ვიტ ჯორჯია 2:4 თელავი [ფოტო+ვიდეო]

25 მაისი 2018
ვიტ ჯორჯიამ ეროვნული ლიგა ორის მორიგი ტურის შეხვედრა საკუთარ მოედანზე გამართა. ვეტერინარებმა მცხეთა პარკზე თელავს უმასპინძლეს და მეტოქესთან ანგარიშით - 2:4 დამარცხდნენ.
 
დაპირისპირების მეათე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე ილია ბერიაშვილმა ითამაშა, ჩვენი კარის მისამართით დაარტყა და ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში სტუმართა კარის სიახლოვეს დანიშნული საჯარიმო დარტყმიდან გოლის გატანა პაატა ღუდუშაურმა სცადა, თუმცა ბურთს მეკარე დაეუფლა. თამაშის მეთხუთმეტე წუთზე ჩვენი კარისკენ სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, სტანდარტიდან ბურთი კარისკენ ვასილ გოგოლიძემ დაარტყა, ჯონი შეროზიამ ნახტომში მოიგერია ბურთი და ეპიზოდიც განიმუხტა. მეთექვსმეტე წუთზე გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა ჰქონდა თორნიკე მუზაშვილს, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. ანგარიში მეჩვიდმეტე წუთზე ჩვენმა ფეხბურთელებმა გახსნეს, ნოდარ კიკნაველიძის გადაცემის შემდეგ გოლი პაატა ღუდუშაურმა გაიტანა - 1:0. დაპირისპირების 39-ე წუთზე ვეტერინარებს სხვაობის ორამდე გაზრდის შესანიშნავი შანსი მიეცათ, პაატა ღუდუშაურმა ბურთი შოთა დავლაშელიძეს გადააწოდა, რომელმაც თანაგუნდელ ცოტნე მოსიაშვილს დაუტოვა, ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული დარტყმა კი უშედეგო გამოდგა და კარს საკმაო მანძილით ასცდა. ჩვენი გუნდის კიპერი, ჯონი შეროზია, 43-ე წუთზე თამაშში აქტიურად კიდევ ერთხელ ჩაერთო. მან ამჯერად ანხელ გონსალესის მიერ დარტყმული ბურთი მოიგერია. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, შორი მანძილიდან გოლი გივი იოსელიანმა გაიტანა - 1:1.
 
თამაშის 56-ე წუთზე ნოდარ კიკნაველიძის გადაცემის შემდეგ თელაველთა კარში პაატა ღუდუშაურმა დაარტყა, თუმცა სტუმართა კიპერმა ბურთის მოგერიება შესძლო. შეხვედრის 60-ე წუთზე თელაველმა ფეხბურთელებმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს თამაშის წესები დაარღვიეს. სტანდარტიდან კარში ნოდარ კიკნაველიძემ დაარტყა, ბურთი ცოცხალ კედელში მყოფ ფეხბურთელს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. კუთხურიდან საჯარიმოში კვლავ ნოდარ კიკნაველიძემ ჩამოაწოდა, დასწრებაზე კარგად ითამაშა ალეკო ჩაკვეტაძემ, თავით დაარტყა და გაიტანა - 2:1. სტუმრებმა ოთხ წუთში ანგარიში დღევანდელ თამაშში კიდევ ერთხელ გაათანაბრეს, თავური დარტყმით გოლი გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა - 2:2. დაპირისპირების 67-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილმა შორიდან ზუსტად დაარტყა და სტუმრები დაწინაურდნენ - 2:3. შეხვედრის 75-ე წუთზე სტუმართა გუნდი გაშვებული გოლისგან მირიან ჯიქიამ გადაარჩინა, მან გიორგი ვასაძის მიერ დარტყმული ბურთი თავით კარის ხაზიდან გამოიტანა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ჩვენი კარის მიმართულებით ვასილ გოგოლიძემ დაარტყა და ააცილა. დაპირისპირების 78-ე წუთზე ნოდარ კიკნაველიძემ ჯარიმიდან პირდაპირ თელაველთა კარში დაარტყა, სტუმართა კიპერმა ბურთი მუშტებით მოიგერია და ვიტ ჯორჯიელთა შეტევა გაგრძელდა, დამასრულებელ ფაზაში გიორგი გვასალიამ სცადა მოწინააღმდეგის კარის აღება, თუმცა მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა. მატჩის 81-ე წუთზე თელაველთა კიპერმა კიდევ ერთხელ გადაარჩინა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან, ნოდარ კიკნაველიძის ჩაწოდების შემდეგ საკუთარ კარში ბურთს ნიკოლოზ ნოზაძე ჭრიდა, თუმცა მეკარემ მისი შეცდომა გამოასწორა.  თამაშის 85-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით ირაკლი რუხაძემ დაარტყა, ჯონი შეროზიამ ბურთის მოგერიება მოახერხა, დამატებაზე კი გიორგი ხარებაშვილმა დიდი მანძილით ააცილა. საფინალო ანგარიში შეხვედრის უკანასკნელ წუთზე დაფიქსირდა, სტუმართა რიგებიდან გატანილი გოლი ირაკლი რუხაძემ საკუთარ აქტივში ჩაიწერა - 2:4.
 
ვიტ ჯორჯია 2:4 თელავი
გოლები: 1:0 ღუდუშაური (17') 1:1 იოსელიანი (45') 2:1 ჩაკვეტაძე (61') 2:2 ხარებაშვილი (65') 2:3 ხარებაშვილი (67') 2:4 რუხაძე (90')

ვიტ ჯორჯია: შეროზია, კამლაძე, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი (გვასალია 71'), ღუდუშაური, მუზაშვილი (კაკუშაძე 67'), ვეკუა, კიკნაველიძე, ვასაძე, დავლაშელიძე (საჯაია 60')
 
თელავი: სანიკიძე, თოლორდავა, მარაქველიძე (რუხაძე 63'), ბერიაშვილი, მიხეილ ბაშალეიშვილი (ნოზაძე 62'), იოსელიანი, ჯიქია, ლენა, გოგოლიძე, ანხელ გონსალესი, ხარებაშვილი (ნიკოლოზ ბაშალეიშვილი 87')
 
გაფრთხილება: ღუდუშაური - ლენა
 
უკან დაბრუნება