ვიტ ჯორჯია 2:2 მერანი [ფოტო+ვიდეო]

18 აგვისტო 2018
დღეს, მცხეთა პარკზე, ვიტ ჯორჯიამ ეროვნული ლიგა ორის XXI ტურის შეხვედრა გამართა. ჩვენმა გუნდმა მარტვილის მერანს უმასპინძლა, თამაში ფრედ - 2:2 დასრულდა.
 
მეოთხე წუთზე ვახტანგ კვარაცხელიას მიერ დარტყმული ბურთი მარტვილელთა კარს ასცდა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში სტუმრებმა ჯარიმა მოიპოვეს, სტანდარტიდან პირდაპირ კარში დაარტყა გიორგი ტყეშელაშვილმა, ბურთი ვეტერინართა კიპერმა, ჯონი შეროზიამ, მოედნის ფარგლებს გარეთ მოიგერია. კუთხურიდან ჩვენს საჯარიმოში ჩამოწოდებულ ბურთს კარისკენ იაროსლავ გალენკო გზავნიდა, თუმცა ვიტ ჯორჯიელებმა იერიშის მოგერიება მოახერხეს. მეშვიდე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს, სტანდარტიდან მეკარის ბაქანთან ნოდარ კიკნაველიძემ ჩააწოდა, ბურთს კარისკენ ალეკო ჩაკვეტაძე გზავნიდა, თუმცა ბურთი მარტვილელ ფეხბურთელს მოხვდა და ეპიზოდს კიდევ ერთი კუთხური მოყვა, რომლის შემდეგაც განსაკუთრებული ხიფათი აღარ შექმნილა მერანის კართან. თამაშის მეცამეტე წუთზე ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდებმა ანგარიში გახსნეს, გიორგი ვეკუას გადაცემის შემდეგ გოლი ნოდარ კიკნაველიძემ გაიტანა - 1:0. ხსენებული ეპიზოდიდან ორ წუთში ცოტნე მოსიაშვილმა არაზუსტად დაარტყა მერანის კარისკენ. თამაშის მეთვრამეტე წუთზე ნიკა მაისურაძის გადაცემის შემდგომ მარტვილელთა კარის მისამართით ნოდარ კიკნაველიძემ დაარტყა და ააცილა. დაპირისპირების 32-ე წუთზე გიორგი ვეკუას გადაცემის შემდეგ მერანის კარისკენ ცოტნე მოსიაშვილმა დაარტყა, სტუმართა კიპერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. მატჩის 37-ე წუთზე გოლის გატანას გიორგი ვეკუა შეეცადა, თუმცა მის დარტყმულს სიზუსტე დააკლდა. პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე, მარტვილელთა ფეხბურთელმა საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, არბიტრმა მყისვე თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა. პენალტიდან გოლი ჯონი შეროზიამ გაიტანა - 2:0. პირველი ნახევრისათვის კომპენსირებულ დროში ჩვენი კარისკენ ნიკოლოზ ხინთიბიძემ დაარტყა და ააცილა.
 
დაპირისპირების 48-ე წუთზე ჩვენი კარის მისამართით ვანო კურდღელაშვილმა დაარტყა, შედეგად სტუმრებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს. სტანდარტიდან ჩვენს საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი გიორგი ციმაკურიძემ დაარტყა, ვეტერინართა კიპერმა ამჯერადაც დამაჯერებლად ითამაშა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა. მატჩის 71-ე წუთზე ჩვენი კარისკენ თავით კიჭი მელიავამ დაარტყა და ააცილა. შეხვედრის 82-ე წუთზ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე დავით ციცხვაიამ ითამაშა და სხვაობა შეამცირა - 2:1. სტუმრებმა შეხვედრის 84-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს, გოლი გიორგი ციმაკურიძემ გაიტანა - 2:2.
 
ვიტ ჯორჯია 2:2 მერანი
გოლები: 1:0 კიკნაველიძე (13’) 2:0 შეროზია (პენ. 44’) 2:1 ციცხვაია (82’) 2:2 ციმაკურიძე (84’)
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, კამლაძე, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი (დავლაშელიძე 75'), ღუდუშაური, ვეკუა (ვასაძე 66'), კიკნაველიძე, კვარაცხელია (ზარიძე 55'), მაისურაძე, საჯაია
 
მერანი: მეშველიანი, ზახარჩენკო, ციმაკურიძე, გეგია, მირონენკო, ხინთიბიძე, გალენკო (კურდღელაშვილი 46'), ტყეშელაშვილი, მოსიაშვილი (ციცხვაია 76'), ფაცაცია (დუგუ 46'), მელიავა
 
გაფრთხილება: ვეკუა, ღუდუშაური - გალენკო, მოსიაშვილი, ხინთიბიძე
 
 
უკან დაბრუნება