ვიტ ჯორჯია Vs. დინამო ბათუმი [პრევიუ]

10 მაისი 2018
ხვალ, ეროვნული ლიგა ორის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია საკუთარ მოედანზე გამართავს. ჩვენი გუნდი მცხეთა პარკზე ბათუმის საფეხბურთო კლუბ - დინამოს უმასპინძლებს. დაპირისპირება 17:00 საათზე დაიწყება.
 
განვლილი შეხვედრები
ვიტ ჯორჯია - განვლილი 10 ტურის შემდეგ კვლავ პირველია. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდებმა მეორე წრე ცხინვალთან - 1:0 გამარჯვებით დაიწყეს. ვეტერინარებს კვლავ ყველაზე ცოტა - 3 გაშვებული ბურთი აქვთ და ცხრილში ამ მხრივაც საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ.
 
ბათუმის დინამო - ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საკუთარ ქალაქს დაუბრუნდა. მეორე წრის პირველი ტურის შეხვედრა ზღვისპირელებმა მშობლიურ კედლებში ჩაატარეს და თელავს ანგარიშით - 1:0 სძლიეს. ამ მოგებით ბათუმელები ნორჩ დინამოს გაუთანაბრდნენ და ცხრილში მეორე-მესამე ადგილს თბილისურ კლუბთან იყოფენ.
 
მომავალი მეტოქე
ვიტ ჯორჯია - დინამო ბათუმის ურთიერთშეხვედრების ისტორია სათავეს 1999 წლიდან იღებს. დღემდე გამართული 37 ოფიციალური მატჩიდან ჩვენმა გუნდმა 20-ჯერ მოახერხა მოწინააღმდეგის დამარცხება. საყაიმო რეზულტატი დაფიქსირდა 13 შემთხვევაში. ბათუმელმა ფეხბურთელებმა მხოლოდ 4-ჯერ მოახერხეს შეხვედრის სასურველი შედეგით დასრულება. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ვეტერინართა სასარგებლოდ - 50:26 გახლავთ. უკანასკნელი მატჩი ვიტ ჯორჯიასა და დინამო ბათუმს შორის მიმდინარე გათამაშების მეორე ტურში შედგა. ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქე ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს. გამარჯვების მომტანი გოლი ცოტნე მოსიაშვილმა გაიტანა.
 
11 მაისი ვიტ ჯორჯიას ისტორიაში
ჩვენს გუნდს 11 მაისს ორი ოფიციალური შეხვედრა აქვს გამართული. 2003 წელს უმაღლესი ლიგის საჩემპიონო ჯგუფის მეშვიდე ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიასა და დინამო თბილისს შორის გატანილი გოლების გარეშე, ფრედ - 0:0 დასრულდა. 2008 წელს ვიტ ჯორჯიამ უმაღლესი ლიგის XXV ტურის მატჩში ზუგდიდის მგლებს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით - 2:1 დაამარცხა.

მსაჯები
ვიტ ჯორჯია - დინამო ბათუმის ხვალინდელ შეხვედრას ირაკლი კვირიკაშვილი განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ი. კაკაბაძე და ი. მაჩიტიძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ტ. რუხაია შეასრულებს.

ვიტ ჯორჯიას მონაწილეობით ირაკლი კვირიკაშვილმა უკანასკნელად მიმდინარე ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა იმსაჯა, სადაც ვეტერინარებმა სტუმრად თელავს ანგარიშით - 1:0 სძლიეს.

დინამო ბათუმის მონაწილეობით ირაკლი კვირიკაშვილმა უკანასკნელად 2017 წლის 22 ოქტომბერს იმსაჯა. ეროვნული ლიგა ერთის ოცდამეთერთმეტე ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე საჩხერის ჩიხურასთან - 1:2 დამარცხდა.
უკან დაბრუნება