ვიტ ჯორჯია 1:0 თელავი [ფოტო+ვიდეო]

04 ნოემბერი 2018
ეროვნული ლიგა ორის ოცდამეთერთმეტე ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ საკუთარ მოედანზე გამართა. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდებმა მცხეთა პარკზე საფეხბურთო კლუბ თელავს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს.

მატჩის საწყისი წუთები ორმხრივ შეტევებში წარიმართა. დაპირისპირების მეოთხე წუთზე ჩვენი კარის მისამართით სახიფათოდ დაარტყა მიხეილ ბაშელეიშვილმა, თუმცა მის გასროლილს სიზუსტე დააკლდა. შეხვედრის მერვე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს, საჯარიმოში სტანდარტიდან ნოდარ კიკნაველიძემ ჩააწოდა, სადაც საჰაერო ორთაბრძოლა ალეკო ჩაკვეტაძემ მოიგო, თავით დაარტყა კიდეც თელაველთა კარისკენ და რომ არა ძელი გოლი გარდაუვალი იყო, საბოლოოდ კარის ჩარჩოდან ასხლეტილი ბურთი მცველებმა მოიგერიეს და ხიფათიც განიმუხტა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ჩვენი კარისკენ კვლავ მიხეილ ბაშალეიშვილმა დაარტყა, ამჯერად იგი თავური დარტყმით ეცადა გოლის გატანას, თუმცა მისი მცდელობა ამ ჯერზეც წარუმატებელი გამოდგა. თამაშის მეთერთმეტე წუთზე თელაველთა კარის მისამართით ნოდარ კიკნაველიძემ დაარტყა და ააცილა. მატჩის მეთექვსმეტე წუთზე ახლო მანძილიდან ვასილ გოგოლიძემ ჩვენი კარისკენ საკმაოდ არაზუსტად დაარტყა. დაპირისპირების 21-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ გოლის გატანის კარგი შესაძლელობა ჰქონდა ზურაბ მუსელიანს, რომელმაც ხეირიანი დარტყმის შესრულება ვერ მოახერხა. შეხვედრის 24-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ გოლი ზურაბ ღირდალაძემ გაიტანა, თუმცა თანამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და ბურთიც არ ჩაითვალა. მატჩის 42-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ თელაველთა კარის აღების შესანიშნავი შანსი გაუშვა ზურაბ ღირდალაძემ, რომელმაც ფაქტობრივად დაუცველ კარში ბურთის გადაგზავნა ვერ მოახერხა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე ვეტერინარებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს სტუმართა კარში ბურთის შეგორება, რევაზ ჩიტიშვილმა ზუსტად დაარტყა, თანამსაჯმა კი თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

მეორე ნახევრის დებიუტში, 47-ე წუთზე, გოლის გატანა პაატა ღუდუშაურს შეეძლო, რომლის დარტყმულიც თელაველთა კიპერმა მოიგერია. თამაშის 55-ე წუთზე პაატა ღუდუშაურისა და თელაველთა კიპერის, ლუკა სანიკიძის დუელი კვლავ გაგრძელდა, ამჯერად სტუმართა მეკარემ ვიტ ჯორჯიელთა შემტევის მიერ დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის 60-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა შესანიშნავი სოლო-რეიდი განახორციელა, რომელიც ზუსტი დარტყმითა და გატანილი გოლით დაასრულა - 1:0. სტუმართა გუნდი გაშვებული გოლისგან 71-ე წუთზე ხარიხამ იხსნა, შოთა დავლაშელიძის მიერ შორი დისტანციიდან გასროლილი ბურთი კარის ჩარჩოს მოხვდა და მოედნის ფარგლები დატოვა. დაპირისპირების 77-ე წუთზე ნოდარ კიკნაველიძის მიერ დარტყმული ბურთი თელაველთა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის 88-ე წუთზე თელაველთა კიპერმა ბურთი უხერხულად მოიგერია და ბექა კაკუშაძეს მიუვიდა, რომელმაც პირდაპირ კარში დაარტყა და რომ არა მცველი, რომელმაც კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი, ვეტერინარები ანგარიშში სხვაობას კიდევ გაზრდიდნენ.
 
ვიტ ჯორჯია 1:0 თელავი
გოლი:
ღუდუშაური (60’)
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, ღუდუშაური, ღირდალაძე (კაკუშაძე 71'), ვეკუა, მუსელიანი (კვარაცხელია 56'), კიკნაველიძე, ჩიტიშვილი, მაისურაძე (დავლაშელიძე 56'), საჯაია
 
თელავი: სანიკიძე, თოლორდავა, მარაქველიძე, ბერიაშვილი, ნოზაძე (იოსელიანი 82'), მიხეილ ბაშელეიშვილი, ნიკოლოზ ბაშელეიშვილი, მურველაშვილი (ჯიქია 53'), ტვილდიანი, გოგოლიძე (რუხაძე 65'), ნიქაბაძე
 
გაფრთხილება: ღირდალაძე - მურველაშვილი, ბერიაშვილი
გაძევება: მარაქველიძე
 
უკან დაბრუნება