ვიტ ჯორჯია 2:0 დინამო ბათუმი [ფოტო+ვიდეო]

26 ოქტომბერი 2018
ეროვნული ლიგა ორის XXIX ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ საკუთარ მოედანზე გამართა. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდებმა ბათუმის დინამოს მცხეთა პარკზე უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით - 2:0 დაამარცხეს.

ვიტ ჯორჯიელებმა შეხვედრა საწყისი წუთებიდანვე აქტიურად დაიწყეს. პირველი სახიფათო დარტყმა მეცხრე წუთზე ბათუმელთა კარის მიმართულებით ნიკა მაისურაძემ განახორციელა, სტუმართა კიპერმა ბურთი ნახტომში მოიგერია. დაპირისპირების 21-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა ფილიგრანული პასით ბექა კაკუშაძე მოწინააღმდეგე გუნდის კიპერთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა ვიტ ჯორჯიელთა შემტევის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის 34-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონის გადაცემის შემდეგ ჩვენი კარის მისამართით გაბრიელ რამოსმა დაარტყა და ააცილა. მატჩის 41-ე წუთზე ჩვენი კარისკენ ლევან შარიქაძემ დაარტყა, ბურთი კარს ზემოდან გადაევლო. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში შორი დისტანციიდან ბათუმელთა კარისკენ ცოტნე მოსიაშვილმა დაარტყა, ბურთს მეკარე დაეუფლა.

ანგარიში თამაშის 46-ე წუთზე გაიხსნა, პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ ზღვისპირელთა კარის მისამართით ზურაბ მუსელიანმა დაარტყა, ბურთზე სტუმართა ფეხბურთელმა ითამაშა, რომელიც მოგერიებას შეეცადა, თუმცა გიორგი ქავთარაძემ საბოლოოდ საკუთარ კარში ჩაჭრა - 1:0. ვიტ ჯორჯიელებმა თამაშის 64-ე წუთზე სახიფათო საჯარიმო დარტყმის შესრულების უფლება მოიპოვეს, სტანდარტიდან ბათუმელთა კარისკენ პაატა ღუდუშაურმა დაარტყა, ხარიხიდან ასხლეტილი ბურთი კი საკუთარ კარში გელა გოგიტიძემ ჩაჭრა - 2:0. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. ვეტერინარებმა დინამო ბათუმის 14 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ბათუმელთა წაუგებელი სერია, სწორედ ვიტ ჯორჯიასთან თასზე განცდილი მარცხის შემდეგ დაიწყო.

ვიტ ჯორჯია 2:0 დინამო ბათუმი
გოლები:
1:0 ქავთარაძე (ავტოგოლი 46’) 2:0 გოგოტიძე (ავტოგოლი 64’)
 
ვიტ ჯორჯია: ქავთარაძე, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი, ღუდუშაური (ღირდალაძე 83'), ვეკუა, მუსელიანი, კიკნაველიძე, ჩიტიშვილი, კაკუშაძე (ზარიძე 79'), მაისურაძე (ვასაძე 69')
 
დინამო ბათუმი: გოშაძე, განუგრავა (ილურიძე 59') (აბუსელიძე 63'), გოგიტიძე, ქავთარაძე, ვარშანიძე, შარიქაძე, გაგოშიძე (ადამაძე 90'), ჩალაძე, რამოსი, ფლამარიონი, საბანაძე
 
გაფრთხილება: მოსიაშვილი, მაისურაძე, ზარიძე
უკან დაბრუნება