ცხინვალი 0:2 ვიტ ჯორჯია

20 ოქტომბერი 2018
დღეს, დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე, ვიტ ჯორჯიამ ეროვნული ლიგა ორის XXVIII ტურის შეხვედრა გამართა. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდები გასვლით მატჩში საფეხბურთო კლუბ ცხინვალს დაუპირისპირდნენ და მეტოქე მშრალი ანგარიშით - 2:0 დაამარცხეს.
 
ანგარიში შეხვედრის დებიუტშივე გაიხსნა, მეთერთმეტე წუთზე ბექა კაკუშაძის გადაცემის შემდეგ გოლი ზურაბ მუსელიანმა გაიტანა - 1:0. გოლის გატანის კიდევ ერთი შანსი ვიტ ჯორჯიელებს 24-ე წუთზე მიეცათ, გიორგი ვასაძემ შესანიშნავი რეიდი განახორციელა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, კარისკენ დაარტყა კიდეც, თუმცა ააცილა. თამაშის 28-ე წუთზე ჩვენი კარისაკენ ანდრო ნემსაძემ დაარტყა და ააცილა. დაპირისპირების 32-ე წუთზე ვეტერინარებმა კუთხურის ჩამოწოდების უფლება მოიპოვეს, სტანდარტიდან საჯარიმოში ბურთი ნოდარ კიკნაველიძემ გაგზავნა, მცველების მიერ მოგერიებული ბურთი პაატა ღუდუშაურს მიუვიდა, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა და სამიზნეს საკმაო მანძილით ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ცხინვალელთა კარის მიმართულებით დათო საჯაიამ დაარტყა, ბურთი დავით ლეგაშვილმა მოიგერია და ნოდარ კიკნაველიძეს მიუვიდა, ამ უკანასკნელის მიერ საჯარიმოში დაბრუნებული ბურთი კი მცველებმა მოიგერიეს და ხიფათიც განიმუხტა. მატჩის 36-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა სახიფათო საჯარიმო დარტყმის შესრულების უფლება მოიპოვეს, სტანდარტიდან პაატა ღუდუშაურმა დაარტყა, ბურთი ცოცხალ კედელში მდგარ ცხინვალელ მოთამაშეს მოხვდა, მსაჯმა კი პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმის შესრულება თავის თავზე პაატა ღუდუშაურმა აიღო, მის მიერ დარტყმული ბურთი თავდაპირველად ცხინვალელთა კიპერმა მოიგერია, თუმცა დამატებაზე ზუსტად დაარტყა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა - 2:0. თამაშის 39-ე წუთზე შორი დისტანციიდან ბექა კაკუშაძემ დაარტყა ცხინვალელთა კარის მისამართით და მცირედით ააცილა.
შეხვედრის 53-ე წუთზე ჩვენი კარისკენ გიორგი ცერცვაძემ არაზუსტად დაარტყა. თამაშის 60-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს კარისკენ ნიკა წივწივაძე გზავნიდა, თუმცა ვიტ ჯორჯიელთა კიპერმა ნიკა ქავთარაძემ ეპიზოდი სწორად შეაფასა და ბურთის ხელებში დაფიქსირება მოახერხა. მატჩის 67-ე წუთზე ნიკა ქავთარაძემ ურთულესი დარტყმულის მოგერიება მოახერხა, მან ზვიად მეტრეველის მიერ გასროლილი ბურთი დაიმორჩილა. დაპირისპირების 78-ე წუთზე ზურაბ მუსელიანის გადაცემის შემდეგ ცხინვალელთა კარისკენ გიორგი ვასაძემ დაარტყა, ბურთს მასპინძელთა კიპერი დაეუფლა.
 
ცხინვალი 0:2 ვიტ ჯორჯია
გოლები: 0:1 მუსელიანი (11’) 0:2 ღუდუშაური (36’)
გამოუყენებელი პენალტი: ღუდუშაური (36’)
ცხინვალი: ლეგაშვილი, ყურშავიშვილი, ლაცაბიძე, ცერცვაძე, ვარძელაშვილი (ბარაბაძე 46'), მეტრეველი, ნემსაძე (კიკნაძე 46'), მენა, ლობჯანიძე, წივწივაძე (ხუბუა 76'), ღიბრაძე
 
ვიტ ჯორჯია: ქავთარაძე, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, ღუდუშაური (ღირდალაძე 86'), მუსელიანი, კიკნაველიძე, ვასაძე, ჩიტიშვილი, კაკუშაძე (მოსიაშვილი 62'), მაისურაძე (ვეკუა 77'), საჯაია
 
გაფრთხილება: ღიბრაძე, ყურშავიშვილი, მეტრეველი, კიკნაძე - ჩიტიშვილი, საჯაია, მოსიაშვილი, ღიურდალაძე
 
გაძევება: ცერცვაძე
 
 
 
უკან დაბრუნება