მერანი 1:1 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

18 მაისი 2018
ეროვნული ლიგა ორის XII ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ სტუმრად გამართა. ჩვენი გუნდი მარტვილში, ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ - მერანს დაუპირისპირდა. მატჩი საყაიმო ანგარიშით - 1:1 დასრულდა.
 
კარის მიმართულებით პირველი დარტყმა მასპინძლებმა განახორციელეს. მეორე წუთზე ვანო კურდღელაშვილის მიერ შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი ვიტ ჯორჯიელთა კიპერმა, ჯონი შეროზიამ კუთხურზე მოიგერია. თამაშის მეხუთე წუთზე ჩვენი კარის მისამართით მსაჯმა სახიფათო საჯარიმო დარტყმა დანიშნა, სტანდარტიდან დათა სიჭინავამ დაარტყა - ჯონი შეროზია ბურთს ადგილზე დაუხვდა და ხელებში დააფიქსირა. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში ნიკოლოზ ხინთიბიძემ დაარტყა და ჩვენს კარს საკმაო მანძილით ააცილა. დაპირისპირების მეცხრე წუთზე მასპინძელთა კარის მიმართულებით შალვა ექვთიმიშვილმა დაარტყა, კარისკენ წასულ ბურთს მცველი გადაეღობა და კუთხურზე გადავიდა. სტანდარტიდან მარტვილელთა საჯარიმოში ნოდარ კიკნაველიძემ ჩააწოდა, მარტვილელთა კიპერმა, გოგი კულუამ ბურთი მუშტებით მოიგერია, რომელიც საბოლოოდ პაატა ღუდუშაურს მიუვიდა, ამ უკანასკნელის მიერ კარში დაარტყმული ბურთი კი სამიზნეს ასცდა. მეცამეტე წუთზე მერანის კარის მიმართულებით დანიშნული სახიფათო საჯარიმო დარტყმის შესრულება თავის თავზე ნოდარ კიკნაველიძემ აიღო, მის მიერ კარში გაშვებული ბურთი მასპინძელთა კიპერმა ნახტომში კუთხურზე მოიგერია. ანგარიში შეხვედრის 20-ე წუთზე გაიხსნა. ჩვენს საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი დავით ბოლქვაძემ დაარტყა და კარისკენ გაგზავნა, ბურთმა გზად რიკოშეტის შედეგად მიმართულება იცვალა და ვიტ ჯორჯიელთა კიპერმა, ჯონი შეროზიამ, თავგანწირული ნახტომის მიუხედავად, ვეღარ მოახერხა ბურთის მოგერიება - 0:1. გაშვებული გოლის შემდეგ ვეტერინარები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. მასპინძელთა ფეხბურთელებს ჩვენი შეტევების შეჩერება ხშირად ჯარიმის ხარჯზე უხდებოდათ. თამაშის 29-ე წუთზე მერანის კარის აღებას საჯარიმო დარტყმიდან ნოდარ კიკნაველიძე ეცადა, თუმცა მას სიზუსტემ უმტყუნა. ხსენებული ეპიზოდიდან ორ წუთში პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ მერანის კარისკენ გიორგი ვასაძემ დაარტყა და ააცილა. ვიტ ჯორჯიელთა კიპერი მატჩის 35-ე წუთზე კიდევ ერთხელ ჩაერთო საქმეში აქტიურად, მან ამჯერად დათა სიჭინავას მიერ დარტყმული ბურთი ნახტომში კუთხურზე მოიგერია. პირველი ტაიმის მიწირულს ვიტ ჯორჯიელებმა საკმაოდ სახიფათო იერიში აწარმოეს, პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ კარში თორნიკე მუზაშვილი ურტყამდა, თუმცა მას მცველმა დაუფარა და ხიფათიც განიმუხტა.
 
მეორე ნახევრის დებიუტში შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, გიორგი ვარდიძემ ჩვენს საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა. შეხვედრის 48-ე წუთზე დათა სიჭინავამ პენალტიდან დიდი მანძილით ააცილა კარს. დაპირისპირების55-ე წუთზე ნოდარ კიკნაველიძემ მარტვილეთა საჯარიმოში კუთხურიდან ჩააწოდა, თორნიკე მუზაშვილმა ბურთი ორთაბრძოლაში მოიპოვა, თანაგუნდელ პაატა ღუდუშაურს დასარტყმელად დაუგორა კიდეც, თუმცა ამ უკანასკნელმა ზუსტი დარტყმის შესრულება ვერ მოახერხა და სამიზნეს ააცილა. თამაშის 60-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით ვანო კურდღელაშვილმა დაარტყა, ჯონი შეროზია ბურთს ადგილზე დახვდა. შეხვედრის 68-ე წუთზე გოლის გატანას შორეული დარტყმით პაატა ღუდუშაური შეეცადა, თუმცა მისი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. ანგარიში დაპირისპირების 71-ე წუთზე გათანაბრდა, ზუსტი და ძლიერი დარტყმით წონასწორობა გიორგი ვეკუამ აღადგინა - 1:1. ჩვენს ფეხბურთელებს ანგარიშში წინ გასვლის ბრწყინვალე შანსი 77-ე წუთზე მიეცათ, პაატა ღუდუშაურმა ცრუმოძრაობით რამდენიმე მეურვე ჩამოიტოვა, კარში დაარტყა კიდეც, თუმცა მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია, სტანდარტიდან ნოდარ კიკნაველიძის მიერ საჯარიმოში ჩამოწოდებულ ბურთს კი თავი ირაკლი კამლაძემ დაარტყა და მცირედით ააცილა კარს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პაატა ღუდუშაურმა მასპინძელთა კარის მისამართით ორჯერ დაარტყა, პირველ შემთხვევაში მერანი გაშვებული გოლისგან ძელმა იხსნა, მეორე შემთხვევაში კი ვიტ ჯორჯიელთა შემტევის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. საბოლოოდ ფრე - 1:1 და ვეტერინარები კვლავ ცხრილის ერთპიროვნული ლიდერები არიან.

მერანი 1:1 ვიტ ჯორჯია
გოლები:
1:0 ბოლქვაძე (20') 1:1 ვეკუა (71')
გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: სიჭინავა (ააცილა)
 
მერანი: კულუა, ციმაკურიძე, გეგია, სიჭინავა (ბურჯანაძე 66'), ხინთიბიძე (თოლორდავა 81'), კურდღელაშვილი, მგელაძე, ლომაშვილი, კლიმიაშვილი (ფაცაცია 87'), მელიავა, ბოლქვაძე
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი (მუზაშვილი 27'), კამლაძე, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, ღუდუშაური, კიკნაველიძე (საჯაია 81'), ვასაძე, ექვთიმიშვილი (ვეკუა 61'), კაკუშაძე, დავლაშელიძე
 
გაფრთხილება: ლომაშვილი - მუხულიშვილი, ჩაკვეტაძე
 
უკან დაბრუნება