ვიტ ჯორჯია 1:0 სამგურალი [ფოტო + ვიდეო]

26 აპრილი 2018
ეროვნული ლიგა ორის 2018 წლის გათამაშების მერვე ტურის მატჩი გამართა ვიტ ჯორჯიამ. ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მცხეთა პარკზე წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით - 1:0 დაამარცხა.

შეხვედრა ვიტ ჯორჯიელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა. პირველი რეალური სახიფათო მომენტი სწორედ ვეტერინარებმა შექმნეს. მეთვრამეტე წუთზე ცოტნე მოსიაშვილის გადაცემის შემდეგ სამგურალის კარის მისამართით ნოდარ კიკნაველიძემ დაარტყა და მცირედით ააცილა სამიზნეს. შეხვედრის 29-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა კუთხური გაითამაშეს, ბურთი ნოდარ კიკნაველიძეს მიუვიდა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაარტყა მეტოქის კარის მისამართით და მორიგი კუთხური გამოიმუშავა, ამჯერად სტანდარტს ხიფათი აღარ მოჰყოლია. თამაშის 31-ე წუთზე ცოტნე მოსიაშვილის გადაცემის შემდეგ წყალტუბოელთა კარის აღების კარგი შესაძლებლობა ჰქონდა შოთა დავლაშელიძეს, თუმცა მან ხეირიანი დარტყმის შესრულება ვერ მოახერხა. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში გიორგი გეთიაშვილმა კარიდან საკმაოდ წინ გამოსული სამგურალის კიპერი შენიშნა, საკუთარი ნახევრიდან დაარტყა და წყალტუბოელთა კარისდარაჯმა, ანდრე ნონოსმა, ბურთი გაჭირვებით კუთხურზე მოიგერია. დაპირისპირების 35-ე წუთზე ოთარ მუხულიშვილის გადაცემის შემდეგ სტუმართა კარს ამჯერად შალვა ექვთიმიშვილი დაემუქრა, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. თამაშის 36-ე წუთზე ცოტნე მოსიაშვილის გადაცემის შემდეგ ბექა კაკუშაძე მეტოქე გუნდის კიპერთან პირისპირ დარჩა, დაარტყა კიდეც, თუმცა ეპიზოდში ანდრე ნონოსი კარგად გაერკვა და ბურთი მოიგერია. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში სტუმართა კარის მისამართით პენალტი დაინიშნა, თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმის შესრულება საკუთარ თავზე გიორგი ვეკუამ აიღო - მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.  

დაპირისპირების 56-ე წუთზე ჩვენი კარის მისამართით დანიშნული საჯარიმო დარტყმა ნიკა შალამბერიძემ შეასრულა, კარისკენ გაშვებული ბურთი ცოცხალ კედელში მყოფ ვიტ ჯორჯიელს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. შეხვედრის 60-ე წუთზე სახიფათო ჯარიმის შესრულების უფლება ამჯერად ვეტერინარებმა მოიპოვეს. სტანდარტიდან კარისკენ ნოდარ კიკნაველიძემ დაარტყა და მცირედით ააცილა სამიზნეს. მანვე კიდევ ერთხელ ითავა საჯარიმოს დარტყმა 74-ე წუთზე და ამჯერადაც სიზუსტემ უმტყუნა ვიტ ჯორჯიელს. ანგარიში დაპირისპირების 80-ე წუთზე გაიხსნა. ირაკლი ზარიძის წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმიდან გიორგი ვაზაგაშვილის მიერ მეკარის ბაქანთან ჩაკიდებული ბურთი წყალტუბოელთა კარის ბადეში გიორგი გეთიაშვილმა გაახვია - 1:0. ჩვენი კარის მისამართით შორი მანძილიდან 88-ე წუთზე ივანე კილაძემ დაარტყა, ბურთს ჯონი შეროზია დაეუფლა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. ამრიგად ვიტ ჯორჯიას 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს.

ვიტ ჯორჯია 1:0 სამგურალი
გოლი:
გეთიაშვილი (80’)
გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: ვეკუა (მეკარე)

ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი (ვაზაგაშვილი 46’), კამლაძე, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი, ვეკუა (ჩიტიშვილი 62’), კიკნაველიძე, ექვთიმიშვილი (ზარიძე 74’), კაკუშაძე, დავლაშელიძე

სამგურალი: ნონოსი, კაკუშაძე, ნერგაძე, გოგიჩაიშვილი, ჩხეტიანი (ღონღაძე 76’), ბანძელაძე, გოგუაძე, შალამბერიძე, კილაძე, ხარაბაძე, საღრიშვილი (ლაღაძე 72’)

გაფრთხილება: დავლაშელიძე, მოსიაშვილი, კაკუშაძე - ხარაბაძე, ნერგაძე

 
უკან დაბრუნება