საკონტროლო მატჩი: დილა 1:0 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

01 ივნისი 2018
დღეს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ვიტ ჯორჯიამ საკონტროლო შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი საფეხბურთო კლუბ დილას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა.

თავშივე უნდა ითქვას, რომ შედეგი მატჩის სრულ სურათს არ ასახავს. ვეტერინარებს დღევანდელ მატჩში არაერთხელ შეეძლოთ მოწინააღმდეგის კარის აღება.

თამაშის საწყისი წუთები გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი სახიფათო დარტყმა კი ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდება შეასრულეს. დაპირისპირების მეთხუთმეტე წუთზე მასპინძელთა კარის აღებას ბექა კაკუშაძე შეეცადა, თუმცა ბურთი მეკარემ კუთხურზე მოიგერია. გორელებმა ანგარიში მეჩვიდმეტე წუთზე გახსნეს, გოლი გურამ სამუშიამ გაიტანა - 0:1. ვიტ ჯორჯიელები გაშვებული გოლის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდნენ და მეტოქის კართან სახიფათო მომენტებიც მრავლად შეიქმნა. თამაშის 20-ე წუთზე ნოდარ კიკნაველიძემ კუთხურიდან მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩააწოდა, კარის მიმართულებით ბურთს ალეკო ჩაკვეტაძე გზავნიდა, თუმცა მისი თავური მცირედით ასცდა. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში ვიტ ჯორჯიელებმა მორიგი სტანდარტი გაითამაშეს, საჯარიმოში ამჯერად დათო საჯაიამ ჩააწოდა, ბურთზე რევაზ ჩიტიშვილმა ითამაშა, თავით დაარტყა კიდეც, თუმცა ააცილა. შეხვედრის 23-ე წუთზე მასპინძელთა კიპერმა, გიორგი ბეგაშვილმა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან ზედიზედ ორჯერ გადაარჩინა, მან ჯერ ბექა კაკუშაძის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია, შემდეგ კი გიორგი ვეკუას დამატებაზე აუღო. ვეტერინარებმა 25-ე წუთზე კიდევ ერთი კუთხური მოაწოდეს, სტანდრტიდან კვლავ ნოდარ კიკნაველიძემ ჩააწოდა, მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩასულმა გიორგი გეთიაშვილმა დილას კარის მისამართით თავით დაარტყა და ააცილა. მასპინძელთა კარს 27-ე წუთზე პაატა ღუდუშაური დაემუქრა, მან ცრუმოძრაობით მეურვე ჩამოიტოვა, კარში დაარტყა კიდეც, თუმცა მახვილი კუთხიდან სამიზნეს ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან სამ წუთში პაატა ღუდუშაურმა კიდევ ერთხელ სცადა ანგარიშის გათანაბრება, კარისკენ დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთმა რიკოშეტის შედეგად მიმართულება იცვალა და კუთხურზე გადავიდა. პაატა ღუდუშაურმა დილას კარისკენ კიდევ ერთხელ დაარტყა 38-ე წუთზე, რიკოშეტის შემდეგ ბურთს მასპინძელთა მეკარე დაეუფლა. თამაშის 41-ე წუთზე საშუალო დისტანციიდან გიორგი ვეკუამ დაარტყა და მცირედით ააცილა გორელთა კარს. პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე, პაატა ღუდუშაურმა შესანიშნავი სოლორეიდი განახორციელა, მეტოქის საჯარიმოში შევიდა, კარში დაარტყა და მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მეორე ნახევრის დებიუტში, 47-ე წუთზე, ჩვენი კარის მისამართით იმედა აშორტიამ დაარტყა და ააცილა. დაპირისპირების 57-ე წუთზე შოთა დავლაშელიძემ დაარტყა დილას კარის მიმართულებით და საკმაო მანძილით ააცილა სამიზნეს. თამაშის 64-ე წუთზე შორი მანძილიდან გიორგი ვაზაგაშვილმა დაარტყა, კარისკენ მიმავალმა ბურთმა რიკოშეტის შედეგად მიმართულება იცვალა და მასპინძელთა კიპერმა გაჭირვებით, თუმცა უხერხულად მოიგერია და ბურთი კვლავ ვიტ ჯორჯიელებს დარჩათ, საბოლოოდ კი ახლო მანძილიდან ნოდარ კიკნაველიძის მიერ შესრულებული დარტყმა არაზუსტი გამოდგა და ხიფათიც განიმუხტა. შეხვედრის 66-ე წუთზე გიორგი ვაზაგაშვილმა კუთურიდან პირდაპირ საჯარიმოში ჩააწოდა, თავით შოთა დავლაშელიძემ დაარტყა და კარს ააცილა. გოლის გატანის ბრწყინვალე შესაძლებლობა ვიტ ჯორჯიელებს 73-ე წუთზე მიეცათ, გიორგი გვასალიას გადაცემის შემდეგ მასპინძელთა კარში ზურაბ მუსელიანმა დაარტყა, მეკარემ ბურთი ნახტომში მოიგერია. მატჩის 76-ე წუთზე დათო საჯაიამ დილას საჯარიმოში ჩააწოდა, ბურთზე გიორგი გვასალიამ ითამაშა, დაარტყა კარისკენ და ააცილა. სპარინგის მიწურულს, 89-ე წუთზე გორელთა საჯარიმოში კვლავ დათო საჯაიამ ჩააწოდა, ბურთს თავი ამჯერად ზურაბ მუსელიანმა დაარტყა, კარისკენ გაგზავნა კიდეც, თუმცა ამ უკანასკნელს სიზუსტემ უმტყუნა.
 
დილა 1:0 ვიტ ჯორჯია
გოლი:
სამუშია (17’)
 
დილა: ბეგაშვილი, მამულაშვილი, გოგიაშვილი, მატვიენკო, ნონდი, ლამპტეი, რაჟამაშვილი, სამუშია, აშორტია, ფანცულაია, კორიფაძე
შეცვლაზე შევიდნენ: კვახაძე, რაზმაძე, ქავთარაძე, ნონიკაშვილი, ჩადუნელი, კოვტალიუკი, ისმაილი, ცეცხლაძე, სედორენკო

ვიტ ჯორჯია: შეროზია, კიკნაველიძე (მეტრეველი 65’), ჩაკვეტაძე (სეხნიაშვილი 57’), ჩიტიშვილი, გეთიაშვილი (კამლაძე 57’), საჯაია, ექვთიმიშვილი (დავლაშელიძე 46’), ვეკუა (მოსიაშვილი 46’), ვასაძე (ვაზაგაშვილი 46’), ღუდუშაური (გვასალია 46’), კაკუშაძე (მუსელიანი 55’)
 
გაფრთხილება: მამულაშვილი, ნონდი, რაზმაძე, მატვიენკო - კამლაძე
გაძევება: რაზმაძე
უკან დაბრუნება