საქართველოს თასი: ვიტ ჯორჯია II 3:1 ბეთლემი ქედა

09 მაისი 2018
დღეს, მცხეთა პარკზე, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეორე ეტაპის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდებმა რანგით მაღალი ლიგის გუნდს უმასპინძლეს. ვეტერინარებმა ლიგა სამის ბინადარი, ქედის ბეთლემი დამაჯერებელი ანგარიშით - 3:1 დაამარცხეს.

თამაში ვიტ ჯორჯიელების სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო და ასეც წარიმართა. მეშვიდე წუთზე სტუმართა კარის აღებას ზურაბ მუსელიანი შეეცადა, კარისკენ წასული ბურთი მოწინააღმდეგე გუნდის მცველს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და მეკარეს ხელებში მიუვიდა. შეხვედრის მეათე წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა გიორგი ამაშუკელს, რომელმაც გიორგი ვეკუას მიერ სტანდარტიდან საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს თავი დაარტყა, თუმცა კარს მცირედით ააცილა. მატჩის მეჩვიდმეტე წუთზე ჩვენი კარის მისამართით გიორგი ქუთელიამ დაარტყა, ვიტ ჯორჯიელთა კიპერმა, ნიკა ქავთარაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. აღნიშნული ეპიზოდიდან წუთი არ იყო გასული, ჩვენს მეკარეს კიდევ ერთხელ მოუხდა თამაშში ჩართვა, მან ამჯერად ირაკლი სამნიძის მიერ დარტყმული ბურთი მოიგერია. დაპირისპირების 25-ე წუთზე ნიკა ქავთარაძემ კვლავ ირაკლი სამნიძის მიერ დარტყმული ბურთი მოიგერია. თამაშის 27-ე წუთზე ზურაბ მუსელიანმა დაარტყა სტუმართა კარისკენ და ააცილა. ხსენებული ეპიზოდიდან ორ წუთში ზურაბ მუსელიანის გადაცემის შემდეგ ბეთლემის კარის დალაშქვრას დაჩი ჩადუნელი შეეცადა, თუმცა მას სიზუსტემ უმტყუნა.

შეხვედრის 48-ე წუთზე ზურაბ მუსელიანს შეეძლო გოლის გატანა, თუმცა მის მიერ კარისკენ გაგზავნილი ბურთი მცველმა ჩაჭრა და ხიფათიც განიმუხტა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, 50-ე წუთზე ჩვენ კარში გოლი თენგიზ შავაძემ გაიტანა - 0:1. გაშვებული გოლის შემდეგ ვიტ ჯორჯიელებმა კიდევ უფრო გააძლიერეს მეტოქეზე ზეწოლა, რაც მალევე აისახა ანგარიშში. დაპირისპირების 62-ე წუთზე სტუმრებმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს თამაშის წესები დაარღვიეს, სტანდარტიდან მეკარის ბაქანთან გიორგი თაგვაშვილმა ჩააწოდა, მაღალ ბურთზე ზურაბ სეხნიაშვილმა თავით ითამაშა, ზუსტად დაარტყა და გაიტანა - 1:1. ძირითადი დროის დასრულებამდე ცხრა წუთით ადრე ზურაბ მუსელიანმა ჩვენი გუნდი ანგარიშში დააწინაურა - 2:1. აღნიშნული ეპიზოდიდან სამ წუთში კი იგი მეკარესთან პირისპირ გავიდა, ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო და დუბლი გაიფორმა - 3:1.
 
ვიტ ჯორჯია II 3:1 ბეთლემი
გოლები:
0:1 შავაძე (50’) 1:1 სეხნიაშვილი (62’) 2:1 მუსელიანი (81’) 3:1 მუსელიანი (84’)
 
ვიტ ჯორჯია II: ქავთარაძე, ამაშუკელიმ ნიკოლეიშვილი, ზარიძე, მეტრეველი, თაგვაშვილი, მუსელიანი, ვეკუა (ნაჭყებია 59'), სეხნიაშვილი, ქისიევი, ჩადუნელი (გვასალია 59')
 
ბეთლემი: დუმბაძე, კახიძე (შანთაძე 62'), აშბა, ქათამაძე, შანთაძე, სამნიძე, კახიანი, შავაძე, ქუთელია (სირაბიძე 83'), კანკია, ზოიძე
 
გაფრთხილება: გვასალია - ზოიძე, სამნიძე


 
უკან დაბრუნება