რეგიონული ლიგა: ვიტ ჯორჯია II 2:1 ლიახვი ცხინვალი

07 ივნისი 2018
რეგიონული ლიგის გათამაშების მორიგი ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდებმა მცხეთა პარკზე ცხინვალის ლიახვს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით - 2:1 დაამარცხეს.
 
თამაშის მესამე წუთზე თორნიკე მუზაშვილის გადაცემის შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდის კარის მისამართით გიორგი ვაზაგაშვილმა დაარტყა და მცირედით ააცილა, ბურთი კარის ბადეს გარედან შეეხო. დაპირისპირების 21-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიამ შესანიშნავი სოლო-რეიდი განახორციელა, ლიახვის საჯარიმოში შეიჭრა, კარში დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთი საბოლოოდ კუთხურზე გადავიდა. თამაშის 23-ე წუთზე ცხინვალელმა ფეხბურთელებმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს თამაშის წესები დაარღვიეს, სტანდარტიდან მეკარის ბაქანთან ბურთი გიორგი ვაზაგაშვილმა ჩააწოდა, სადაც დასწრებაზე კარგად ითამაშა ირაკლი ზარიძემ, თავით დაარტყა კიდეც კარისკენ, თუმცა არაზუსტად. ანგარიში შეხვედრის 25-ე წუთზე გაიხსნა, გოლი ჩვენი გუნდის კარში ირაკლი კვანტალიანმა გაიტანა - 0:1. ვეტერინარებმა ანგარიშში წონასწორობა 36-ე წუთზე აღადგინეს. გიორგი ვაზაგაშვილის მიერ სტანდარტიდან ცხინვალელთა საჯარიმოში დაკიდებული ბურთი ლიახვის კარში ირაკლი ზარიძემ გადაგზავნა - 1:1. პირველი ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით თავით გიორგი მუზაშვილმა დაარტყა, ბურთი მამია ტაბეშაძემ კუთხურზე მოიგერია.
 
მეორე ტაიმის დებიუტში, 48-ე წუთზე სტუმართა კარის მიმართულებით ზურაბ მუსელიანმა დაარტყა, ბურთი მეკარემ ხელებში დააფიქსირა. შეხვედრის 52-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით ახლო მანძილიდან ნიკოლოზ ქარელმა დაარტყა და ააცილა. დაპირისპირების 61-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიას მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ კუთხურზე მოიგერია. სტანდარტიდან ცხინვალელთა საჯარიმოში გიორგი ვაზაგაშვილმა ჩააწოდა, ლიახვის კარში თავით თორნიკე მუზაშვილმა დაარტყა და რომ არა მცველი, რომელმაც ბურთი ფაქტობრივად კარის ხაზიდან გამოიტანა, გოლი გარდაუვალი იყო. შეხვედრის 63-ე წუთზე თორნიკე მუზაშვილის წინააღმდეგ სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა იუხეშა, მატჩის მთავარმა არბიტრმა, გიორგი ვარდიძემ მყისვე პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად გიორგი ვაზაგაშვილმა აქცია - 2:1. ჩვენი კარის მიმართულებით 72-ე წუთზე საჯარიმო დარტყმიდან ბესიკ რომელაშვილმა გაისროლა და საკმაო მანძილით ააცილა. სტუმრებმა ჯარიმიდან კიდევ ერთხელ 80-ე წუთზე დაარტყეს, ირაკლი გვეტაძის მიერ გასროლილი ბურთი მამია ტაბეშაძემ მოიგერია და კუთხურზე გადავიდა. თამაშის 83-ე წუთზე ზურაბ მუსელიანის გადაცემის შემდეგ ლიახვის კარის მიმართულებით დაჩი ჩადუნელმა დაარტყა და მცირედით ააცილა სამიზნეს. დაჩი ჩადუნელმა 87-ე წუთზე კიდევ ერთხელ დაარტყა სტუმართა კარისკენ, ამჯერად ბურთს ლიახვის კიპერი დაუეფლა. შეხვედრის 89-ე წუთზე ნიკოლოზ ქარელის მიერ თავით დარტყმული ბურთი ჩვენს კარს ასცდა.
 
ვიტ ჯორჯია II 2:1 ლიახვი ცხინვალი
გოლები:
0:1 კვანტალიანი (25’) 1:1 ზარიძე (36’) 2:1 ვაზაგაშვილი (პენ. 64’)
 
ვიტ ჯორჯია II: ტაბეშაძე, ამაშუკელი, სეხნიაშვილი, ქისიევი, ნაჭყებია, მეტრეველი, თაგვაშვილი (ჩადუნელი 73’), ვაზაგაშვილი, ზარიძე, მუსელიანი, მუზაშვილი (ლეშკაშელი 90’)
 
ლიახვი ცხინვალი: თაბორიძე, ტიტვინიძე, გაგნიძე, გვეტაძე, ლომიძე, ცარიელაშვილი, კვანტალიანი, ჭეჭელაშვილი (რომელაშვილი 66’), ქარელი, მღებრიშვილი, მუზაშვილი (ჩხიკვაძე 53’)
 
გაფრთხილება: ამაშუკელი, ზარიძე - ლომიძე
გაძევება: თაბორიძე
უკან დაბრუნება