საკონტროლო მატჩი: დილა 1:1 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

22 ივლისი 2018
ეროვნული ლიგა ორის 2018 წლის გათამაშების მესამე წრის სამზადისის ფარგლებში ვიტ ჯორჯიამ საკონტროლო შეხვედრა გორში ჩაატარა. ჩვენი გუნდი გასვლით სპარინგში გორის დილას დაუპირისპირდა. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.
 
შეხვედრის მეოთხე წუთზე მასპინძელთა კარის მისამართით ბექა კაკუშაძემ დაარტყა, ბურთს გორელთა კიპერი დაეუფლა. ანგარიში მეშვიდე წუთზე გაიხსნა, შეტევის მარცხენა ფრთიდან დილას საჯარიმოში ბურთი ბექა კაკუშაძემ ჩააწოდა, თავით ვახტანგ კვარაცხელიამ დაარტყა და ვიტ ჯორჯიაში დაბრუნება გოლით აღნიშნა - 1:0. თამაშის მეცხრე წუთზე მასპინძლებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს, გათამაშებული სტანდარტის შემდეგ, ჩვენი კარისკენ გოგიტა გოგუამ დაარტყა და საკმაო მანძილითაც ააცილა. დაპირისპირების მეცამეტე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით კვლავ გოგიტა გოგუამ დაარტყა, ბურთს ამჯერად ვეტერინართა კიპერი და კაპიტანი, ჯონი შეროზია ადგილზე დაუხვდა. დაპირისპირების მეჩვიდმეტე წუთზე ჯონი შეროზიამ საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან კიდევ ერთხელ იხსნა, მან ამჯერად გურამ სამუშიას მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია. მატჩის 22-ე წუთზე ჯონი შეროზიამ კიდევ ერთი სეივი შემოგვთავაზა, კარისკენ ამჯერად გაიტა ჯოოფი ურტყამდა. შეხვედრის 25-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით პა ომარ ბაბოუმ დაარტყა და ბურთი საბოლოოდ კუთხურზე გადავიდა. ანგარიში 35-ე წუთზე გათანაბრდა, გოლი გიორგი კორიფაძის ჩაწოდების შემდეგ გავიდა - 1:1. თამაშის 37-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის მიერ დარტყმული ბურთი დილას მეკარემ ხელებში დააფიქსირა.
 
მეორე ტაიმის დებიუტში, 50-ე წუთზე, გორელთა კარის აღებას შორეული დარტყმით გიორგი გეთიაშვილი შეეცადა, თუმცა ბურთი მეკარემ ხელებში დააფიქსირა. შეხვედრის 62-ე წუთზე პა ომარ ბაბოუმ კიდევ ერთხელ დაარტყა ჩვენი კარის მისამართით, თუმცა ამჯერად მისი მცდელობა არაზუსტი გამოდგა. დაპირისპირების 67-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა დაწინაურება დათო საჯაიას შეეძლო, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. მატჩის 73-ე წუთზე ჩვენი გუნდის კარი გაშვებული გოლისგან ნიკა ქავთარაძემ იხსნა, რომელმაც გოგა ზარნაძის მიერ დარტყმული ბურთი ნახტომში მოიგერია. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში ნიკა ქავთარაძეს კიდევ ერთხელ მოუხდა თამაშში აქტიურად ჩართვა, მან ამჯერად არჩილ ისმაილის მიერ დარტყმული ბურთი მოიგერია. თამაშის 78-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ გორელთა კარში გიორგი ვეკუამ დაარტყა და ააცილა. შეხვედრის 80-ე წუთზე ალეკო ჩაკვეტაძის ჩაწოდებულ ბურთს თავით კარში შოთა დავლაშელიძე გზავნიდა, თუმცა გორელთა მეკარემ ამ ეპიზოდში ზუსტად ითამაშა. მატჩის 84-ე წუთზე ჩვენი კარის მისამართით ამოს ნონდიმ არაზუსტად დაარტყა. სპარინგის მიწურულს, 89-ე წუთზე, ნიკა მაისურაძემ დაარტყა დილას კარის მიმართულებით და ააცილა.
 
დილა 1:1 ვიტ ჯორჯია
გოლები: 0:1 კვარაცხელია (7’) 1:1 კორიფაძე (35’)
 
დილა: ბეგაშვილი, მაჩაიძე, ჩადუნელი, გადრანი, კორიფაძე, რაზმაძე, გოგუა, რაჟამაშვილი, სამუშია, ბაბოუ, ჯოოფი
შეცვლაზე შევიდნენ: გულიაშვილი, გრიგალაშვილი, ოქროპირიძე, ერიკს დე სოუზა, სუხიაშვილი, ნონდი, ლამპტეი, ზარნაძე, თათარაშვილი, მაყიშვილი, ისმაილი
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, ჩაკვეტაძე, ჩიტიშვილი, გეთიაშვილი, კიკნაველიძე, საჯაია, ვასაძე, კვარაცხელია, მოსიაშვილი, ღუდუშაური, კაკუშაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ქავთარაძე, ნაჭყებია, სეხნიაშვილი, მაისურაძე, კამლაძე, ზარიძე, ვაზაგაშვილი, დავლაშელიძე, ვეკუა
უკან დაბრუნება