ვიტ ჯორჯიამ წლის პირველ სპარინგში იმარჯვა

04 თებერვალი 2017
დღეს, მცხეთა პარკზე, ვიტ ჯორჯიამ 2017 წლის პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა. თენგიზ კობიაშვილის გაწვრთნილი გუნდი საფეხბურთო კლუბ მარკ სტარსს დაუპირისპირდა. მატჩი ვეტერინართა უპირატესობითა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით - 5:0 დასრულდა.

საწყის წუთებში ვიტ ჯორჯიელებს მეტოქემ ანგარიშგასაწევი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა ჩვენმა ფეხბურთელებმა დაპირისპირების 18-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. მარკ სტარსის მცველების შეცდომით შოთა დავლაშელიძემ ისარგებლა და თანაგუნდელ ცოტნე მოსიაშვილს გადააწოდა, რომელმაც ზუსტი დარტყმით გაიტანა - 1:0. ვეტერინარებს ანგარიშში სხვაობის გაზრდის შესაძლელობა 31-ე წუთზე მიეცათ, კახა კახაბრიშვილის გადაცემის შემდეგ კარისკენ ნიკოლოზ გაბრიჩიძემ დაარტყა და ააცილა. შეხვედრის 39-ე წუთზე ცოტნე მოსიაშვილის გადაცემის შედეგად გოლი შოთა დავლაშელიძემ გაიატანა - 2:0.

მეორე ტაიმის სტარტზე ვიტ ჯორჯიელთა მთავარმა მწვრთნელმა, თენგიზ კობიაშვილმა, ცვლილებები განახორიციელა და მის განკარგულებაში მყოფ უკლებლივ ყველა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. მეორე ტაიმის დებიუტში, 50-ე წუთზე, კახა კახაბრიშვილის დარტყმული, მარკ სტარსის მეკარემ კუთხურზე მოიგერია. მატჩის 54-ე წუთზე გიორგი ჭანკოტაძემ ცრუმოძრაობით რამდენიმე მცველი ჩამოიტოვა, ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა კიდეც, თუმცა სიზუსტემ უმტყუნა. შეხვედრის 61-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის გადაცემის შედეგად გოლი კახა კახაბრიშვილმა გაიტანა - 3:0. დღევანდელი სპარინგის 75-ე წუთზე გიორგი ჭანკოტაძის ჩინებული გადაცემის შემდეგ გოლი ზურაბ ღირდალაძემ გაიტანა, რომელმაც მეტოქე გუნდის კიპერს შანსი არ დაუტოვა - 4:0. საფინალო ანგარიში 80-ე წუთზე დაფიქსირდა. შეტევის მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილი ნიკოლოზ გაბრიჩიძე მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა აკრძალული წესით შეაჩერა, მატჩის არბიტრმა მყისვე პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. თერთმეტმეტრიანი საჯარიმოდან გოლი თავად დაზარალებულმა გაიტანა - 5:0.

ვიტ ჯორჯია 5:0 მარკ სტარსი
გოლები: 1:0 მოსიაშვილი (18’) 2:0 დავლაშელიძე (39’) 3:0 კახაბრიშვილი (61’) 4:0 ღირდალაძე (75’) 5:0 გაბრიჩიძე პენ. (80’)

ვიტ ჯორჯიელთა სასტარტო შემადგენლობა დღევანდელ სპარინგში ასეთი იყო:
შეროზია, დანელია, გაბრიჩიძე, ჩაკვეტაძე, დავლაშელიძე, ტეტუნაშვილი, გურამ გურეშიძე, კამლაძე, მუხულიშვილი, კახაბრიშვილი, მოსიაშვილი

მეორე ნახევარში შეცვლაზე შემოვიდნენ:
ისერგიშვილი, გიგა გურეშიძე, საჯაია, ჩიტიშვილი, სეხნიაშვილი, ექვთიმიშვილი, ვაზაგაშვილი, კახაბრიშვილი, ღუდუშაური, ჭანკოტაძე, ღირდალაძე

 
უკან დაბრუნება