ვიტ ჯორჯია 2:0 გაგრა [ფოტო+ვიდეო]

31 აგვისტო 2018
ვიტ ჯორჯიამ ეროვნული ლიგა ორის ოცდამესამე ტურის შეხვედრა მცხეთა პარკზე გამართა. ჩვენმა გუნდმა საფეხბურთო კლუბ გაგრას უმასპინძლა და მეტოქე მშრალი ანგარიშით - 2:0 დაამარცხა.
 
ვეტერინარებმა მეტოქის კარს საწყის წუთებშივე შეუტიეს. თამაშის მეჩვიდმეტე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა მორიგ იერიშს ზურაბ მუსელიანის თავური დარტყმა მოჰყვა, თუმცა მას ცოტა დააკლდა გოლის გასატანად, ბურთს მეკარე დაეუფლა. დაპირისპირების 24-ე წუთზე სტუმრებმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს თამაშის წესები დააღვიეს. სტანდარტიდან გაგრელთა საჯარიმოში ნოდარ კიკნაველიძემ ჩააწოდა, მაღალ ბურთზე თავით ვახტანგ კვარაცხელიამ ითამაშა, რომელმაც მეურვე იოლად ჩამოიცილა, კარისკენაც დაარტყა, თუმცა სამიზნეს ააცილა. შეტევის მარცხენა ფრთიდან მატჩის 28-ე წუთზე ნოდარ კიკნაველიძემ შესანიშნავი რეიდი განახორციელა, კარისკენაც დაარტყა, ბურთს სტუმართა მეკარე დაუეფლა.  შეხვედრის 31-ე წუთზე ვეტერინარებმა ანგარიში გახსნეს, ზურაბ მუსელიანმა მეტოქე გუნდის მცველისა და მეკარის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა - 1:0. სტუმრებმა საკმაოდ სახიფათო საჯარიმო დარტყმის შესრულების უფლება თამაშის 35-ე წუთზე მიიღეს, საბოლოოდ რატი ცაცკრიალაშვილის მიერ დარტყმული ბურთი ცოცხალ კედელში მდგომმა ვიტ ჯორჯიელებმა მოიგერიეს. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში სტუმრებმა კიდევ ერთხელ ჩააწოდეს ჩვენს საჯარიმოში სტანდარტიდან, ამჯერად კარისკენ თავით ერეკლე კილაძემ დაარტყა და ააცილა. პირველი ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე ნიკოლოზ მაისურაძემ შორი მანძილიდან სცადა გაგრელთა კარის აღება, თუმცა ბურთი კიპერმა ხელებში დააფიქსირა. სტუმრებმა თამაშის 45-ე წუთზე ჩვენი კარისკენ კიდევ ერთხელ დაარტყეს, თორნიკე გაფრინდაშვილის მიერ გასროლილი ბურთი ჯონი შეროზიამ კუთხურზე მოიგერია.
 
დაპირისპირების 50-ე წუთზე ზურაბ მუსელიანმა ორთაბრძოლაში ჯაბა კასრელიშვილი დაჯაბნა, ბურთი მოიპოვა და შეტევაში ჩართულ დათო საჯაიას დაუგორა, რომელმაც საშუალო დისტანციიდან დაარტყა, სტუმართა კიპერმა ბურთი ხელებში დააფიქსირა. აღნიშნული ეპიზოდიდან სამ წუთში გიორგი ვეკუამ პასი ნიკოლოზ მაისურაძეს გადააწოდა, ეს უკანასკნელი სტუმართა მეკარემ საკუთარ საჯარიმოში წააქიცა, არბიტრმა მყისვე პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. თერთმეტმეტრიანის შესრულება თავის თავზე ვეტერინართა კაპიტანმა, ჯონი შეროზიამ აიღო, რომელმაც უზადოდ დაარტყა და გაიტანა - 2:0. დათო საჯაიას მიერ გაგრელთა სჯარიმოში თამაშის 57-ე წუთზე  ჩაწოდებულ ბურთს ზურამ მუსელიანი ვარდნაში გზავნიდა კარისკენ, თუმცა სამიზნეს ააცილა. შეხვედრის 61-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით თორნიკე გაფრინდაშვილმა დაარტყა, ჯონი შეროზია ბურთს ადგილზე დახვდა. დარჩენილ დროში გუნდებმა რამდენიმე სახიფათო იერიში გაცვალეს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

ვიტ ჯორჯია 2:0 გაგრა
გოლები: 1:0 მუსელიანი (31’) 2:0 შეროზია (პენ. 55’)

ვიტ ჯორჯია: შეროზია, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, ვეკუა, კიკნაველიძე, ვასაძე, კვარაცხელია (კურმაშვილი 73'), ჩიტიშვილი, მაისურაძე (ზარიძე 74'), საჯაია, მუსელიანი (მოსიაშვილი 62')
 
გაგრა: შევჩუკი, კასრელიშვილი (სულთანიშვილი 57'), რატი გაფრინდაშვილი, მაგრაქველიძე, ცაცკრიალაშვილი (მათიაშვილი 67'), ხაბელაშვილი, პაპავა, გიორგი გაფრინდაშვილი, კაკიაშვილი, სპანდერაშვილი (ლომსაძე 61'), კილაძე
 
გაფრთხილება: ვეკუა - ცაცკრიალაშვილი, კაკიაშვილი, შევჩუკი
 
უკან დაბრუნება