ვიტ ჯორჯია 4:1 შევარდენი [ფოტო+ვიდეო]

24 ივნისი 2018
დღეს, მცხეთა პარკზე, ეროვნული ლიგა ორის XVI ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდებმა საფეხბურთო კლუბ შევარდენს უმასპინძლეს და მეტოქე დიდი ანგარიშით - 4:1 დაამარცხეს.

დაპირისპირება ჩვენი გუნდის სათამაშო უპირატესობით დაიწყო. შეხვედრის მეორე წუთზე პაატა ღუდუშაურის წინააღმდეგ თამაშისას შევარდენის ფეხბურთელები საკუთარ საჯარიმოში დაჯარიმდნენ. არბიტრმა მყისვე პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა, თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან თავად დაზარალებულმა დაარტყა და ანგარიშიც გახსნა - 1:0. სტუმრებმა ჩვენი კარის მისამართით მეხუთე წუთზე დაარტყეს, დავით ოდიკაძის მიერ გასროლილი ბურთი საბოლოოდ კუთხურზე გადავიდა, სტანდარტს კი ჩვენს კართან ხიფათი არ მოჰყოლია. შევარდენის კარის მიმართულებით ვიტ ჯორჯიელებმა კიდევ ერთი დარტყმა მეშვიდე წუთზე განახორციელეს, ამჯერად გიორგი ვეკუამ სცადა შორი დისტანციიდან გოლის გატანა, თუმცა მისი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. თამაშის მეცხრე წუთზე მოწინააღმდეგე გუნდის კარისკენ ჯერ შოთა დავლაშელიძე ცდილობდა დარტყმას, შემდეგ კი გიორგი ვეკუამ გაისროლა, თუმცა არაზუსტად. ვიტ ჯორჯიელებმა ანგარიშში სხვაობა ორამდე მეთორმეტე წუთზე გაზარდეს, ნოდარ კიკნაველიძემ მახვილი კუთხიდან დალაშქრა მეტოქის კარი - 2:0. ვეტერინარებმა თამაშის 21-ე წუთზე სახიფათო საჯარიმო დარტყმის შესრულების უფლება მოიპოვეს, სტნადარტიდან კარისკენ ნოდარ კიკნაველიძემ დაარტყა, თუმცა ბურთი ცოცხალ კედელში მყოფ მოთამაშეს მოხვდა და ხიფათიც განიმუხტა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ჩვენი კარისკენ შოთა ჯიქიამ დაარტყა და ააცილა. შეხვედრის 24-ე წუთზე გიორგი ჩიკვაიძის მიერ დარტყმული ბურთი ჩვენი გუნდის კიპერმა და კაპიტანმა, ჯონი შეროზიამ კუთხურზე მოიგერია. დაპირისპირების 35-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა მიერ გათამაშებული კუთხური გიორგი ვეკუას მიერ შესრულებული დარტყმით დასრულდა, თუმცა მან საბოლოოდ ბურთი მცველს მოარტყა და ხიფათიც განიმუხტა. თამაშის 38-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა შესრულებით მორიგი მწვავე იერიში და გატანილი გოლი ვიხილეთ, შევარდენის კარი პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ ირაკლი ზარიძემ აიღო - 3:0. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე ჩვენი კარისკენ დანიშნული საჯარიმო დარტყმიდან ვარლამ კილასონიამ ბურთი ცოცხალ კედელში მყოფ მოთამაშეებს მოარტყა და ტაიმიც ამით დასრულდა.

თამაშის 46-ე წუთზე დავით ოდიკაძის მიერ ახლო დისტანციიდან დარტყმული ბურთი ჯონი შეროზიამ კუთხურზე მოიგერია. აღნიშნული ეპიზოდიან ერთ წუთში ვიტ ჯორჯიელებმა მორიგი გოლი გაიტანეს, ამჯერად სტუმართა კარი ბექა კაკუშაძემ აიღო, რომელსაც ასისტენტობა გიორგი ვეკუამ გაუწია - 4:0. დაპირისპირების 51-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა ჯარიმიდან დაარტყა და ბურთი მეკარემ მოიგერია. ხსენებული მომენტიდან ერთ წუთში კვლავ პაატა ღუდუშაური ურტყამდა სტუმართა კარისკენ, მას კიპერმა აუღო, დამატებაზე გოლის გატანას დათო საჯაია შეეცადა, თუმცა თანამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შეხვედრის 55-ე წუთზე ჩვენი კარისკენ დავით მთივლიშვილმა დაარტყა და ააცილა. თამაშის 60-ე წუთზე გიორგი ჩიკვაიძის მიერ შესრულებული დარტყმა კარს საკმაო მანძილით ასცდა. მატჩის 68-ე წუთზე ცოტნე მოსიაშვილს შეეძლო საკმაოდ სახიფათო დარტყმის შესრულება, თუმცა მან მომენტის სათანადოდ გამოყენება ვერ მოახერხა. ჩვენი გუნდის კიპერი თამაშში აქტიურად კიდევ ერთხელ 75-ე წუთზე ჩაერთო, მან ამჯერად შოთა ჯიქიას მიერ დარტყმული ბურთი ხელებში დააფიქსირა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ჯონი შეროზიამ კიდევ ერთხელ იხსნა ჩვენი გუნდი გაშვებული გოლისგან, მან ამჯერად ახლო მანძილიდან ვაჟა ნემსაძის დარტყმული ბურთის მოგერიება მოახერხა. სტუმრებმა თამაშის 78-ე წუთზე ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს. გათამაშებული კუთხურის შემდეგ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი ვარლამ კილასონიამ დაარტყა და გაიტანა - 4:1. მატჩის 85-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა ცრუმოძრაობით მეურვე ჩამოიტოვა, დაარტყა კიდეც, თუმცა გოლის გატანა ვეღარ მოახერხა, მისი დარტყმული კიპერმა მოიგერია. დაპიისპირების 88-ე წუთზე კვლავ პაატა ღუდუშაური ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა მის მიერ აკრობატულ ნახტომში დარტყმული ბურთი შევარდენის მეკარემ კუთხურზე გაჭირვებით მოიგერია.
 
ვიტ ჯორჯია 4:1 შევარდენი
გოლები: 1:0 ღუდუშაური (პენ. 2’) 2:0 კიკნაველიძე (12’) 3:0 ზარიძე (38’) 4:0 კაკუშაძე (47’) 4:1 კილასონია (78’)

ვიტ ჯორჯია: შეროზია, გეთიაშვილი, მოსიაშვილი, ღუდუშაური, ვეკუა, ზარიძე (ექვთიმიშვილი 61'), კიკნაველიძე (მუხულიშვილი 56'), ვასაძე, ჩიტიშვილი, საჯაია, დავლაშელიძე (კაკუშაძე 46')
 
შევარდენი: ნადირაძე, სატურნინიო (მთივლიშვილი 46'), პატარკაციშვილი (გვაზავა 65'), გუჯაბიძე, ლურსმანაშვილი, გედენიძე (ნემსაძე 46'), ჩიკვაიძე, ჯიშკარიანი, ჯიქია, ოდიკაძე, კილასონია
 
გაფრთხილება: დავლაშელიძე, შეროზია - ჯიშკარიანი
 
უკან დაბრუნება