ჩვენი მეტოქე - ლევსკი კარლოვო

11 თებერვალი 2017
თურქულ შეკრებაზე მყოფი ვიტ ჯორჯია პირველ საკონტროლო შეხვედრას 12 თებერვალს გამართავს. ჩვენი გუნდი სიდეში, თბილისის დროით 16:00 საათზე, ბულგარეთის რანგით მეორე ლიგის წარმომადგენელ - ლევსკი კარლოვოს გაეჯიბრება.

მოახლოებულ მატჩამდე წარმოგიდგენთ ჩვენს სპარინგ-მეტოქეს.

ბულგარული საფეხბურთო კლუბი ლევსკი, ქალაქ კარლოვოში, 1923 წელს დაარსდა. გუნდი საშინაო შეხვედრებს ვასილი ლევსკის სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 6000 მაყურებელზეა გათვლილი. არსებობის 94 წლის მანძილზე კლუბს განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია.

გუნდის ძირითადი მეკარე 27 წლის პეტარ დენჩევი არის, რომელიც 2009-2014 წლებში ბულგარეთის უმაღლესი ლიგის კლუბებში - სლივენში, ჩერნო მორეში, ლოკომოტივ პლოვდივსა და ნეფტოხომიკში გამოდიოდა. 2014 წელს უზბეკეთის უმაღლესი ლიგის გუნდ ნავბაჰორში პირველ მეკარედ ირიცხებოდა. პეტარ დონჩევს გამოცდილება სანაკრებო დონეზეც აქვს, იგი ბულგარეთის 21-წლამდელთა გუნდის წევრი გახლდათ.

სანაკრებო გამოცდილება აქვს 23 წლის მცველ ბორის ბისეროვსაც, რომელიც წარსულში ბულგარეთის 19-წლამდელთა გუნდში გამოდიოდა
.
ლევსკიში ახალგაზრდების გვერდი-გვერდ გამოცდილი მცველები -  35 წლის ნიკოლაი ნიკოლოვი და 34 წლის იანკო ჰრისტოვ ვალკანოვი თამაშობენ.
ნიკოლაი ნიკოლოვს ბულგარეთის უმაღლეს ლიგაში 8 სეზონი აქვს ნათამაშები, ერთი სეზონი კი სომხეთის უმაღლეს ლიგაში, ბანანცის შემადგენლობაში ჩაატარა. ბულგარელი მცველი სომხეთში სამივე ტიტულთან (ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი) ახლოს იყო, თუმცა სამივე შემთხვევაში მის გუნდს პიუნიკმა აჯობა და ბულგარელ მცველს ვერცხლის მედლები ერგო. 2010/2011 წლების  ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბანანცი ორი მატჩის ჯამში 0:4 (0:3 სტუმრად, 0:1 შინ) დამარცხა ანორთოსისთან, ნიკოლოვი ორივე შეხვედრაში შეუცვლელი გახლდათ.

რაც შეეხება იანკო ჰრისტოვ ვალკანოვს, მისი დებიუტი ბულგარეთის უმაღლეს ლიგაში 1999/2000 წლების სეზონში შედგა. სხვადასხვა დროს იგი ბულგარეთის, ბელორუსის, ლიტვის, ჩინეთისა და ყაზახეთის უმაღლეს ლიგებში გამოდიოდა. 2007 წელს იგი კაუნასის რიგებში ლიტვის ჩემპიონი გახდა. 2007/2008 წლების სეზონში მინსკის პარტიზანთან ერთად ბელორუსის თასის მოიგო. ვალკანოვს ევროპულ და აზიურ საკლუბო ტურნირებზეც უთამაშია. მინსკის პარტიზანთან ერთად ინტერტოტოსა და ევროპა ლიგის, კაუნასთან ერთად კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. 2009 წელს ჩინურ შანხაი შენხუასთან ერთად აზიის ჩემპიონთა ლიგაზე 6 თამაში ჩაატარა და ორჯერ მეტოქეთა კარის აღებაც მოახერხა. 2005 წელს იგი ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, სადაც 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ლევსკის შემადგენლობაში ერთადერთი ლეგიონერი, ბერძენი თავდამსხმელი, 20 წლის ილიას იგნატიდისი ირიცხება. 2013 წლამდე იგი არისის ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა, საიდანაც ოლიმპიაკოსის სარეზერვო გუნდში გადავიდა, იქ კი ორი სეზონი დაჰყო. ამ პერიოდში მან უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე 10 თამაში ჩაატარა. ბულგარულ კლუბში გადასვლამდე ახალგაზრდა ფორვარდმა ძალები ბერძნულ კალითესა და უნგრულ ვაშაშში მოსინჯა, თუმცა ორივე ცდა მისთვის წარუმატებელი გამოდგა.
 
უკან დაბრუნება