საქართველოს თასი: ვიტ ჯორჯია 1:0 დინამო ბათუმი

14 ივნისი 2018
დღეს, მცხეთა პარკზე, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალური ეტაპის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდებმა თანალიგელ დინამო ბათუმს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს.
 
თავშივე უნდა ითქვას, რომ თამაში ძირითადად ორთაბრძოლებში წარიმართა. ორივე გუნდის შესრულებით ხშირად ვნახავდით სტანდარტულ მოემენტებს, თუმცა მთლიანობაში კარში დარტყმების რაოდენობა საკმაოდ ცოტა იყო.
 
 
შეხვედრის მეორე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, სტანდარტს საბოლოოდ გურამ ადამაძის დარტყმა მოჰყვა, რომელმაც ააცილა. დაპირისპირების 22-ე წუთზე სტუმრებმა კუთხური მოაწოდეს, გადმოვარდნილ ბურთს ჩვენი კარისკენ გიორგი ჯანელიძე გზავნიდა, თუმცა მას სიზუსტემ უმტყუნა. შეხვედრის 37-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი მიეცა პაატა ღუდუშაურს, თუმცა  მას უკანასკნელ მომენტში მოწინააღმდეგე გუნდის მცველმა დარტყმის შესრულების საშუალება არ მისცა და ეპიზოდიც განიმუხტა.
 
მეორე ტაიმის დებიუტში, 48-ე წუთზე, ბათუმელმა ფეხბურთელებმა საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესები შოთა დავლაშელიძის წინააღმდეგ დაარღვიეს. მატჩის მთავარმა არბიტრმა, პაპუნა მაჭარაძემ, მყისვე პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. თერთმეტმეტრიანის შესრულება საკუთარ თავზე ვიტ ჯორჯიელთა კაპიტანმა, ჯონი შეროზიამ აიღო. ორი მეკარის დუელი ვეტერინართა კიპერის ზუსტი დარტყმითა და გოლით დასრულდა - 1:0. დაპირისპირების 51-ე წუთზე ბათუმელმა ფეხბურთელებმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს კიდევ ერთხელ დაარღვიეს თამაშის წესები. ვიტ ჯორჯიელებმა სტანდარტი გაითამაშეს, საბოლოოდ დინამოელთა კარის მისამართით პაატა ღუდუშაურმა დაარტყა და რომ არა მეკარე, მიხეილ ალავიძე, რომელმაც ბურთი კუთხურზე მოიგერია - გოლი გარდაუვალი იყო. შეხვედრის უკანასკნელ წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით ლაშა ჩალაძემ დაარტყა და ააცილა. საბოლოოდ შეხვედრა ვიტ ჯორჯიელთა გამარჯვებით - 1:0 დასრულდა.

ამრიგად საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალურ ეტაპზე ორი გუნდით იქნება წარმოდგენილი.
 
ვიტ ჯორჯია 1:0 დინამო ბათუმი
გოლი: შეროზია (პენ. 48’)
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, კამლაძე, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი (კიკნაველიძე 83'), ღუდუშაური (კაკუშაძე 64'), ვაზაგაშვილი (ზარიძე 46'), ვასაძე, ჩიტიშვილი, საჯაია, დავლაშელიძე
 
დინამო ბათუმი: ალავიძე, ადამაძე, განუგრავა (თევდორაძე 61'), ქავთარაძე, ვარშანიძე, შარიქაძე, ჯანელიძე, გაგოშიძე, ჩალაძე, ფლამარიონი (აბუსელიძე 76'), საბანაძე (კვარაცხელია 84')
 
გაფრთხილება: ვაზაგაშვილი - საბანაძე
 
უკან დაბრუნება