ვიტ ჯორჯიამ გორი დიდი ანგარიშით დაამარცხა

06 თებერვალი 2017
დღეს, მცხეთა პარკზე, ვიტ ჯორჯიამ მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი საფეხბურთო კლუბ გორს დაუპირისპირდა (ეროვნული ლიგა 1) და მეტოქე დიდი ანგარიშით - 6:1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველივე წუთებიდან ვეტერინარებმა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა ხელთიგდეს. მატჩი თენგიზ კობიაშვილის გაწვრთნილი გუნდის კარნახით წარიმართა. ვიტ ჯორჯიელებმა პირველი სახიფათო მომენტი პირველივე წუთზე შექმნეს. საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს კარისკენ ზურაბ სეხნიაშვილი გზავნიდა, თუმცა მისი თავური დარტყმა კარს ზემოდან გადასცდა. დაპირისპირების მეექვსე წუთზე ნიკოლოზ გაბრიჩიძემ გრძელი დიაგონალური გადაცემა მიიღო, ბურთი მკერდით ჩამოხსნა, კარგად დაამუშავა და კარისკენაც დაარტყა, თუმცა მისი დარტყმული გორელთა მეკარემ, ბოლოთაურმა მოიგერია. ანგარიში შეხვედრის 15-ე წუთზე გაიხსნა. მარჯვენა ფლანგიდან შეტევა შოთა დავლაშელიძემ წამოიწყო, რომელმაც საჯარიმოში მყოფ ცოტნე მოსიაშვილს გადააწოდა, კარისკენ დაარტყა და მეკარემ მოიგერია. დამატებაზე ზურაბ ღირდალაძემ გაიტანა - 1:0. ვეტერინარებმა ერთ წუთსი ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს. მარცხენა ფლანგიდან გიგა გურეშიძემ სტანდარტიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც დასწრებაზე კარგად ითამაშა ალეკო ჩაკვეტაძემ და თავური დარტყმით მეტოქის კარი აიღო - 2:0. შეხვედრის 29-ე წუთზე ცოტნე მოსიაშვილმა განსაკუთრებული სილამაზის გოლი გაიტანა. საჯარიმოს მისადგომებიდან მან ზუსტად და ძლიერად „ცხრიანში“ გაიტანა - 3:0. შეხვედრის 32-ე წუთზე დუბლის შესრულება შეეძლო ზურაბ ღირდალაძეს, რომელმაც გიგა გურეშიძის ჩაწოდების შემდეგ გორელთა კარისკენ თავით დაარტყა და ააცილა. მეტოქის ერთ-ერთი უიშვიათაგანესი შეტევა 38-ე წუთზე ტლაშაძის კარში დარტყმით დასრულდა, ვეტერინართა გოლკიპერი, ჯონი შეროზია ბურთს ადგილზე დაუხვდა და დაძაბულობაც განმუხტა. ტაიმის მიწურულს გორელმა ფეხბურთელებმა კიდევ ერთი შეტევის ორგანიზება მოახერხეს. ამჯერად ჩვენი კარისკენ შეცვლაზე შემოსული შათირიშვილი ურტყამდა, თუმცა ჯონი შეროზიამ კვლავ საიმედოდ ითამაშა.

მეორე ტაიმის სტარტზე ვეტერინართა თავკაცმა ცვლილებები განახორციელა. წინა მატჩის მსგავსად, თენგიზ კობიაშვილმა, თადარიგში მყოფ ყველა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. გორელებმა შეხვედრის 60-ე წუთზე ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს, გოლი გოგლიძემ გაიტანა - 3:1. გაშვებული გოლის შემდეგ ვიტ ჯორჯიელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს. მატჩის 73-ე წუთზე საჯარიმოში შალვა ექვთიმიშვილმა ჩააწოდა, სადაც დასწრებაზე გოგა დანელიამ კარგად ითამაშა, თუმცა კარისკენ ზუსტად დარტყმა არ გამოუვიდა და სამიზნეს ააცილა. ორ წუთში მას კიდევ ერთხელ მიეცა გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა ამჯერად მისი დარტყმული ბურთი მეტოქე გუნდის კარის ბადეს გარედან მოხვდა. შეხვედრის 80-ე წუთზე გიორგი ვაზაგაშვილმა დაარტყა გორელთა კარში, მეკარემ ბურთის მოგერიება მოახერხა, დამატებაზე გოლის გატანა კახა კახაბრიშვილი შეეცადა, თუმცა მის დარტყმულს მცველი გადაეღობა და ეპიზოდიც განიმუხტა. მატჩის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე კახა კახაბრიშვილმა შორი მანძილიდან დაარტყა გორელთა კარში და სტუმართა კიპერს, მარიამიძეს შანსი არ დაუტოვა - 4:1. ვეტერინართა თავდამსხმელმა 87-ე წუთზე დუბლი გაიფორმა, კახაბრიშვილი გორელთა საჯარიმოში შეტევის მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა და ზუსტად დაარტყა - 5:1. მატჩის უკანასკელ წუთზე მან ჰეთთრიქიც შეასრულა - 6:0.
 
ვიტ ჯორჯია 6:1 გორი
გოლები: 1:0 ღირდალაძე (15’) 2:0 ჩაკვეტაძე (16’) 3:0 მოსიაშვილი (29’) 3:1 გოგლიძე (60’) 4:1 კახაბრიშვილი (84’) 5:1 კახაბრიშვილი (87’) 6:1 კახაბრიშვილი (90’)
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, გიგა გურეშიძე, სეხნიაშვილი, ჩაკვეტაძე, საჯაია, გურამ გურეშიძე, კამლაძე, გაბრიჩიძე, მოსიაშვილი, დავლაშელიძე, ღირდალაძე
შეცვლაზე შემოვიდნენ: ისერგიშვილი, მუხულიშვილი, ვაზაგაშვილი, კახაბრიშვილი, ექვთიმიშვილი, დანელია, ჭანკოტაძე
 
გორი: ბოლოთაური, შუბითიძე, კალხიტაშვილი, ბურძენაძე, მჭედლიშვილი, ტლაშაძე, ჩხიკვაძე, სადაღაშვილი, ნოზაძე, ქარელი, გოგლიძე
შეცვლაძე შემოვიდნენ: ზეინკლიშვილი, ბუზალაძე, შატაკიშვილი, შათირიშვილი, მარიამიძე
უკან დაბრუნება