ვიტ ჯორჯია 1:1 ჩიხურა

12 მარტი 2019
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების მესამე ტურის შეხვედრაში ვიტ ჯორჯიამ მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა. თამაში ფრედ - 1:1 დასრულდა.
 
ანგარიში შეხვედრის დებიუტში გაიხსნა, მეოთხე წუთზე საჩხრელთა საჯარიმოში ნოდარ კიკნაველიძის მიერ გაკეთებულ გამჭოლ გადაცემას პაატა ღუდუშაურის გოლი მოჰყვა - 1:0. პირველი ტაიმი ვიტ ჯორჯიელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა. თამაშის 30-ე წუთზე დათო საჯაიამ დაარტყა საჩხერელთა კარის მიმართულებით, თუმცა კიპერი ბურთს ადგილზე დაუხვდა. შეხვედრის 34-ე წუთზე კი ნოდარ კიკნაველიძემ საჯარიმო დარტყმით სცადა სტუმართა კარის აღება, მაგრამ ჩიხურას ბოსნიელი მეკარე, დინო ჰამზიჩი ბურთს ამჯერადაც ადგილზე დაუხვდა. აღნიშნული ეპიზოდიდან ოთხ წუთში კი პაატა ღუდუშაურის მიერ კარისკენ დარტყმული ბურთი გზად საჩხერელ ფეხბურთელს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა, სტანდარტიდან კი განსაკუთრებული ხიფათი აღარ შექმნილა.
 
შეხვედრის მეორე ნახევრის სტარტზე  სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება შესძლეს, კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთზე დავით მაისაშვილმა ითამაშა და 47-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა - 1:1. დაპირისპირების 50-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა კიპერს თამაშში ჩართვა აქტიურად მოუხდა. ჯონი შეროზიამ  ამჯერად მიშიკო სარდალიშვილის მიერ დარტყმული ბურთი მოიგერია ნახტომში. თამაშის 57-ე წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა ჩვენი კარის მისამარტით საკმაოდ სახიფათო საჯარიმო დარტყმა დანიშნა, საიდანაც მიშიკო სარდალიშვილმა არაზუსტად დაარტყა და ხიფათიც განიმუხტა. მატჩის უკანასკნელ წუთებზე ჩვენი გუნდი გაშვებული გოლისგან ჯონი შეროზიამ იხსნა, მან 90-ე წუთზე დემურ ჩიხლაძის მიერ დარტყმული ბურთი ნახტომში მოიგერია.

ვიტ ჯორჯია 1:1 ჩიხურა
გოლები:
1:0 ღუდუშაური (4') 1:1 მაისაშვილი (49')

ვიტ ჯორჯია: შეროზია, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი, ღუდუშაური (მუსელიანი 51'), ღირდალაძე, კიკნაველიძე, ვასაძე, ჩიტიშვილი, მაისურაძე (კაკაშვილი 57'), საჯაია (გაფრინდაშვილი 70')

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მამასახლისი, მარკოზაშვილი, მაისაშვილი, ლექვთაძე (ჩიხლაძე 46'), მუმლაძე (იონანიძე 85'), კორიფაძე (მახარობლიძე 67'), სარდალიშვილი, მეგრელიშვილი, კაშია

გაფრთხილება: ჩაკვეტაძე, ჩიტიშვილი - მარკოზაშვილი, მამასახლისი, მეგრელიშვილი
უკან დაბრუნება