რეგიონული ლიგა: თორი 0:6 ვიტ ჯორჯია II

08 აგვისტო 2018
ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა რეგიონული ლიგის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდები გასვლით მატჩში ბორჯომის თორს დაუპირისპირდნენ და მეტოქე დიდი სხვაობით - 6:0 დაამარცხეს.

შეხვედრის მეოთხე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, სტანდარტიდან გათამაშებულ ბურთს თავი ირაკლი ზარიძემ დაარტყა, თუმცა მის მცდელობას გოლი არ მოჰყოლია. შეხვედრის მეცხრე წუთზე ზურაბ მუსელიანი მეკარესთან ფაქტობრივად პირისპირ დარჩა, თუმცა ამ უკანასკნელს დაასწრეს და ხიფათიც განიმუხტა. აღნიშნული მომენტიდან ერთ წუთში გიორგი ვაზაგაშვილმა საჯარიმო დარტყმით სცადა ანგარიშის გახსნა, თუმცა ბურთი კარს მცირედით ააცილა. დაპირისპირების 21-ე წუთზე ზურაბ მუსელიანი კვლავ პირისპირ გავიდა მეკარესთან დაარტყა კიდეც, თუმცა ამჯერად მასპინძელთა კიპერმა ბურთის მოგერიება მოახერხა. მატჩის 22-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა ანგარიში გახსნეს. გიორგი ვაზაგაშვილმა ჯარიმიდან ბურთი მეკარის ბაქანთან დაკიდა, ბორჯომელთა კიპერსა და გიორგი კურმაშვილს შორის გამართული დუელის შედეგად, ბურთი ვასილ ქისიევს მიუვიდა, რომელმაც ზუსტი დარტყმით საკუთარი გუნდი დააწინაურა - 1:0. თამაშის 25-ე წუთზე თორნიკე მუზაშვილის მიერ კარის მიმართულებით დარტყმულ ბურთს მცველი გადაეღობა და ხიფათიც განიმუხტა. შეხვედრის 28-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა კიდევ ერთხელ დალაშქრეს თორის კარი. ზვიად ნაჭყებიას მიერ ჩაწოდებული ბურთი გიორგი კურმაშვილმა კარში გადაგზავნა - 2:0. ზვიად ნაჭყებიას გოლის გატანის შესაძლელობა 31-ე წუთზე მიეცა, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი კარს ასცდა. დაპირისპირების 35-ე წუთზე გიორგი ვაზაგაშვილის მიერ დარტყმულ ბურთს მცველი გადაეღობა, ეპიზოდს კუთხური მოჰყვა. თამაშის 38-ე წუთზე გიორგი კურმაშვილმა ფაქტობრივად ცარიელ კართან მყოფ ზურაბ მუსელიანს გადააწოდა ბურთი, რომელმაც ხეირიანი დარტყმის შესრულება ვერ მოახერხა და სამიზნეს ააცილა. შეხვედრის 44-ე წუთზე ზურაბ მუსელიანმა ეფექტური დარტყმით სცადა გოლის გატანა, თუმცა მის დარტყმულს სიზუსტე დააკლდა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე გიორგი კურმაშვილმა შესანიშნავი რეიდი განახორციელა, დამასრულებელ ფაზაში კი ბურთი საჯარიმოში მყოფ თორნიკე მუზაშვილს გადააწოდა, ამ უკანასკნელის მიერ დარტყმული ბურთი კი ბორჯომელთა მეკარემ აიღო.

მეორე ტაიმის დებიუტში ვიტ ჯორჯიელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. ლაშა ნიკოლეიშვილმა ბურთი გიორგი გვასალიას გადააწოდა, რომელმაც დასარტყმელად თორნიკე მუზაშვილს დაუგორა, ამ უკანასკნელმა კი ზუსტი დარტყმით ანგარიშში სხვაობა გაზარდა - 3:0. თამაშის 49-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავი გიორგი ამაშუკელმა დაარტყა და ააცილა. დაპირისპირების 51-ე წუთზე კვლავ კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს ურტყამდა თავს გიორგი ამაშუკელი, თუმცა მან ამჯერადაც ააცილა. შეხვედრის 59-ე წუთზე კიდევ ერთი გატანილი გოლი ვიხილეთ. გიორგი ვაზაგაშვილის გადაცემის შედმდეგ გოლი გიორგი შეროზიამ გაიტანა - 4:0. მატჩის 63-ე წუთზე ზურაბ მუსელიანმა ზუსტი დარტყმით გაიტანა, საგოლე გადაცემა გიორგი შეროზიამ მიითვალა აქტივში - 5:0. შეხვედრის უკანასკნელს წუთზე ზურაბ მისელიანმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, ამჯერად მას ასისტენტობა დავით რომანაძემ გაუწია - 6:0.

თორი 0:6 ვიტ ჯორჯია II
გოლები: 0:1 ქისიევი (22') 0:2 კურმაშვილი (28') 0:3 მუზაშვილი (47') 0:4 შეროზია (59') 0:5 მუსელიანი (63') 0:6 მუსელიანი (90')

თორი: ლექსო ოქრომელიძე, თაბუკაშვილი, მელიქიძე, მეტრეველი, თოდრაძე, შაყულაშვილი (ალექსოვი 75'), ჯაბა ოქრომელიძე, მელიქიძე (ლუკა გელაშვილი 46'), ფირცხალავა, ბაქრაძე, მაისურაძე (ფხიკიძე 86')

ვიტ ჯორჯია II: ქავთარაძე, ამაშუკელი, სეხნიაშვილი, ქისიევი, კურმაშვილი (შეროზია 46'), ნაჭყებია, ზარიძე (ნიკოლეიშვილი 46'), ვაზაგაშვილი, მუზაშვილი, მუსელიანი, გვასალია (რომანაძე 78')

გაფრთხილება: მელიქიძე
 
უკან დაბრუნება