ვიტ ჯორჯია 1:1 ცხინვალი [ფოტო+ვიდეო]

02 აგვისტო 2018
დღეს, მცხეთა პარკზე, ეროვნული ლიგა ორის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. ჩვენმა გუნდმა საფეხბურთო კლუბ ცხინვალს უმასპინძლა. მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.

თამაში ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდების უპირატესობით დაიწყო. მესამე წუთზე ნოდარ კიკნაველიძის გადაცემის შემდეგ, ცხინვალის კარის მისამართით ცოტნე მოსიაშვილმა დაარტყა და ააცილა. სტუმრებმა საპასუხო სახიფათო იერიში ხსენებული ეპიზოდიდან ერთ წუთში აწარმოეს, კობა შალამბერიძის მიერ შორი დისტანციიდან დარტყმული ბურთი ჯონი შეროზიამ ხელებში დააფიქსირა. მატჩის მეცამეტე წუთზე შოთა დავლაშელიძის თავური გადაცემის შემდეგ ცხინვალელთა კარში პაატა ღუდუშაურმა დაარტყა, მცირედი რიკოშეტის მიუხედავად, სტუმართა კიპერმა ბურთის მოგერიება მოახერხა. შეხვედრის მეთხუთმეტე წუთზე ცხინვალელთა საჯარიმოში კუთხურიდან ნოდარ კიკნაველიძემ ჩააწოდა, ბურთს თავი გიორგი გეთიაშვილმა დაარტყა, თუმცა ამ უკანასკნელმა სამიზნეს ააცილა. ჩვენი კარის მიმართულებით 33-ე წუთზე კვლავ კობა შალამბერიძემ დაარტყა, ამჯერად ბურთი ვეტერინართა კარის ბადეს ზემოდან დაეცა. თამაშის 35-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა მრავალცვლიანი კომბინაცია პაატა ღუდუშაურის მიერ შასრულებული დარტყმით დასრულდა, ბურთს ცხინვალის კიპერი ადგილზე დაუხვდა და ხიფათიც განიმუხტა. დაპირისპირების 38-ე წუთზე გიორგი ვასაძემ დაარტყა სტუმართა კარის მისამართით, თუმცა სტუმართა მეკარემ პოზიცია ამჯერადაც ზუსტად შეარჩია და ბურთი დაიმორჩილა. შოთა დავლაშელიძის თავური გადაცემის შემდგომ, გოლის გატანის ბრწყინვალე შესაძლებლობა მიეცა პაატა ღუდუშაურს, თუმცა მის მიერ მატჩის 41-ე წუთზე შესრულებული დარტყმა ხეირიანი ვერ გამოდგა და ბურთს ამჯერადაც ცხინვალელთა კიპერი დაეუფლა. მსაჯის მიერ პირველი ტაიმისათვის კომპენსირებულ დროში ცხინვალელმა ფეხბურთელებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს, გოლი 50-ე წუთზე ზვიად ლობჯანიძემ გაიტანა - 0:1.

მეორე ნახევრის დებიუტში, 47-ე წუთზე, გიორგი ვეკუა ცხინვალელთა კარის აღებას შორი მანძილიდან შეეცადა, თუმცა ბურთი საკმაო მანძილით ააცილა სამიზნეს. გიორგი ვეკუას გადაცემის შემდეგ, თამაშის 51-ე წუთზე, სტუმართა კარის მიმართულებით პაატა ღუდუშაურმა დაარტყა, ბურთი კიპერმა ნახტომში მოიგერია. დაპირისპირების 61-ე წუთზე ცოტნე მოსიაშვილმა დაარტყა ცხინვალელთა კარისკენ, კიპერმა ბურთი ნახტომში მოიგერია, ეპიზოდს კუთხური მოჰყვა, საჯარიმოში სტანდარტიდან ნოდარ კიკნაველიძემ ჩააწოდა, ბურთზე ალეკო ჩაკვეტაძემ ითამაშა, დაარტყა კიდეც კარისკენ, თუმცა არაზუსტად. შეხვედრის 63-ე წუთზე ჯონი შეროზიამ ვიტ ჯორჯიელები გაშვებული გოლისგან იხსნა, მან ერთი-ერთზე დარჩენილი ზვიად მეტრეველის მიერ დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია. მატჩის 67-ე წუთზე ბურთი მეკარის ბაქანთან ახლოს მყოფ ნოდარ კიკნაველიძეს მიუვიდა, რომელმაც კარისკენ დაარტყა, თუმცა არაზუსტად. შეხვედრის 80-ე წუთზე ვეტერინარებმა ანგარიშში წონასწორობის აღდგენა მოახერხეს, გიორგი ვასაძის მიერ ცხინვალელთა საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კარში ირაკლი ზარიძემ გადაგზავნა - 1:1. შეხვედრის უკანასკნელ წუთზე ვიტ ჯორჯიელებს თამაშის მოგების შესაძლებლობაც მიეცათ. პაატა ღუდუშაურის წაქცევისთის მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტის შესრულება საკუთარ თავზე ნოდარ კიკნაველიძემ აიღო, მის მიერ დარტყმული ბურთი ცხინვალელთა კიპერმა მოიგერია.

ვიტ ჯორჯია 1:1 ცხინვალი
გოლები:
0:1 ლობჯანიძე (45+5') 1:1 ზარიძე (80')
გამოუყენებელი პენალტი: კიკნაველიძე (მეკარე)

ვიტ ჯორჯია: შეროზია, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი, ღუდუშაური, ვეკუა (მაისურაძე 54'), კიკნაველიძე, ვასაძე, ჩიტიშვილი (ზარიძე 46'), საჯაია, დავლაშელიძე (კაკუშაძე 62')

ცხინვალი: ლეგაშვილი, ყურშავიშვილი, ცერცვაძე, მეტრეველი, შალამბერიძე (ლაცაბიძე 54'), მესხი (ბარაბაძე 58'), ქრისტესიაშვილი, ნემსაძე (კოკაია 79'), კაჭკაჭიშვილი, ლობჯანიძე, ღიბრაძე

გაფრთხილება: ვასაძე, ჩაკვეტაძე - მესხი, ლეგაშვილი
უკან დაბრუნება