რეგიონალური ლიგა: ვიტ ჯორჯია II 2:0 კოლხი [ფოტო+ვიდეო]

01 ნოემბერი 2018

ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა რეგიონალური ლიგის გათამაშების მეორე ეტაპის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. ვეტერინარებმა მეტოქეს მცხეთა პარკზე უმასპინძლეს, მერაბ კოჭლაშვილის შეგირდებმა კოლხი ანგარიშით - 2:0 დაამარცხეს.

 

სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე მატჩი ორივე გუნდისათვის პრინციპული ხასიათის იყო, რაც შეხვედრის მსვლელობაზე აისახა კიდეც. დაძაბულობა, ორთაბრძოლები, ბარათები, პენალტები და რაც მთავარია გოლები... 

 

სათამაშო უპირატესობას ვიტ ჯორჯიელები საწყისი წუთებიდანვე დაეუფლნენ, რეალური საგოლე მომენტი დაპირისპირების მეთორმეტე წუთზე ვიხილეთ. გიორგი კურმაშვილს მოწინააღმდეგის კარის აღების შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი კარს ასცდა. თამაშის 24- წუთზე ზურაბ მუსელიანმა შესანიშნავი ეპიზოდი შემოგვთავაზა, მოტყუებული მცველი და მეკარე, ცარიელი კარის მისამართით გაგზავნილი ბურთი და... კოლხი სასწაულებრივად გადაურჩა გაშვებულ გოლს, ბურთმა კარის ძელს გვერდით ჩაუარა. ვიტ ჯორიელებმა საწადელს 38- წუთზე მიაღწიეს, ჩვენი გუნდის მორიგი იერიში გიორგი კურმაშვილის ზუსტი დარტყმით დასრულდა - 1:0. 

 

შეხვედრის მესამოცე წუთზე ჩვენი მეტოქის სასარგებლოდ მსაჯმა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა, პენალტის შესრულება თავის თავზე გიორგი ბაზუაშვილმა აიღო - ნიკა ქავთარაძემ სიტუაცია სწორად შეაფასა და ბურთი ხელებში დააფიქსირა. აღნიშნული ეპიზოდიდან ხუთ წუთში კოლხის კარის აღებას ჯაბა ლეშკაშელი შეეცადა, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთზე სტუმართა მცველმა ხელით ითამაშა და თავის მხრივ ვეტერინარებმაც მიიღეს პენალტის დარტყმის უფლება. თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა გიორგი ვაზაგაშვილმა შეასრულა და მატჩის საფინალო ანგარიშიც დაფიქსირდა - 2:0.

 

ვიტ ჯორჯია II 2:0 კოლხი

გოლები: 1:0 კურმაშვილი (38') 2:0 ვაზაგაშვილი (პენ. 65')

 

ვიტ ჯორჯია II: ქავთარაძე, ამაშუკელი, სეხნიაშვილი, ქისიევი, კურმაშვილი, შეროზია (მეტრეველი 78'), ზარიძე, ვაზაგაშვილი, ნაჭყებია (როსტიაშვილი 90'), მუსელიანი (ლეშკაშელი 46'), გვასალია

 

კოლხი: აბულაშვილი, წენგუაშვილი, ცქიტიშვილი, ხუბუა, კვარაცხელია, გაბრიაძე (გუჯაბიძე 76'), ჩიქავა, ჯაფარი (სულამანიძე 46'), ბაზუაშვილი (ზანდარაშვილი 70'), ჩუბითიძე, სოსელია

 

გაფრთხილება: სეხნიაშვილი, ვაზაგაშვილი, ნაჭყებია, კურმაშვილი - ბაზუაშვილი, ჯაფარი, სოსელია, ზანდარაშვილი

უკან დაბრუნება