გაგრა 1:2 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

08 ივნისი 2018
ეროვნული ლიგა ორის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. ჩვენი გუნდი სტუმრად გაგრას დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით - 2:1 დაამარცხა.
 
ჩვენს ფეხბურთელებს საწყის წუთებში რამდენჯერმე მიეცათ მეტოქის კარის აღების შესაძლებლობა, თუმცა დამასრულებელ ფაზაში სიზუსტე აკლდებოდათ. მასპინძლებმა კი თავის მხრივ ჩვენი კარის მისამართით პირველი სახიფათო დარტყმა მეთორმეტე წუთზე განახორციელეს, ჩვენი კარის მისამართით თორნიკე გაფრინდაშვილმა დაარტყა, ეპიზოდს კუთხური მოჰყვა, სტანდარტიდან კი ხიფათი აღარ შექმნილა. თამაშის მეთხუთმეტე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა კუთხური გაითამაშეს, დამასრულებელ ფაზაში გაგრელთა კარისკენ შალვა ექვთიმიშვილმა დაარტყა და ააცილა. დაპირისპირების მეცხრამეტე წუთზე ჯონი შეროზია თამაშში აქტიურად ჩაერთო, მან ანდრო სოფრომაძის მიერ თავით დარტყმული ბურთი ხელებში დააფიქსირა. ჩვენი გუნდის კიპერს თამაშში ჩართვა კიდევ ერთხელ 25-ე წუთზე მოუხდა, მან ამჯერად გიგა სამხარაძის მიერ დარტყმული ბურთი დაიმორჩილა. დაპირისპირების 28-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა კაპიტანმა ნახტომში რატი ცაცკრიალაშვილის მიერ დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია. ანგარიში 41-ე წუთზე გაიხსნა, ნოდარ კიკნაველიძემ გაგრელთა საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა შეასრულა, ბურთზე სათამაშოდ ბექა კაკუშაძე წავიდა, საბოლოოდ კი მასპინძელთა უკრაინელმა მცველმა, ევჰენი ზახარჩენკომ ავტოგოლი მიითვალა - 1:0. ორ წუთში ჩვენს ფეხბურთელებს ანგარიშში სხვაობის გაზრდის ბრწყინვალე შესაძლელობა მიეცათ, დათო საჯაიას ჩაწოდებულ ბურთს ჯერ ბექა კაკუშაძე გზავნიდა მოწინააღმდეგის კარში და ხარიხას მოხვდა, შემდეგ კი დამატებაზე გიორგი ვასაძემ ფაქტობრივად ცარიელ კარში ვერ მოახერხა თავით ბურთის გატანა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე კი ვეტერინარებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარეს, გაგრელთა კარში გიორგი გეთიაშვილის გადაცემის შემდეგ გოლი პაატა ღუდუშაურმა გაიტანა - 2:0.
 
შეხვედრის 51-ე წუთზე ჩვენი კარის მისამართით დანიშნული სტანდარტიდან კარისკენ ბურთი გიგა სამხარაძემ დაარტყა და ააცილა. პაატა ღუდუშაურმა გაგრელთა კარის აღება კიდევ ერთხელ 59-ე წუთზე სცადა, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი სამიზნეს ასცდა. დაპირისპირების 61-ე წუთზე ჩვენი კარის მისამართით შორი დისტანციიდან ლევან პაპავამ დაარტყა, თუმცა არაზუსტად. შეხვედრის 65-ე წუთზე ჯონი შეროზიამ კიდევ ერთი სეივი შემოგვთავაზა, მან ამჯერად თორნიკე გაფრინდაშვილის მიერ დარტყმული ბურთი მოიგერია. შეხვედრის 69-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს, შორი მანძილიდან ზუსტი დარტყმით გოლი რატი ცაცკრიალაშვილმა გაიტანა - 2:1. მატჩის უკანასკნელ წუთზე მასპინძელთა კიპერთან ფაქტობრივად პირისპირ დარჩენილმა ცოტნე მოსიაშვილმა ხეირიანი დარტყმის შესრულება ვერ მოახერხა.
 
გაგრა 1:2 ვიტ ჯორჯია
გოლები: 0:1 ზახარჩენკო (ავტოგოლი 41’) 0:2 ღუდუშაური (45’) 1:2 ცაცკრიალაშვილი (65’)
 
გაგრა: ისიანი, ხოსიტაშვილი, ზახარჩენკო (სპანდერაშვილი 74'), სამხარაძე, გაფრინდაშვილი, ცაცკრიალაშვილი, პაპავა, სოფრომაძე (ლომსაძე 56'), გოგატიშვილი (ხაბელაშვილი 62'), კაკიაშვილი, სულთანიშვილი
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, ღუდუშაური, ვეკუა (მოსიაშვილი 54'), კიკნაველიძე, ვასაძე, ექვთიმიშვილი (დავლაშელიძე 69'), ჩიტიშვილი, კაკუშაძე (კამლაძე 78'), საჯაია
 
გაფრთხილება: ცაცკრიალაშვილი, გაფრინდაშვილი, ხაბელაშვილი - ექვტიმიშვილი, ჩაკვეტაძე, გეთიაშვილი


 
უკან დაბრუნება