რეგიონული ლიგა: ვიტ ჯორჯია II 2:1 ცხუმი

14 აგვისტო 2018
ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა რეგიონული ლიგის გათამაშების მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდებმა მცხეთა პარკზე საფეხბურთო კლუბ ცხუმს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით - 2:1 დაამარცხეს.
 
დაპირისპირების მეოთხე წუთზე ავთანდილ ბაგაშვილმა ჯარიმიდან ჩვენი კარის მისამართით დაარტყა, ნიკა ქავთარაძემ ბურთის მოგერიება მოახერხა. ვიტ ჯორჯიელთა კიპერი თამაშში აქტიურად კიდევ ერთხელ მეშვიდე წუთზე ჩაერთო, მან ამჯერად ნოდარ ბარამიძის მიერ დარტყმული ბურთი მოიგერია. შეხვედრის მეცხრე წუთზე გიორგი ვაზაგაშვილმა ჯარიმიდან სტუმართა მეკარის ბაქანთან დაკიდა ბურთი, გიორგი ამაშუკელმა ხეირიანი დარტყმის შესრულება ვერ მოახერხა და ეპიზოდიც განიმუხტა. მატჩის მეთხუთმეტე წუთზე სტუმრებმა სტანდარტი გაითამაშეს, დამასრულებელ ფაზაში ჩვენი კარისკენ ოთარ ხუციშვილი ურტყამდა, თუმცა არაზუსტად. დაპირისპირების მეცხრამეტე წუთზე ზვიად ნაჭყებიას ჩაწოდებულ ბურთს კარისკენ თორნიკე მუზაშვილი გზავნიდა, თუმცა სტუმართა მეკარე ზუსტად გაერკვა სიტუაციაში.
 
მეორე ტაიმის დებიუტში ვიტ ჯორჯიელებმა ანგარიში გახსნეს. გათამაშებული სტანდარტიდან პირდაპირ კარში დაარტყა თორნიკე მუზაშვილმა და მატჩის 48-ე წუთზე ბურთი კარის ბადეში გაახვია - 1:0. თამაშის 52-ე წუთზე თორნიკე მუზაშვილი კიდევ ერთხელ შეეცადა გოლის გატანას, ამჯერად მის მიერ თავით დარტყმული ბურთი სტუმართა კიპერმა, გიორგი დობორჯგინიძემ, კარის ხაზიდან გამოიტანა. სტუმრებმა ანგარიშში წონასწორობის აღდგენა 67-ე წუთზე მოახერხეს, გოლი ზურაბ ჭავჭავაძემ გაიტანა - 1:1. გაშვებული გოლის შემდეგ ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქეზე ზეწოლას უმატეს, 70-ე წუთზე კუთხურიდან გიორგი ვაზაგაშვილის მიერ ჩამოწოდებული ბურთი ზურაბ მუსელიანმა თავური დარტყმით ცხუმის კარი დალაშქრა - 2:1. დარჩენილ დროში განსაკუთრებული ხიფათი არცერთი გუნდის კართან აღარ შექმნილა.
 
ვიტ ჯორჯია II 2:1 ცხუმი
გოლები: 1:0 მუზაშვილი (48’) 1:1 ჭავჭავაძე (67’) 2:1 მუსელიანი (70’)
 
ვიტ ჯორჯია II: ქავთარაძე, შეროზია, ამაშუკელი, სეხნიაშვილი, ქისიევი, ნიკოლეიშვილი, მუზაშვილი, ვაზაგაშვილი, ნაჭყებია, ნანეტაშვილი (გვასალია 58’), მუსელიანი (მეტრეველი 90’)
 
ცხუმი: დობორჯგინიძე, თვარაძე, ხუციშვილი, ჭავჭავაძე, ჯალაღონია, ყარსიმაშვილი, გაგნიძე, ბარამიძე (ტიელიძე 60’), ბუნოიანი (ზუბიაშვილი 46’), ბაგაშვილი, აფშინაშვილი
 
გაფრთხილება: მუზაშვილი, ვაზაგაშვილი - ყარსიმაშვილი, თვარაძე
 
უკან დაბრუნება