შევარდენი 1:0 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

25 სექტემბერი 2018
ეროვნული ლიგა ორის მორიგი ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ სტუმრად გამართა. ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილი გუნდი დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე საფეხბურთო კლუბ შევარდენს დაუპირისპირდა და ანგარიშით - 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის მესამე წუთზე ჩვენს საჯარიმოში ბურთი დავით ოდიკაძემ ჩააწოდა, თავით კარისკენ გოგიტა გოგატიშვილმა დაარტყა და ააცილა. თამაშის 35-ე წუთზე ალეკო ჩაკვეტემ სტანდარტიდან საჯარიმოში ჩაჰკიდა, თავით ირაკლი კამლაძემ დაარტყა კარისკენ, ბურთს მეკარე დაეუფლა. პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს, ფელიპე პაიმის გადაცემის შემდეგ 41-ე წუთზე გოლი გოგიტა გოგატიშვილმა გაიტანა - 0:1.

თამაშის 47-ე წუთზე დავით ოდიკაძემ ჩვენი კარისკენ საჯარიმო დარტყმიდან გაისროლა და ააცილა. დაპირისპირების 50-ე წუთზე ზვიად ქანთარიას მიერ დარტყმული ბურთი ჩვენი კარის ძელს მოხვდა. შეხვედრის 56-ე წუთზე ჩვენი კარისკენ კვლავ ზვიად ქანთარიამ დაარტყა, ამჯერად მან საკმაო მანძილით ააცილა. ვიტ ჯორჯიელებმა 64-ე წუთზე პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს, თერთმეტმეტრიანის შესრულება თავის თავზე ჯონი შეროზიამ აიღო, ბურთი კარის ძელს მოხვდა, ვეტერინართა შეტევა გაგრძელდა და საბოლოოდ ეპიზოდი კუთხურით დასრულდა, სტანდარს კი გამწვავება აღარ მოჰყოლია. მატჩის 74-ე წუთზე ვახტანგ კვარაცხელიამ საშუალო დისტანციიდან ვერ მოახერხა ზუსტი დარტყმის შესრულება და ბურთის ფაქტობრივად დაუცველ კარში გადაგზავნა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში შორი მანძილიდან შოთა დავლაშელიძემ დაარტყა შევარდენის კარის მიმართულებით და ააცილა. თამაშის ძირითადი დროის დასრულებამდე ათი წუთით ადრე, ვეტერინარებმა საკმაოდ სახიფათო სტანდარტის შესრულების უფლება მოიპოვეს, ჯარიმიდან შევარდენის კარის მიმართულებით ბურთს პაატა ღუდუშაური გზავნიდა, თუმცა საკმაო მანძილით ააცილა სამიზნეს. ვახტანგ კვარაცხელიას 86-ე წუთზე კიდევ ერთხელ მიეცა გოლის გატანისა და ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა, მან ამჯერად ნოდარ კიკნაველიძის მიერ კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს დაარტყა თავი, თუმცა მასპინძელთა კიპერმა დროულად მოახდინა რეაგირება და საბოლოოდ შევარდენის ფეხბურთელებმა ერთობლივი ძალებით მოახერხეს იერიშის მოგერიება. მსაჯის მიერ ძირითადი დროისთვის კომპენსირებულ დროში გიორგი გეთიაშვილს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა მისი დარტყმული შევარდენის კიპერმა კარის ხაზიდან მოიგერია.
 
შევარდენი 1:0 ვიტ ჯორჯია
გოლი: გოგატიშვილი (41’)
გამოუყენებელი პენალტი: შეროზია - ძელი (64’)
 
შევარდენი: ნადირაძე, სატურნინიო, პატარკაციშვილი, ვალეევი, ქანთარია, პაიმი (ჯიქია 74'), ჩიკვაიძე, ლომაშვილი, ჯიშკარიანი, ოდიკაძე (მეგრელაძე 49'), გოგატიშვილი (სალუქვაძე 82')
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, კამლაძე, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი (მაისურაძე 46'), კიკნაველიძე, ვასაძე (ვეკუა 57'), კვარაცხელია, კაკუშაძე (ღუდუშაური 46'), საჯაია, დავლაშელიძე
 
გაფრთხილება: პაიმი, ლომაშვილი, მეგრელაძე - მოსიაშვილი
 

 
უკან დაბრუნება