საკონტროლო მატჩი: ვიტ ჯორჯია 3:0 გორი [ფოტო+ვიდეო]

27 ივლისი 2018
დღეს, მცხეთა პარკზე, ეროვნული ლიგა ორის მეორე ეტაპის განახლებამდე, უკანასკნელი საკონტროლო შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდები ლიგა სამის წარმომადგენელ გორის გორს დაუპირისპირდნენ და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით - 3:0 დაამარცხეს.
 
მატჩი ჩვენი გუნდის სათამაშო უპირატესობით დაიწყო და ასეც წარიმართა. ანგარიში მეთოთხმეტე წუთზე გაიხსნა. ცოტნე მოსიაშვილის გადაცემის შედეგად გოლი პაატა ღუდუშაურმა გაიტანა - 1:0. დაპირისპირების 25-ე წუთზე სტუმართა გუნდი ხარიხამ იხსნა, კუთხურიდან ნოდარ კიკნაველიძის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი ალეკო ჩაკვეტაძემ დაარტყა და რომ არა კარის ჩარჩო - გოლი გარდაუვალი იყო. თამაშის 30-ე წუთზე ნოდარ კიკნაველიძის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს გორელთა კართან კიდევ ერთი ხიფათი მოჰყვა, ამჯერად გოლის გატანას გიორგი გეთიაშვილი შეეცადა თავური დარტყმით, თუმცა ამ უკანასკნელს სიზუსტემ უმტყუნა. შეხვედრის 36-ე წუთზე ვეტერინარებმა შესანიშნავი კომბინაცია გაათამაშეს, დამასრულებელ ფაზაში გორის კარის მისამართით ვახტანგ კვარაცხელიამ დაარტყა და ააცილა. ხსენებული ეპიზოდიდან ერთ წუთში ვიტ ჯორჯიელებმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს, ალეკო ჩაკვეტაძემ გრძელი გადაცემით ფაქტობრივად პირისპირ დატოვა მეკარესთან პაატა ღუდუშაური, რომელმაც ზუსტად დაარტყა და ბურთი კარის ბადეში გაახვია - 2:0.
 
მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში ჩვენმა ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგის კარი კიდევ ერთხელ დალაშქრეს, პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდგომ გოლი შოთა დავლაშელიძემ გაიტანა - 3:0. სტუმართა კარის აღებას თამაშის 53-ე წუთზე ცოტნე მოსიაშვილი შეეცადა, თუმცა მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა. დაპირისპირების 58-ე წუთზე ბექა კაკუშაძემ მოჭრილი დარტყმით სცადა სტუმართა კარის აღება, საბოლოოდ გორელთა კიპერმა ბურთის დაფიქსირება მოახერხა. შოთა დავლაშელიძემ შეხვედრის 63-ე წუთზე კუთხურიდან მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, თავით გიორგი გეთიაშვილმა დაარტყა კარისკენ და კვლავ მეკარემ მოიგერია ბურთი. დაპირისპირების 65-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა კიპერს, ნიკა ქავთარაძეს, თამაშში აქტიურად ჩართვა მოუხდა, მან თორნიკე ჩაჩუას მიერ დარტყმული ბურთის მოგერიება მოახერხა. სპარინგის უკანასკნელ წუთზე შოთა დავლაშელიძის გადაცემის შემდგომ, გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა ჰქონდა ბექა კაკუშაძეს, რომელმაც მომენტის სათანადოდ გამოყენება ვერ მოახერხა.
 
ვიტ ჯორჯია 3:0 გორი
გოლები:
1:0 ღუდუშაური (14’) 2:0 ღუდუშაური (37’) 3:0 დავლაშელიძე (50’)

ვიტ ჯორჯია: შეროზია (ქავთარაძე 46’), ჩაკვეტაძე, გეთიაშვილი, ჩიტიშვილი (კამლაძე 46’), კიკნაველიძე (კურმაშვილი 61’), საჯაია (ნაჭყებია 61’), კვარაცხელია (დავლაშელიძე 44’), ვასაძე (ვაზაგაშვილი 55’), ვეკუა (მაისურაძე 46’), ღუდუშაური (კაკუშაძე 55’), მოსიაშვილი (ზარიძე 55’)
 
გორი: მინდია გოგიაშვილი, ლომიძე, კალხიტაშვილი, ოქროპირიძე, სადაღაშვილი, ელიაური, აბუბაქარი, მაჭარაშვილი, ამირან გოგიაშვილი, ნოზაძე, ბალაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ბასილიძე, აბულაძე, დადიანი, კილასონია, ჩაჩუა, ბუზალაძე
 
უკან დაბრუნება