ვიტ ჯორჯია 3:1 ლევსკი კარლოვო [ფოტო+ვიდეო]

12 თებერვალი 2017
შეკრებაზე მყოფმა ვიტ ჯორჯიელებმა პირველი საკონტროლო შეხვედრა ბულგარული ლევსკი კარლოვოს წინააღმდეგ გამართეს. დაპირისპირება Linda Resort Hotel-ის საფეხბურთო მოედანზე შედგა და ამავე სასტუმროს 50-მდე გულშემატკივარი ჩვენს გუნდს აქტიურად გულშემატკივრობდა. მატჩი ჩვენი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით - 3:1 დასრულდა.

ვიტ ჯორჯიამ თამაში შემდეგი თერთმეტეულით დაიწყო:
შეროზია - მუხულიშვილი, ტეტუნაშვილი, ჩაკვეტაძე, დანელია - ექვთიმიშვილი, გურამ გურეშიძე - დავლაშელიძე, ჭანკოტაძე, გაბრიჩიძე - ღირდალაძე.

ლევსკის სასტარტო შემადგენლობა ასეთი გახლდათ:
მიმუნოვი, ანდი რენა, იანისი, ვალკანოვი, პეტარ პეტროვი, რაიკოვი, ზდრავჩევი, კოლევი, კისიოვი, იანატიდისი, ტუდოროვი

ვეტერინარებმა დაპირისპირების პირველივე წუთებიდან ხელთიგდეს სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა. თენგიზ კობიაშვილის შეგირდები ბურთს კარგად ფლობდნენ და ბულგარელ ფეხბურთელებს გამუდგმებით საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე უწევდათ ფიქრი. მატჩის 24-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქე მარჯვენა ფლანგიდან მწვავედ შეუტიეს, დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა გიორგი ჭანკოტაძემ კარისკენ დაარტყა და ბულგარელთა კიპერმა, მიმუნოვმა, კუთხურზე მოიგერია. გათამაშებული სტანდარიდან საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთის მოგერიება ლევსკის მცველებმა მოახერხეს, თუმცა საჯარიმოს მისადგომებთან გადმოვარდნილ ბურთთან პირველი ნიკოლოზ გაბრიჩიძე აღმოჩნდა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და გაიტანა - 1:0. გოლიდან ერთ წუთში ნიკოლოზ გაბრიჩიძეს დუბლის შესრულება შეეძლო. გიორგი ჭანკოტაძის დიაგონალური გადაცემის შემდეგ, საჯარიმოში შესულ გაბრიჩიძეს მეკარე ფეხებში ჩაუსრიალდა და ბურთის ხელებში დაფიქსირება მოახერხა. მეტოქე გუნდმა ჩვენი კარის მიმართულებით პირველად 30-ე წუთზე დაარტყა. შორი მანძილიდან ილიას იგნატიდისმა დაარტყა, ბურთი ჯონი შეროზიას ხელებში მიუვიდა.

მეორე ტაიმი ვიტ ჯორჯიამ შემდეგი შემადგენლობით დაიწყო:
ისერგიშვილი - საჯაია, სეხნიაშვილი, ჩიტიშვილი, გიგა გურეშიძე - ვაზაგაშვილი, კამლაძე - კახაბრიშვილი, მოსიაშვილი, ღუდუშაური - კვარაცხელია

მეორე ტაიმის დებიუტში კახა კახაბრიშვილმა ცრუმოძრაობით ჩამოიტოვა მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშე, საჯარიმოში შევიდა და კარისკენაც დაარტყა, თუმცა ბურთს ლევსკის მცველი გადაეფარა და მომენტიც განიმუხტა. დაპირისპირების 55-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს, მარჯვენა ფლანგიდან შეტევაში ჩართულმა დავით საჯაიამ კარისკენ დაარტყა, ბურთი გზად ბულგარელთა მოთამაშეს შეეხო და რიკოშეტის შედეგად კარის ბადეში გაეხვა - 2:0. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში გოლის გატანა პაატა ღუდუშაურს მართებდა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა, მოატყუა კიდეც, თუმცა ვეღარ დაარტყა, ამასობაში კი მეტოქე გუნდის კიპერმა განმეორებით ცდაზე იყოჩაღა და ბურთიც აართვა. დაპირისპირების 60-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ლევსკის საჯარიმოში პაატა ღუდუშაური შეიჭრა, რომელმა ცრუმოძრაობით რამდენიმე მეურვე ჩამოიტოვა, ბურთი გოჩა კვარაცხელიას გადააწოდა და მანვე ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა - 3:0. ლევსკის ფეხბურთელებმა მატჩის 65-ე წუთზე ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს, შორი მანძილიდან კარისკენ დარტყმული ბურთი რიკოშეტის შემდეგ ვიტ ჯორჯიელთა კარში ჩაეშვა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.
 

 
უკან დაბრუნება