რეგიონული ლიგა: ვიტ ჯორჯია II 6:0 თორი ბორჯომი

03 მაისი 2018
ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა რეგიონული ლიგის გათამაშების მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. ვეტერინარებმა მცხეთა პარკზე ბორჯომის საფეხბურთო კლუბ თორს უმასპინძლეს და მეტოქე დიდი სხვაობით - 6:0 დაამარცხეს.

დღევანდელ შეხვედრაში პირველი კარში დარტყმა პირველივე წუთზე ვიხილეთ, სტუმართა რიგებიდან ჩვენი კარის მისამართით ბურთი გიორგი მეტრეველმა დაარტყა, თუმცა ვიტ ჯორჯიელთა კიპერი, ნიკა ქავთარაძე ბურთს ადგილზე დაუხვდა. მატჩის მეოთხე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა სახიფათო იერიში აწარმოეს, ლაშა ნიკოლეიშვილის გადაცემის შემდეგ ბორჯომელთა კარის მიმართულებით თორნიკე მუზაშვილმა დაარტყა, ბურთი მეკარემ მოიგერია. ვიტ ჯორჯიელებს გოლის გატანის ბრწყინვალე შესაძლელობა ჰქონდათ მეცამეტე წუთზე, სტუმართა საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ირაკლი ზარიძემ თავით სცადა მოწინაარმდეგის კარის აღება, თუმცა მისი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. დაპირისპირების მეჩვიდმეტე წუთზე თორის ფეხბურთელებმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს თამაშის წესები დაარღვიეს, სტანდარტიდან მეკარის ბაქანთან ბურთი თორნიკე მუზაშვილმა დაკიდა, ბორჯომელთა კარის აღებას თავური დარტყმით ვასილ ქისიევი შეეცადა, თუმცა ბურთი კიპერმა კუთხურზე მოიგერია, სტანდარტს კი ხიფათი აღარ მოჰყოლია. მატჩის 21-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა საწადელს მიაღწიეს და გოლი გაიტანეს. ირაკლი ზარიძის მიერ წამოწყებული შეტევა თორნიკე მუზაშვილის მიერ გატანილი გოლით დასრულდა, რომელსაც ასისტენტობა ოთარ მუხულიშვილმა გაუწია - 1:0. სტუმართა გუნდი გაშვებული გოლისგან შეხვედრის 37-ე წუთზე მეკარემ იხსნა, რომელმაც თავგანწირულ ნახტომში თორნიკე მუზაშვილის მიერ შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში ზურაბ მუსელიანის გადაცემის შემდეგ თორის კარის მისამართით ლაშა ნიკოლეიშვილმა დაარტყა და ააცილა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე ზურაბ მუსელიანის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი მოწინააღმდეგე გუნდის კიპერმა კუთხურზე მოიგერია. ვიტ ჯორჯიელების მიერ გათამაშებული სტანდარტი კი დაჩი ჩადუნელის ზუსტი დარტყმითა და გოლით დასრულდა - 2:0.
 
მეორე ტაიმის დებიუტში გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა თორნიკე მუზაშვილს, თუმცა მის მიერ 53-ე წუთზე დარტყმული ბურთი კარს მცირედით ასცდა. ორ წუთში ვიტ ჯორჯიელებმა სხვაობა სამამდე გაზარდეს, დაჩი ჩადუნელის გადაცემის შემდეგ გოლი ოთარ მუხულიშვილმა გაიტანა - 3:0. დაპირისპირების 61-ე წუთზე ვეტერინარბემა კიდევ ერთი საგოლე ეპიზოდი შექმნეს, ამჯერად გოლის გატანასთან ახლოს ზვიად ნაჭყებია იყო, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი კარს ასცდა. შეხვედრის 66-ე და 68-ე წუთზე ჩვენი კარის მისამართით გიორგი მეტრეველმა დაარტყა, ორივე შემთხვევაში ბურთს ვიტ ჯორჯიელთა კიპერი - ნიკა ქავთარაძე დაუხვდა. თამაშის 81-ე წუთზე ლევან მეტრეველის გადაცემის შემდეგ სტუმართა კარისკენ გიორგი გვასალიამ დაარტყა, მცირედით რიკოშეტის შემდეგ ბურთი ბორჯომელთა კარის ბადეში გაიხვა - 4:0. თორის მოთამაშეებმა საკუთარ საჯარიმოში გიორგი გვასალიას წინააღმდეგ იუხეშეს, არბიტრმა მატჩის 85-ე წუთზე პენალტი დანიშნა, თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით კი გოლი ზვიად ნაჭყებიამ გაიტანა - 5:0. საფინალო ანგარიში 88-ე წუთზე დაფიქსირდა, გიორგი ამაშუკელმა, რომელსაც თავადაც შეეძლო გოლის გატანა, ბურთი ზურაბ მუსელიანს დაუგორა, მას ისღა დარჩენოდა ბურთი მოწინამდეგის კარის ბადეში გაეხვია - 6:0.
 
ვიტ ჯორჯია II 6:0 თორი
გოლები: 1:0 მუზაშვილი (21’) 2:0 ჩადუნელი (45’) 3:0 მუხულიშვილი )55’) 4:0 გვასალია (81’) 5:0 ნაჭყებია (პენ. 85’) 6:0 მუსელიანი (88’)
 
ვიტ ჯორჯია II: ქავთარაძე, ამაშუკელი, სეხნიაშვილი, ქისიევი, ნიკოლეიშვილი, მუხულიშვილი (მეტრეველი 74’), მუზაშვილი (გვასალია 65’), თაგვაშვილი, ჩადუნელი, ზარიძე (ნაჭყებია 46’), მუსელიანი
 
თორი: ოქრომელიძე, ნოზაძე, ტალახაძე, მელიქიძე, შაყულაშვილი (ჯავახიძე 46’), შერგელაშვილი, ფირცხალავა (ღონღაძე 46’), თოდრაძე, ლაჭყეპიანი (ფერაძე 74’), მეტრეველი, ზაქრაძე

გაფრთხილება: მუსელიანი
 

 
უკან დაბრუნება