სამტრედია 2:2 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

13 დეკემბერი 2018
ეროვნული ლიგის ფლეი-ოფის პირველი შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ სტუმრად გამართა. ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილი გუნდი გასვლით მატჩში სამტრედიას დაუპირისპირდა. ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართული დაპირისპირება ფრედ - 2:2 დასრულდა.
 
პირველი სახიფათო მომენტი ვიტ ჯორჯიელებმა შექმნეს, თამაშის მესამე წუთზე პაატა ღუდუშაურმა დაარტყა სამტრედიელთა კარის მისამართით, ბურთს კიპერი დაეუფლა. შეხვედრის 23-ე წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, ჯაბა ლიპარტიას გადაცემის შემდეგ, გოლი საკუთარ აქტივში გიორგი ფანცულაიამ მიითვალა - 0:1. მატჩის 30-ე წუთზე სამტრედიელები გაშვებული გოლისგან ხარიხამ იხსნა, ზურბ ღირდალაძის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ალეკო ჩაკვეტაძემ დაარტყა, ბურთი კარის ჩარჩოს მოხვდა და მოედნის ფარგლები დატოვა. მატჩის 35-ე წუთზე ნოდარ კიკნაველიძის მიერ კუთხურიდან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს რევაზ ჩიტიშვილის თავური დარტყმა მოჰყვა, მეტოქე გუნდის კიპერმა ბურთის დამორჩილება მოახერხა. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში ზურაბ ღირდალაძე ეცადა გოლის გატანას, თუმცა ბურთს კვლავ მეკარე დაეუფლა. თამაშის 38-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით დანიშნული სახიფათო სტანდარტი ბექა ტუღუშმა შეასრულა, მისი დარტყმული კარს საკმაო მანძილით ასცდა.
 
დაპირისპირების 49-ე წუთზე ჯონი შეროზიამ ჩვენი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა, მან ბექა ტღუშის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია. ვიტ ჯორჯიელებმა ანგარიში 57-ე წუთზე გაათანაბრეს, გოლი სამტრედიელთა კარში ნიკა მაისურაძემ გაიტანა - 1:1. შეხვედრის 65-ე წუთზე ჩვენი კარის მისამართით ჯარიმიდან ივან ფატიჩმა დაარტყა, ჯონი შეროზიამ ბურთის მოგერიება მოახერხა. დაპირისპირების 68-ე წუთზე ვეტერინარები ანგარიშში დაწინაურდნენ, ნოდარ კიკნაველიძის მიერ კუთხურიდან საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს თავი გიორგი გეთიაშვილმა დაარტყა და მეტოქის კარი დალაშქრა - 2:1. მასპინძელთა გუნდი კარის ჩარჩომ კიდევ ერთხელ 71-ე წუთზე გადაარჩინა, ცოტნე მოსიაშვილის მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხა სამტრედიელთა კიპერმა ბურთის დამორჩილება. დაპირისპირების 74-ე წუთზე ჩვენი მეტოქე კვლავ კარის ჩარჩომ იხსნა, პაატა ღუდუშაურის მიერ დარტყმული ბურთი ჯერ სამტრედიელთა მეკარემ მოიგერია, შემდეგ კი ხარიხამ. შეხვედრის უკანასკნელ წუთებში ვიტ ჯორჯიელები კოლოსალურ სათამაშო უპირატესობას დაეუფლენენ და არაერთხელ მიეცათ გოლის გატანისა და სხვაობის გაზრდის შესაძლებლობა. ერთ-ერთი ყველაზე რეალური საგოლე მომენტი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პაატა ღუდუშაურს ჰქონდა, რომელმაც მცირედით ააცილა კარს. მატჩის 92-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით დანიშნული ჯარიმიდან კარისკენ თამაზ მაქაცარიამ დაარტყა, ბურთი რიკოშეტის შედეგად კუთხურზე გადავიდა, სტანდარტიდან ჩვენს საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე თამაზ მაქაცარიამ ითამაშა, დაარტყა კიდეც, თუმცა ჯონი შეროზიამ მისი დარტყმულის მოგერიება მოახერხა, დამატებაზე გიორგი ფანცულაიამ ითამაშა და გაიტანა - 2:2.
 
ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა 15 დეკემბერს მცხეთა პარკზე გაიმართება და სწორედ იქ გაურკვევა იმ გუნდის ვინაიობა, რომელიც 2019 წლის ეროვნული ლიგის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.
 
 
სამტრედია 2:2 ვიტ ჯორჯია
გოლები:
1:0 ფანცულაია (23’) 1:1 მაისურაძე (57’) 1:2 გეთიაშვილი (68’) 2:2 ფანცულაია (90+2’)
 
სამტრედია: კუპატაძე, გურული, ტუღუში (მაქაცარია 76'), გორელიშვილი (ერისთავი 63'), ლიპარტია, ფანცულაია, კერძევაძე, ფატიჩი, ჯგერენაია, გოგიაშვილი, ენდელაძე
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, ღუდუშაური, ღირდალაძე (მუსელიანი 78'), ვეკუა (მაისურაძე 53'), კიკნაველიძე, ვასაძე, ჩიტიშვილი, საჯაია, დავლაშელიძე (მოსიაშვილი 66')
 
გაფრთხილება: ტუღუში, ენდელაძე - მაისურაძე, ვასაძე


 
უკან დაბრუნება