ვიტ ჯორჯია ბოლო წამებზე დამარცხდა

17 ივნისი 2019
დინამო თბილისი-ვიტ ჯორჯია 2:1
დინამო არენა.თბილისი
1:0 ივანისენია (14) 1:1 მოსიაშვილი (42) 2:1 შენგელია (90)
დინამო თბილისი: პერალესი, რუხაია, მონხილი, მეჯუბი, შულაია (59.აზაროვი), პაპავა (81.კუხიანიძე), ივანისენია (64.აბუაშვილი), კუტალია, იაშვილი, შენგელია, ნინუა.
სათადარიგო შემადგენლობა: კუტალაძე, დარცმელია, ზარია,კობოური.
ვიტ ჯორჯია: ისერგიშვილი, გაფრინდაშვილი, კაკაშვილი, სეხნიაშვილი, ქისიევი, ლაცაბიძე, მოსიაშვილი, ვასაძე, ზარიძე (70.კურდღელაშვილი), მუჯირი.
სათადარიგო შემადგენლობა:  ჩიკამუა, ვაზაგაშვილი, გულხადარაშვილი, გუგბერიძე.
გაფრთხილება: გაფრინდაშვილი (53) მუსელიანი (57)  ისერგიშვილი (67)
Crystalbet ეროვნული ლიგის მეთვრამეტე ტურის შეხვედრაში თბილისის ვიტ ჯორჯია ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ თბილისის დინამოს დაუპირისპირდა და საკმაოდ კარგი, ტაქტიკურად  გამართული თამაშის მიუხედავად, ბოლო წამებზე დამარცხდა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საწყის წუთებში მასპინძლები უფრო დიდი ძალებით უტევდნენ და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს. ნიკა ნინუა საჯარიმო დარტყმას ტექნიკურად ასრულებდა, მაგრამ ვიტ ჯორჯიას მეკარე ლევან ისერგიშვილი დამაჯერებელი იყო და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
ამის შემდეგ, ვიტ ჯორჯია დიდი ძალებით წავიდა შეტევაში.განსაკუთრებით, „ვეტერინართა“ შეტევის მარცხენა ფლანგი აქტიურობდა, რომელზეც გიორგი ლაცაბიძე დინამოს მცველებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.  როგორც ვახსენე, ვიტ ჯორჯია დიდი ძალებით იყო წინ წასული და ამისთვის დაისაჯა. ხოსე პერალესის გრძელი პასის შემდეგ, ლევან შენგელია დარჩა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. მასპინძლებმა მაინც გაიტანეს. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე ყველას დმიტრო ივანისენიამ დაასწრო და უზუსტესი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.
გაშვებული გოლის შემდეგ, ვლადიმერ ხაჩიძის ფეხბურთელები დიდ სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ და ჩანდა, რომ დინამოელთა კარში გოლი მწიფდებოდა. ჯერ დავით მუჯირს შეეძლო გატანა, შემდეგ მუსელიანმა ახლო მანძილიდან კარს ააცილა. მატჩის 42-ე წუთზე კი, ცოტნე მოსიაშვილის შორეული დარტყმის შემდეგ, მასპინძელთა ესპანელმა მეკარე, ხოსე პერალესმა, ძალიან ცუდად იმოქმედა და ბურთი მისი კარის ბადეში აღმოჩნდა.
მეორე ნახევარი, უკვე დინამოს სათამაშო სცენარით წარიმართა და ვიტ ჯორჯია, უფრო საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე და კონტრშეტევებზე აკეთებდა აქცენტს.
მაგრამ ვიტ ჯორჯია მაინც ქმნიდა მომენტებს. კახაბერ კაკაშვილის შორეული დარტყმა ხოსე პერალესმა მშვენიერ ნახტომში მოიგერია და დინამო აშკარა გოლისგან იხსნა.
ბოლო წუთები, დინამოელებმა მცირე შტურმი მოუწყვეს მეტოქეს და მსაჯის მიერ კომპესნიტერბულ დროს ლევან შენგელიამ თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

უკან დაბრუნება