რეგიონული ლიგა: ვიტ ჯორჯია II 5:0 ივერია ხაშური

22 მაისი 2018
რეგიონული ლიგის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდებმა მცხეთა პარკზე ხაშურის ივერიას უმასპინძლეს და მეტოქე დიდი სხვაობით - 5:0 დაამარცხეს.

მატჩი ვიტ ჯორჯიელთა სრული უპირატესობით წარიმართა. პირველი სახიფათო იერიში ჩვენმა ფეხბურთელებმა მეათე წუთზე აწარმოეს. გიორგი გვასალიამ ბურთი შეტევაში ჩართულ გიორგი თაგვაშვილს გადააწოდა, მან კი გადაცემა საჯარიმოში მყოფი ირაკლი ზარიძის მისამართით გააკეთა, ამ უკანასკნელის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი სტუმართა კიპერმა კუთხურზე მოიგერია. გათამაშებული სტანდარტიდან კი თავით კარის მიმართულებით ზურაბ სეხნიაშვილმა დაარტყა და რომ არა ხარიხა - გოლი გარდაუვალი იყო. შეხვედრის 24-ე წუთზე გიორგი ვაზგაშვილმა შორი დისტანციიდან დაარტყა და ხაშურელთა კარს ააცილა. ანგარიში აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში გაიხსნა, გოლი გიორგი გვასალიამ გაიტანა, რომელსაც ასისტენტობა ზვიად ნაჭყებიამ გაუწია - 1:0. ანგარიშში სხვაობა ორამდე გაიზარდა დაპირისპირების 39-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა ჯაბა ლეშკაშელმა სადებიუტო მატჩში პირველი გოლი გიორგი გვასალიას გადაცემის შემდეგ გაიტანა - 2:0.

თამაშის 47-ე წუთზე ლაშა ნიკოლეიშვილმა ბურთი ხაშურელთა საჯარიმოში ჩააწოდა, თავით სტუმართა კარის მიმართულებით ჯაბა ლეშკაშელმა დაარტყა და ააცილა. შეხვედრის 50-ე წუთზე ჩვენი კარის მისამართით პირველი და უკანასკნელი დარტყმა განახორციელეს სტუმრებმა. საბა ზაზიკაშვილის მიერ შორი მანძილიდან გასროლი ბურთი ჩვენს კარს საკმაო მანძილით ასცდა. დაპირისპირების 51-ე წუთზე გიორგი გვასალიას გადაცემის შემდეგ გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა გიორგი თაგვაშვილს, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. მატჩის 56-ე წუთზე ჯაბა ლეშკაშელმა ანგარიშში სხვაობა სამამდე გაზარდა, მას ასისტენტობა ამჯერადაც გიორგი გვასალიამ გაუწია - 3:0. დაპირისპირების 65-ე წუთზე აკრობატულ ნახტომში მორიგი გოლის გატანას შეეცადა ჯაბა ლეშკაშელი, თუმცა მის მიერ კარის მიმართულებით გაგზავნილი ბურთი მცირედით ასცდა სამიზნეს. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში ვასილ ქისიევს შეეძლო მოწინააღმდეგის კარის აღება, თუმცა მის მიერ შესრულებული თავური დარტყმა არაზუსტი გამოდგა. თამაშის 71-ე წუთზე ჯაბა ლეშკაშელმა კიდევ ერთხელ დაარტყა ხაშურელთა კარის მისამართით, თუმცა ააცილა. ვიტ ჯორჯიელებმა 74-ე წუთზე მოწინააღმდეგის კარი კიდევ ერთხელ აიღეს, გიორგი გვასალიას გადაცემის შემდეგ გოლი ლევან მეტრეველმა გაიტანა - 4:0. მატჩის საფინალო ანგარიში 84-ე წუთზე დაფიქსირდა. ლაშა ნიკოლეიშვილის გადაცემის შემდეგ გოლი ჯაბა ლეშკაშელმა გაიტანა - 3:0.
 
ვიტ ჯორჯია II 5:0 ივერია
გოლები:
1:0 გვასალია (25’) 2:0 ლეშკაშელი (39’) 3:0 ლეშკაშელი (56’) 4:0 მეტრეველი (74’) 5:0 ლეშკაშელი (84’)
 
ვიტ ჯორჯია II: ისერგიშვილი, საჯაია (მეტრეველი 46’), სეხნიაშვილი, ამაშუკელი, ნიკოლეიშვილი, ქისიევი, ვაზაგაშვილი, თაგვაშვილი, ნაჭყებია, გვასალია (შეროზია 80’), ზარიძე (ლეშკაშელი 28’)
 
ივერია: დერევიაჩენკო, ბარბაქაძე, გიორგი ხაჩიძე, ლაცაბიძე, ზაზიკაშვილი, ლაშა ხაჩიძე, კობალაძე, მანჩხაშვილი, ჩუტკერაშვილი, ნანეტაშვილი, ბერიძე

 
უკან დაბრუნება