ნორჩი დინამო Vs. ვიტ ჯორჯია [პრევიუ]

29 აპრილი 2018
ეროვნული ლიგა ორის მეცხრე ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია სტუმრად გამართავს. ვეტერინარები თბილისში, შატილის სტადიონზე, ნორჩ დინამოს ეწვევიან.
 
განვლილი მატჩები
ვიტ ჯორჯია - რვა ტურის შემდეგ კვლავ ინარჩუნებს დაუმარცხებელი გუნდის სტატუსს და სატურნირო ცხრილსაც ერთპიროვნულად ლიდერობს. ვეტერინარებს ლიგაში ყველაზე ცოტა - 2 ბურთი აქვთ გაშვებული და ამ მაჩვენებლითაც საუკეთესონი არიან. 8 ჩატარებული შეხვედრიდან 5 მოგება და 3 ფრე, ასეთია ჩვენი გუნდის მონაგარი.
ნორჩი დინამო - მეოთხე-მეხუთე ადგილებს ბათუმის დინამოსთან ერთად იყოფს. ჩვენს მომავალ მეტოქეს 12 ქულა აქვს. 4 მოგება და 4 მარცხი.  უკანასკნელ ტურში ნორჩი დინამო სტუმრად გათამაშების დებიუტანტ თელავს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით - 2:1 დაამარცხა.
 
ურთიერთშეხვედრები
ვიტ ჯორჯია და ნორჩი დინამო შორეულ 1999 წელს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ორჯერ და მას შემდეგ ამ ორი გუნდის გზები ოფიციალურ თამაშებში აღარ გადაკვეთილა. ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ დადებითი ბალანსი მეტოქეს აქვს. ვეტერინარები ნორჩ დინამოსთან ერთხელ დამარცდნენ, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
 
ბომბარდირები
ვიტ ჯორჯიელთა რიგებიდან 2-2 გოლი აქვთ გატანილი გიორგი გეთიაშვილს, პაატა ღუდუშაურს და შოთა დავლაშელიძეს.
ნორჩი დინამოდან გუნდისა და ეროვნული ლიგა ორის ერთპიროვნული ბომბარდირი იაგო დეისაძეა, რომელსაც 6 გატანილი გოლი დაუგროვდა.
 
30 აპრილი ვიტ ჯორჯიას ისტორიაში
ჩვენს გუნდს 30 აპრილს ოთხი ოფიციალური შეხვედრა აქვს გამართული. ვეტერინარებმა ორ შემთხვევაში შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს, ორი მატჩში კი საყაიმო შედეგი დაფიქსირდა.
1999 წელი უმაღლესი ლიგა ვიტ ჯორჯია 1:0 მერანი 91
2005 წელი უმაღლესი ლიგა დინამო ბათ. 0:0 ვიტ ჯორჯია
2011 წელი უმაღლესი ლიგა ვიტ ჯორჯია 3:0 სიონი ბოლნისი
2017 წელი ეროვნული ლიგა 2 გურია 0:0 ვიტ ჯორჯია
 
დისკვალიფიკაცია
ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ვიტ ჯორჯიელთა რიგებიდან პაატა ღუდუშაური დააკლდება, რაც შეეხება ნორჩ დინამოს -  ამავე მიზეზით მეტოქე მამია ჟვანიას მოისაკლისებს.
 
მსაჯები
ვიტ ჯორჯიასა და ნორჩი დინამოს შორის გასამართ შეხვედრას არსენ ნონიკაშვილი განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და ზ. ბერულავა გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი მ. კიკორია შეასრულებს.
ვიტ ჯორჯიელთა მონაწილეობით არსენ ნონიკაშვილმა უკანასკნელად მიმდინარე ჩემპიონატის VI ტურში იმსაჯა. მცხეთა პარკზე ჩვენი გუნდი ქობულეთის შუქურას დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ -  0:0 დასრულდა.
ნორჩი დინამოს მონაწილეობით არსენ ნონიკაშვილს შეხვედრის განსჯა უკანასკნელად მიმდინარე გათამაშების მესამე ტურში მოუწია. გასვლით მატჩი ნორჩი დინამო ანგარიშით - 0:1 დამარცხდა წყალტუბოს სამგურალთან.
 
უკან დაბრუნება