოც წლიანი ისტორია გააჩნია. პირველი შეხვედრა ამ ორ გუნდს შორის 1998 წელს შედგა და მას შემდეგ თბილისელი და წყალტუბოელი მოთამაშეების გზები ჯამში 16 ოფიციალურ შეხვედრაში გადაიკვეთა. ვიტ ჯორჯიელებმა 11 შემთხვევაში მატჩი გამარჯვებით დაასრულეს, საყაიმო შედეგი დაფიქსირდა 1 შეხვედრაში, 4-ჯერ კი მოწინააღმდეგემ მიაღწია საწადელს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 27:15-ზე გახლავთ.
 
ბომბარდირები
ვიტ ჯორჯიელთა რიგებიდან 2-2 გოლი აქვთ გატანილი პაატა ღუდუშაურს და შოთა დავლაშელიძეს.
სამგურალში კი ერთპიროვნული ბომბარდირი გაბრიელ საღრიშვილია, რომელსაც 4 გატანილი გოლი დაუგროვდა.
 
26 აპრილი ვიტ ჯორჯიას ისტორიაში
ჩვენს გუნდს 26 აპრილს ორი ოფიციალური შეხვედრა აქვს გამართული. ვეტერინარებმა ორივე შემთხვევაში შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს.
2005 წელი უმაღლესი ლიგა ვიტ ჯორჯია 4:0 დილა
2014 წელი უმაღლესი ლიგა ზუგდიდი 2:3 ვიტ ჯორჯია
 
დისკვალიფიკაცია
ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ვიტ ჯორჯიელთა რიგებიდან პაატა ღუდუშაური და გიორგი ვასაძე დააკლდებიან. რაც შეეხება სამგურალს, მათ ამ მხრივ დანაკლისი არ აქვთ.
 
მსაჯები
ვიტ ჯორჯიასა და სამგურალს შორის გასამართ შეხვედრას გიორგი ვარდიძე განსჯის, რომელსაც ასისტენტობას დ. კურტანიძე და დ. ახვლედიანი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი თ. ხუბულური შეასრულებს.
ვიტ ჯორჯიელთა მონაწილეობით გიორგი ვარდიძემ უკანასკნელად გასულ წელს იმსაჯა. ეროვნული ლიგა ორის ბოლოსწინა ტურში ჩვენი გუნდი სტუმრად რუსთავთან ანგარიშით - 0:2 დამარცხდა.
სამგურალის მონაწილეობით გიორგი ვარდიძეს შეხვედრის განსჯა უკანასკნელად 2017 წლის 3 ნოემბერს მოუხდა. ეროვნულია ლიგა ორის XXXIII ტურის მატჩში წყალტუბოელებმა გაგრას უმასპინძლეს. დაპირისპირება ფრედ - 1:1 დასრულდა.
 
უკან დაბრუნება