შუქურა 0:2 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

23 ნოემბერი 2018
ეროვნული ლიგა ორის ოცდამეცამეტე ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ სტუმრად გამართა. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდები ქობულეთში ადგილობრივ შუქურას დაუპირისპირდნენ და მეტოქე მშრალი ანგარიშით - 2:0 დაამარცხეს.
 
საწყის წუთებში ქობულეთელებმა ორჯერ დაარტყეს ჩვენი კარის მისამართით, მეორე წუთზე დოს რეის რამოსის მიერ დარტყმული ბურთი ჯონი შეროზიამ ხელებში დააფიქსირა, ვიტ ჯორჯიელთა კიპერს ორ წუთში კიდევ ერთხელ მოუხდა საქმეში აქტიურად ჩართვა, იგი ამჯერად ირაკლი ქათამაძის მიერ დარტყმული ბურთს გაუმკლავდა. შეხვედრის მეცხრე წუთზე მასპინძლები გაშვებულ გოლს გადაურჩნენ, ნიკოლოზ მაისურაძის მიერ კარის მისამართით გაგზავნილი ბურთი მცირედი რიკოშეტის შედეგად კარის ხარიხას მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. დაპირისპირების მეთვრამეტე წუთზე პაატა ღუდუშაურის მიერ დარტყმული ბურთი მასპინძელთა კიპერმა დაიმორჩილა. შეხვედრის 28-ე წუთზე ნიკოლოზ მაისურაძის დარტყმას კუთხური მოჰყვა, სტანდარტიდან შუქურას კართან ხიფათი აღარ შექმნილა. პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს სახიფათო სტანდარტის შესრულების უფლება მოიპოვეს, შეტევის დამასრულებელ ფაზაში გიორგი კურმაშვილის მიერ დარტყმული ბურთი მასპინძელთა მცველებმა და მეკარემ ერთობლივი ძალებით მოიგერიეს.

შეხვედრის 47-ე წუთზე გიორგი ჩელებაძემ შორი მანძილიდან დაარტყა და ბურთი ჩვენს კარს ზემოდან გადაევლო. მატჩის 75-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ მასპინძელთა კარისკენ ნიკოლოზ მაისურაძემ დაარტყა, შუქურას კიპერმა ბურთი ხელებში დააფიქსირა. ანგარიში დაპირისპირების 82-ე წუთზე გაიხსნა, პაატა ღუდუშაურის მიერ დარტყმული ბურთი შუქურას კიპერმა უხერხულად მოიგერია, დამატებაზე კი ზურაბ მუსელიანმა იყოჩაღა და საკუთარი გუნდი დააწინაურა - 1:0. გოლიდან ორ წუთში ვიტ ჯორჯიელებმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს, ნოდარ კიკნაველიძის მიერ მეტოქის საჯარიმოში გაგზავნილი ბურთი მასპინძელთა ფეხბურთელს შეეხო და კარის ბადეში გაეხვა - 2:0.


შუქურა 0:2 ვიტ ჯორჯია
გოლები: 0:1 მუსელიანი (82') 0:2 კიკნაველიძე (85')
 
შუქურა: ტაკიძე, ბულუხაძე (ჭანუყვაძე 86'), კალანდაძე, კალანდია, ქათამაძე (ლებანიძე 80'), რამოსი, ჩელებაძე, მუხულიშვილი, ექვთიმიშვილი (გარაკოევი 88'), ნუნიეში, სანაშვილი
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, ღუდუშაური, ღირდალაძე (მუსელიანი 56'), ვეკუა, ვასაძე, ჩიტიშვილი, მაისურაძე (კიკნაველიძე 80'), საჯაია, კურმაშვილი (დავლაშელიძე 71')
 
გაფრთხილება: კალანდია, ქათამაძე - ღუდუშაური, საჯაია, კიკნაველიძე


 
უკან დაბრუნება