დინამო ბათუმი 2:1 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

11 აგვისტო 2018
ეროვნული ლიგა ორის მორიგი ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ სტუმრად გამართა. ჩვენი გუნდი ბათუმში ადგილობრივ დინამოს დაუპირისპირდა და დრამატულ მატჩში ანგარიშით - 1:2 დამარცხდა.

თამაშის მეორე წუთზე ბათუმელთა კარის მიმართულებით ცოტნე მოსიაშვილმა დაარტყა და ააცილა. მატჩის მეშვიდე წუთზე ჯონი შეროზია ჩაერთო თამაშში, მან გიორგი ჯანელიძის მიერ დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის 34-ე წუთზე ნიკოლოზ მაისურაძემ საჯარიმოში ჩააწოდა, პაატა ღუდუშაურმა თავით დაარტყა კიდეც ბათუმელთა კარისკენ, თუმცა არაზუსტად. მატჩის 39-ე წუთზე ჩვენი კარის მისამართით ლევან შარიქაძემ დაარტყა, ბურთი კარის ძელს მოხვდა, შემდეგ კი ალეკო ჩაკვეტაძემ კუთხურზე მოიგერია. გათამაშებული სტანდარტის შემდგომ, ჩვენი კარისკენ თავით გურამ ადამაძემ დაარტყა და ააცილა. პირველი ტაიმისათვის კომპენსირებულ დროში ვეტერინარებმა ანგარიში გახსნეს. ნოდარ კიკნაველიძემ შესანიშნავი სოლო-რეიდი განახორციელა, საჯარიმოში ჩააწოდა, ბათუმელთა მცველის მიერ მოგერიებული ბურთი ცოტნე მოსიაშვილს მიუვიდა, რომელმაც ძლიერად დაარტყა კარისაკენ, მეკარემ უხერხულად მოიგერია, დამატებაზე კი გოლი შოთა დავლაშელიძემ გაიტანა - 1:0.

თამაშის 50-ე წუთზე კვლავ ლევან შარიქაძემ დაარტყა ჩვენი კარისკენ, ამჯერად მისი მცდელობა არაზუსტი გამოდგა. მატჩის 54-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის მიერ დარტყმული ბურთი ჩვენს კარს ასცდა. დაპირისპირების 57-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით დანიშნული საჯრიმოდან პირდაპირ კარში დაარტყა ჯოვინო ფლამარიონმა, ბურთს ჯონი შეროზია ადგილზე დახვდა. თამაშის 73-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა ჯარიმიდან კიდევ ერთხელ დაარტყა კარისკენ, ჯონი შეროზიამ ბურთის მოგერიება ამჯერადაც მოახერხა. შეხვედრის 77-ე წუთზე ვეტერინარებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, დამასრულებელ ფაზაში დათო საჯაიას მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე პაატა ღუდუშაურმა თავით ითამაშა და კარისკენ საკმაოდ არაზუსტად დაარტყა. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდებს მატჩის რიცხვობრივ უმცირესობაში დასრულება მოუხდათ, თამაშის 88-ე წუთზე არბიტრმა მოედნიდან ბექა კაკუშაძე გააძევა. შეხვედრის ძირითადი დროისთვის კომპენსირებულ ექვს წუთში ვიტ ჯორჯიელებმა საკუთარ კარში ორი ბურთი მიიღეს... 94-ე წუთზე პენალტიდან გოლი ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა - 1:1. თამაშის 97-ე წუთზე კი ვალერიან თევდორაძემ გაიტანა - 1:2.

დინამო ბათუმი 2:1 ვიტ ჯორჯია
გოლები: 0:1 დავლაშელიძე (45+1') 1:1 ფლამარიონი (პენ. 90+4') 2:1 თევდორაძე (90+7')

დინამო ბათუმი: ალავიძე, ადამაძე, ქავთარაძე, შარიქაძე, მამუჩიშვილი, ჯანელიძე (თევდორაძე 81'), ილურიძე (აბუსელიძე 72'), გაგოშიძე, ჩალაძე, რამოსი (ფლამარიონი 46'), საბანაძე

ვიტ ჯორჯია: შეროზია, კამლაძე, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი (კაკუშაძე 62'), ღუდუშაური, კიკნაველიძე, ვასაძე, ჩიტიშვილი, მაისურაძე (საჯაია 46'), დავლაშელიძე (კურმაშვილი 60')

გაფრთხილება: გაგოშიძე, ადამაძე, თევდორაძე - დავლაშელიძე, მოსიაშვილი, კურმაშვილი, კაკუშაძე, კამლაძე, ვასაძე, ჩიტიშვილი

გაძევება: კაკუშაძე
უკან დაბრუნება