რეგიონული ლიგა: ვიტ ჯორჯია II 3:0 თბილისი 2016

05 აგვისტო 2018
ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა რეგიონული ლიგის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდებმა თბილისი 2016-ს უმასპინძლეს. მცხეთა პარკზე გამართულ მატჩში ვეტერინარებმა მეტოქე ანგარიშით - 3:0 დაამარცხეს.

თამაშის მეთხუთმეტე წუთზე გიორგი ვაზაგაშვილმა შორიდან დაარტყა, სტუმართა კიპერმა ბურთის მოგერიება მოახერხა. მატჩის 27-ე წუთზე თორნიკე მუზაშვილის მიერ დარტყმული ბურთი საკმაო მანძილით ასცდა მეტოქის კარს. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში ვიტ ჯორჯიელთა სასარგებლოდ თავისუფალი დარტყმა დაინიშნა. გათამაშებული საჯარიმოდან კარში თორნიკე მუზაშვილმა დაარტყა, ბურთი კუთხურზე გადავიდა. სტანდარტიდან მეკარის ბაქანთან ჩამოწოდებული ბურთი ირაკლი ზარიძემ მოწინააღმდეგის კარში გადაგზავნა და ანგარიშიც გაიხსნა - 1:0. შეხვედრის 31-ე წუთზე თორნიკე მუზაშვილის მიერ დარტყმულ ბურთს თბილისის მეკარე დაეუფლა. გოლის გატანის კარგი შესაძლელობა თამაშის 36-ე წუთზე გიორგი გვასალიას მიეცა, რომელმაც ზურაბ მუსელიანთან გათამაშებული კედლის შემდეგ დაარტყა კარში, თუმცა ააცილა. ხსენებული მომენტიდან სამ წუთში გიორგი კურმაშვილმა საჯარიმო დარტყმით სცადა მეტოქის კარის აღება, თუმცა მის დარტყმულს სიზუსტე დააკლდა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე თორნიკე მუზაშვილმა კიდევ ერთხელ გაისროლა თბილისელთა კარის მიმართულებით და ამჯერადაც ააცილა.

ვიტ ჯორჯიელებმა ანგარიშში სხვაობა ორამდე 53-ე წუთზე გაზარდეს, გიორგი ვაზაგაშვილმა საშუალო დისტანციიდან დაარტყა მეტოქის კარის მისამართით, ბურთმა გზად მიმართულება იცვალა, რიკოშეტის შედეგად ბურთი ირაკლი ზარიძეს მიუვიდა, რომელმაც ამჯერადაც გამოიყენა შანსი - 2:0. დაპირისპირების 68-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიას ჩაწოდების შემდეგ მოწინააღმდეგის კარისკენ გიორგი კურმაშვილმა დაარტყა და ააცილა. დაპირისპირების 85-ე წუთზე საფინალო რეზულტატიც დაფიქსირდა. თბილისი 2016-ის კარის აღებას ჯერ გიორგი ნანეტაშვილი ეცადა, შემდგომ კი გიორგი კურმაშვილი ცდილობდა დამატებაზე გოლის გატანას, ორივე შემთხვევაში ბურთი მეკარემ მოიგერია, საბოლოოდ კი ზურაბ მუსელიანმა გაიტანა - 3:0.

ვიტ ჯორჯია II 3:0 თბილისი 2016
გოლები:
1:0 ზარიძე (29') 2:0 ზარიძე (53') 3:0 მუსელიანი (85')

ვიტ ჯორჯია II: ქავთარაძე, სეხნიაშვილი, კამლაძე, ქისიევი, კურმაშვილი, ნაჭყებია, ზარიძე (შეროზია 86'), ვაზაგაშვილი, მუზაშვილი, მუსელიანი, გვასალია (ნანეტაშვილი 64')

თბილისი 2016: კარანაძე, გაგნიძე, კალაძე, მამალაძე, ლიპარტელიანი, თოლორდავა, მათეშვილი (შუკვანი 57'), ფირცხალავა, შენგელია (ჩიქოვანი 46'), თოდუა (ავსაჯანაშვილი 60'), წივილაშვილი

გაფრთხილება: ზარიძე, ნანეტაშვილი - ფირცხალავა, მამალაძე
უკან დაბრუნება