ცხინვალი Vs. ვიტ ჯორჯია [პრევიუ]

03 მაისი 2018
საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია 2018 წლის ეროვნული ლიგა ორის მეათე ტურის შეხვედრას 4 მაისს საფეხბურთო კლუბ ცხინვალის წინააღმდეგ გამართავს.
 
პირველი წრე
ვიტ ჯორჯიამ პირველი წრის შემდეგ ცხრილში ლიდერის პოზიციას იკავებს. ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჩატარებული 9 თამაშიდან 5 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 1 კი წააგო. მოწინააღმდეგეთა კარში 8 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 მიიღო. ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად სწორედ ვიტ ჯორჯიელთა თავკაცი დასახელდა, ხოლო სიმბოლურ თერთმეტეულში ვიტ ჯორჯიელთაგან სამი მოთამაშე: ჯონი შეროზია, ირაკლი კამლაძე და ცოტნე მოსიაშვილი მოხვდა.
ცხინვალმა პირველი წრე დადებითი ბალანსით დაასრულა. 9 თამაშიდან გუნდმა 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 3 წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება კი გუნდს 11:11-ზე აქვს. ცხინვალელთაგან პირველი წრის საუკეთესო გუნდში გიორგი მაღალდაძე მოხვდა.
 
ურთიერთშეხვედრები
2018 წლის ეროვნული ლიგა ორის პირველ ტურში ვიტ ჯორჯიელთა და ცხინვალელთა დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით - 1:1 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან გატანილი გოლით პაატა ღუდუშაური გამოირჩა, მეტოქის რიგებიდან კი ანდრო ნემსაძე. დღემდე ვიტ ჯორჯია და ცხინვალი ერთმანეთს 37 ოფიციალურ მატჩში დაუპირისპირდნენ. აქედან ჩვენმა გუნდმა მოწინააღმდეგის დამარცხება 17 შემთხვევაში მოახერხა, 9 მატჩი ფრედ, 11 კი მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.
 
ბომბარდირები
ვიტ ჯორჯიას შემადგენლობაში ყველაზე მეტი - 2 გატანილი გოლი სამ მოთამაშეს აქვს. მოწინააღმდეგეთა კარი ორ-ორჯერ პაატა ღუდუშაურმა, შოთა დავლაშელიძემ და გიორგი გეთიაშვილმა დალაშქრეს.
ცხინვალში გუნდის ერთპიროვნული ბომბარდირი ზვიად მეტრეველია, მის ანგარიშზე 4 გატანილი გოლია. 3 გოლი აქვს გატანილი კობა შალამბერიძეს, 2 კი - ანდრო ნემსაძეს.
 
4 მაისი ვიტ ჯორჯიას ისტორიაში
ვეტერინარებს 4 მაისს სამი ოფიციალური შეხვედრა აქვთ გამართული, ჩვენმა გუნდმა აქედან მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიაღწია სასურველ შედეგს, 2 მატჩი კი მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.
2005 წელი საქართველოს თასი ვიტ ჯორჯია 1:2 ლოკომოტივი
2011 წელი საქართველოს თასი ვიტ ჯორჯია 2:4 გაგრა
2013 წელი უმაღლესი ლიგა მეტალურგი 0:2 ვიტ ჯორჯია
 

დისკვალიფიკაცია
ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ვიტ ჯორჯიელთა რიგებიდან ოთარ მუხულიშვილი გამოტოვებს. ამ მხრივ ცხინვალს დანაკლისი არ აქვს.

მსაჯები
ვიტ ჯორჯიასა და ცხინვალს შორის გასამართ შეხვედრას გიორგი ყრუაშვილი განსჯის, რომელსაც ასისტენტობას მ. კუპატაძე და კ. სადილიანი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი დ. ფიფია შეასრულებს.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ყრუაშვილმა უკანასკნელად გასული წლის 3 აგვისტოს იმსაჯა. ეროვნული ლიგა ორის XXI ტურის შეხვედრაში ვიტ ჯორჯია მცხეთა პარკზე გაგრას დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით - 3:2 დაამარცხა.
ცხინვალის მონაწილეობით გიორგი ყრუაშვილმა ბოლოს მიმდინარე სეზონში, ერვნული ლიგა ორის VI ტურში იმსაჯა. ცხინვალელებმა გასვლით მატჩში გაგრას - 2:0 სძლიეს.
 

 
 
უკან დაბრუნება