მერანი 0:1 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

31 ოქტომბერი 2018
ეროვნული ლიგა ორის ეცდამეათე ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ სტუმრად გამართა. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდები გასვლით მატჩში მარტვილის მერანს დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს.
 
პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი მასპინძლებმა მეთერთმეტე შექმნეს, რომელსაც საშუალო დისტანციიდან ოლეგ ლუცენკოს დარტყმა მოჰყვა, საბოლოოდ ბურთი ვიტ ჯორჯიელთა კარს საკმაო მანძილით ასცდა. აღნიშნული ეპიზოდიდან სამ წუთში ჩვენი კარის მისამართით  ვანო კურდღელაშვილმა დაარტყა, ჯონი შეროზია ბურთს ადგილზე დაუხვდა. შეხვედრის მეთხუთმეტე წუთზე, გიორგი ვეკუას გადაცემის შემდეგ მერანის საჯარიმოს მისადგომებთან ახლოს მყოფმა ზურაბ ღირდალაძემ მარტვილელთა კარისკენ დაარტყა, ბურთს კიპერი დაეუფლა. ხსენებული მომენტიდან ერთ წუთში ბექა კაკუშაძემ ტექნიკური დარტყმით სცადა მარტვილელთა კარის აღება, თუმცა ბურთი სამიზნეს მცირედით ასცდა. დაპირისპირების მეოცე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმა მასპინძლებმა გაითამაშეს, დამასრულებელ ფაზაში საშუალო დისტანციიდან კარში ცოტნე ფაცაციამ დაარტყა, ჯონი შეროზია ბურთს ადგილზე დახვდა. ერთ წუთში ვიტ ჯორჯიელებმა საპასუხო დარტყმა განახორციელეს, პაატა ღუდუშაურის მიერ გასროლილი ბურთი მერანის მეკარემ დაიმორჩილა.

მეორე ნახევრის დებიუტში, 47-ე წუთზე,  მერანი გაშვებული გოლისგან ძელმა იხსნა, ცოტნე მოსიაშვილის მიერ გასროლილი ბურთი კარის ჩარჩომ მოიგერია. თამაშის 50-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში სტანდარტიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი დავით ციცხვაიამ დაარტყა და კარს საკმაო მანძილით ააცილა. მატჩის 61-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა მასპინძელთა კარისკენ დაარტყა და ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში ნიკოლოზ ხინთიბიძის მიერ დარტყმული ბურთი ჯონი შეროზიამ კუთხურზე მოიგერია. ანგარიში შეხვედრის 72-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა გახსნა, რომელმაც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე რამდენიმე მერუვე ჩამოიცილა, კარში დაარტყა და გაიტანა კიდეც - 1;0. მატჩის უკანასკნელ წუთზე მარტვილელთა კარის აღებას გიორგი ვეკუა შეეცადა, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი სამიზნეს ასცდა.
 
მერანი 0:1 ვიტ ჯორჯია
გოლი:
ღუდუშაური (72’)
 
მერანი: კულუა, ციმაკურიძე, გეგია (ვაჟა ფაცაცია 82'), ხინთიბიძე, კურდღელაშვილი (მოსიაშვილი 70'), ტყეშელაშვილი, ლუცენკო (ჭაბუკიანი 64'), მოსემღვდლიშვილი, ცოტნე ფაცაცია, მელიავა, ციცხვაია
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი, ღუდუშაური, ღირდალაძე, ვეკუა, ჩიტიშვილი (კამლაძე 79'), კაკუშაძე (კიკნაველიძე 62'), მაისურაძე (ვასაძე 52'), საჯაია
 
გაფრთხილება: გეგია, ხინთიბიძე - ღუდუშაური, მოსიაშვილი
 
 
უკან დაბრუნება