შუქურა 1:1 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

19 ივნისი 2018
ეროვნული ლიგა ორის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ სტუმრად გამართა. ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილი გუნდი გასვლით მატჩში ქობულეთის შუქურას დაუპირისპირდა. თამაში ფრედ - 1:1 დასრულდა.
 
ვეტერინარები სათამაშო ინიციატივას საწყისი წუთებიდანვე დაუეფლნენ. მეხუთე წუთზე ქობულეთელთა კარის სიახლოვეს დანიშნული საჯარიმოდან ნოდარ კიკნაველიძემ ბურთი კარისკენ გაგზავნა, შუქურას კიპერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის მეთორმეტე წუთზე მასპინძლებმა კუთხური გაითამაშეს, დამასრულებელ ფაზაში ჩვენი კარის მიმართულებით საშუალო დისტანციიდან ირაკლი ქათამაძემ დაარტყა და ააცილა. თამაშის მეჩვიდმეტე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქის კართან ახლოს კიდევ ერთი საჯარიმო დარტყმის შესრულების უფლება მოიპოვეს, სტანდარტიდან მეკარის ბაქანთან ბურთი ნოდარ კიკნაველიძემ ჩააწოდა, საბოლოოდ შუქურას კარისკენ ცოტნე მოსიაშვილმა დაარტყა და ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში მასპინძელთა კარი გაშვებული გოლისგან ხარიხამ იხსნა, ცოტნე მოსიაშვილის მიერ დარტყმული ბურთი კარის ჩარჩომ აისხლიტა, დამატებაზე გოლის გატანას ნოდარ კიკნაველიძე შეეცადა, თუმცა მას სიზუსტემ უმტყუნა. დაპირისპირების 24-ე და 25-ე წუთებზე ნოდარ კიკნაველიძემ ზედიზედ ორჯერ ჯარიმიდან მოწინააღმდეგის კარისკენ გაგზავნა ბურთი, თუმცა ორივე შემთხვევაში მისი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. თამაშის 29-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა კიპერი, ჯონი შეროზია საქმეში აქტიურად ჩაერთო, მან გიორგი ივანიაძის მიერ დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის 41-ე წუთზე ჯეფერსონ ჯერალდოს მიერ დარტყმულ ბურთს ჯონი შეროზია ადგილზე დაუხვდა და ვეტერინართა კაპიტანმა ბურთი ხელებში დააფიქსირა. თამაშის 43-ე წუთზე შუქურას კარისკენ შორიდან პაატა ღუდუშაურმა დაარტყა, თუმცა არაზუსტად. პაატა ღუდუშაურმა ქობულეთელთა კარისკენ კიდევ ერთხელ პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე დაარტყა, მის მიერ ჯარიმიდან კარისკენ გაშვებული ბურთი სამიზნეს ასცდა.
 
დაპირისპირების 50-ე წუთზე ცოტნე მოსიაშვილმა დაარტყა, ქობულეთელთა კარისკენ მიმავალ ბურთს მცველი გადაეღობა და ხიფათიც განიმუხტა. შეხვედრის 55-ე წუთზე ჩვენი კარისკენ ელგუჯა ლობჯანიძემ დაარტყა და საბოლოოდ ეპიზოდს კუთხური მოჰყვა, რომლის შემდეგაც განსაკუთრებული ხიფათი აღარ შექმნილა. მატჩის 57-ე წუთზე ირაკლი ქათამაძის მიერ დარტყმული ბურთი ჯონი შეროზიამ კუთხურზე მოიგერია, სტანდარტს კიდევ ერთი კარში დარტყმა მოჰყვა, თუმცა ჩვენი კიპერი ბურთს ადგილზე დაუხვდა და ვიტ ჯორჯიელთათვის ეპიზოდი მშვიდობიანად დასრულდა. თამაშის 65-ე წუთზე შუქურას კარის მიმართულებით გიორგი ვასაძემ დაარტყა და ააცილა. ჩვენს ფეხბურთელებს მეტოქის კარის აღების ჩინებული შესაძლებლობა 71-ე წუთზე მიეცათ, პაატა ღუდუშაურმა შესანიშნავი რეიდი განახორციელა, მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთიანად შეიჭრა, კარისკენ დაარტყა კიდეც, თუმცა კიპერმა მოიგერია, მაგრამ ამით ვიტ ჯორჯიელთა შეტევა არ დასრულებულა... ბურთი ბექა კაკუშაძეს მოუვიდა, რომლის დარტყმულიც შუქურას მცველმა და მეკარემ ერთობლივი ძალებით მოიგერიეს. დაპირისპირების 73-ე წუთზე შორი მანძილიდან ირაკლი კამლაძის მიერ დარტყმული ბურთი მასპინძელთა კარს ასცდა. შეხვედრის 80-ე წუთზე ვარდნაში პაატა ღუდუშაურმა დაარტყა, თუმცა შუქურას კარს ააცილა. მატჩის 84-ე წუთზე ქობულეთელთა საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე გიორგი გვასალიამ ითამაშა, თავით მიმართულება შეუცვალა კიდეც, თუმცა კარს ააცილა. კარის ჩარჩომ შუქურა 88-ე წუთზე კიდევ ერთხელ გადაარჩინა, ამჯერად ნოდარ კიკნაველიძის მიერ დარტყმული ბურთი ძელმა აისხლიტა. მატჩის არბიტრმა შეხვედრის ძირითად დროს ხუთი წუთი დაამატა. კომპენსირებულ დროში კი ორი გოლი გავიდა. 93-ე წუთზე ქობულეთელთა სასარგებლოდ დანიშნული პენალტიდან ჯეფერსონ ჯერალდომ გაიტანა - 0:1. მიუხედავად ამისა ვიტ ჯორჯიელებმა ქულის გადარჩენა მოახერხეს, ერთ წუთში ანგარიში პაატა ღუდუშაურმა უზადოდ შესრულებული დარტყმის შედეგად გაათანაბრა - 1:1.
 
შუქურა 1:1 ვიტ ჯორჯია
გოლები:
1:0 ჯერალდო (პენ. 90+3’) 1:1 ღუდუშაური (90+4’)

შუქურა: მოწყობილი, ბულუხაძე, კალანდაძე, ფოთელიძე, რამოსი, ლობჯანიძე, ჩელებაძე, ივანიაძე (ჭანუყვაძე 85'), ქათამაძე, ნუნიეში, ჯერალდო
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, კამლაძე, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი (გვასალია 77'), ღუდუშაური, ვეკუა (საჯაია 46'), კიკნაველიძე, ექვთიმიშვილი (ვასაძე 59'), ჩიტიშვილი, კაკუშაძე, დავლაშელიძე
 
გაფრთხილება: ჯერალდო, ჩელებაძე - ვეკუა, კამლაძე, ჩაკვეტაძე
 
უკან დაბრუნება