ჩვენი მეტოქე - მიეძ ლეგნიცა

15 თებერვალი 2017
თურქულ შეკრებაზე მყოფი ვიტ ჯორჯია მეორე საკონტროლო შეხვედრას 15 თებერვლას, პოლონეთის პირველი ლიგის წარმომადგენელთან, მიეძ ლეგნიცასთან გამართავს.

მოახლოებულ მატჩამდე წარმოგიდგენთ ჩვენს სპარინგ-მეტოქეს.

პოლონური სპორტული კლუბი მიეძ ლეგნიცა 1971 წლის 28 ივლისს ქალაქ ლეგნიცაში დაარსდა. 2011 წლიდან კლუბი სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა და ოფიციალურად MKS Miedź Legnica SA ეწოდა. ადგილობრივები მიეძ ლეგნიცას ხშირად Miedzianka-ს სახელით მოიხსენიებენ. მათი საკლუბო სიმბოლიკა მწვანე, ლურჯ და წითელფერებშია გადაწყვეტილი. გუნდი საშინაო შეხვედრებს მუნიციპალურ სტადიონზე მართავს - Stadion Miejski, რომელიც ორლა ბიალეგოს სახელს ატარებს და 6244 მაყურებელს იტევს.

პოლონური კლუბისთვის ყველაზე წარმატებული 1991/1992 წლების სეზონი გახლავთ. მიეძ ლეგნიცა ქვეყნის თასის ფინალში გორნიკ ზაბრჟეს დაუპირისპირდა და მეტოქე ფრედ დასრულებული 120 წუთის შემდგომ, პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა.

1992/1993 წლების სეზონში პოლონეთის თასის გამარჯვებულის რანგში მიეძ ლეგნიცამ უეფას თასის გათამაშებაზე იასპარეზა და 1/16 ფინალში ორი მატჩის ჯამში ფრანგულ მონაკოსთან 0:1 დამარცხდა.

მიმდინარე სეზონში მიეძ ლეგნიცა პოლონეთის პირველ ლიგაში პირველი წრის შემდეგ მეშვიდე საფეხურზე იმყოფება. გუნდის ძირითადი მეკარე 34 წლის პაველ კაპსა გახლავთ, რომელმაც ახალგაზრდულ წლებში ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში (U16, U17, U18, U21) ითამაშა. წლების მანძილზე იგი პოლონეთის უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა. მას ასევე უთამაშია კვიპროსისა და აზერბაიჯანის უმაღლეს ლიგაში. უკანასკნელი ორი სეზონი კი სწორედ მიეძ ლეგნიცას ღირსებას იცავს.

რაც შეეხება პოლონელთა დაცვას, აუცილებლად უნდა ითქვას 31 წლის გამოცდილი გრჟეგორჟ ბარტჩაკის შესახებ, რომელმაც თავის საუკეთესო წლები პოლონეთის უმაღლეს ლიგაში გაატარა. ზაგლებიე ლუბინში თამაშისას მან პოლონური ექსტრაკლასა (უმაღლესი ლიგა) და ქვეყნის თასი მოიგო. მას ასევე უთამაშია ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე. 2007 წელს იგი პოლონეთის ეროვნულ ნაკრებშიც გახლდათ მიწვეული და 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მიეძ ლეგნიცას კიდევ ერთი მცველი, 35 წლის მიხალ სტასიაკი ზაგლებიე ლუბინში ასპარეზობისას  პოლონეთის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი გახდა. ნათამაშები აქვს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე. სტასიაკს პოლონეთის ეროვნული ნაკრების მაისურით 3 თამაში აქვს ჩატარებული.

მიეძ ლეგნიცას შემადგენლობაში პერსპექტიული ახალგაზრდა მოთამაშეებიც ირიცხებიან. 20 წლის მიხალ ბარტკოვიაკი ორი სეზონი პოლონეთის უმაღლეს ლიგაში, სლაშკ ვროცლავის ღირსებას იცავდა. ამავე გუნდის შემადგენლობაში მას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც აქვს ნათამაშები. მიხალ ბარტკოვიაკი პოლონეთის 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი გახლდათ. პოლონურ კლუბში მოთამაშე 22 წლის ადრიან ციერპკას პოლონეთის 17-წლამდელთა გუნდში 10 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ახალგაზრდა ნახევარმცველს ნაკრების მაისურით 3 გოლი აქვს გატანილი. ამპლუით ნახევარმცველი 21 წლის დამიან რასაკი პოლონეთის 17-წლამდელთა გუნდში თამაშობდა.

ნახევარდაცვისა და გუნდის უდავო ლიდერები არიან 35 წლის ლუკაშ გარგულა და 34 წლის ვოიცეხ ლობოძინსკი. ლუკაშ გარგულას დებიუტი პოლონეთის უმაღლეს ლიგაში 2005/2006 წლების სეზონში შედგა და ათი სეზონის განმავლობაში (210 თამაში) ქვეყნის საუკეთესო ლიგაში ბელხატოვისა და ვისლა კრაკოვის შემადგენლობაში ასპარეზობდა. 2010/2011 წლების სეზონში ლუკაშ გარგულამ ვისლასთან ერთად პოლონეთის ჩემპიონტი მოიგო. ვისლასთან ერთად ლუკაშ გარგულამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვლაფიკაციო ეტაპებზე ითამაშა, 2011/2012 წლების სეზონში კი ამავე გუნდის რიგებში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამოდიოდა. გარგულამ პოლონეთის ეროვნულ ნაკრებში 16 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო. რაც შეეხება ვოიცეხ ლობოძინსკის, ისევ კიდევ უფრო ტიტულოვანი ფეხბურთელი გახლავთ. მან პოლონეთის უმაღლეს ლიგაში 13 სეზონი გაატარა, ჩატარებულ 201 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 18 გოლი გაიტანა. პოლონური ექსტრაკლასა 4-ჯერ აქვს მოგებული - პირველად პოლონეთის ჩემპიონი ზაგლებიე ლუბინთან ერთად 2006/2007 წლების სეზონში გახდა, ვისლასთან ერთად კი ჩემპიონი სამჯერ: 2007/08, 2008/09, 2010/11 წლების სეზონში გახდა. ევროპულ საკლუბო ტურნირებზე (ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა) 20-მდე შეხვედრა აქვს გამართული. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, იგი შეუცვლელი წევრი გახლდათ პოლონეთის U14, U15, U16, U17, U18, U21 ნაკრებებში. ეროვნულ ნაკრებში 2006 წლიდან 2009 წლამდე 23 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ამჟამად გუნდში ხუთი ლეგიონერი ირიცხება. 27 წლის ესპანელი მცველი, ჯონათან დე ამო პერესი, სამშობლოში სელტა ვიგოსა და ესპანიოლის სათადარიგო გუნდებში ირიცხებოდა. 29 წლის თავდამსხმელი, რუმინელი სტეფან ბატინი პოლონეთში გადასვლამდე ცხრა სეზონის განმავლობაში სამშობლოში, უმაღლესი ლიგის გუნდებში გამოდიოდა. ბოტოშანის შემადგენლობაში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 შეხვედრა აქვს გამართული, აქედან ორი ცხინვალის წინააღმდეგ ითამაშა და ქრთული გუნდის კარში ერთი გოლის გატანაც მოახერხა. მიეძ ლეგნიცაში თამაშობს 30 წლის ნახევარმცველი კელი დანიელი, რომელიც ტრინიდადი და ტობაგოს ეროვნული ნაკრების წევრი გახლავთ. იგი წლების განმავლობაში აშშ-ს საფეხბურთო ლიგაში თამაშობდა. პუერტო რიკო ისლანდერსის შემადგენლობაში მან კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგაზე 5 თამაში ჩაატარა. ტრინიდადი და დობაგოს ნაკრებ გუნდში 2008 წლიდან დღემდე მას 39 შეხვედრაში უხმეს და 10 გოლის გატანა მოახერხა. ნაკრებთან ერთად 2012 წელს კარიბის თასზე მეორე ადგილზე გავიდა. მიეძ ლეგნიცას ღირსებას იცავს ორ ფინელი - პეტერი ფორსელი და პეტერი პანანენი. ორივე მათგანი 26 წლისაა და ამპლუით ნახევარმცველი გახლავთ. ფორსელი 2007 წლიდან ფინეთის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა. 2015 წელს მარიეჰამნის შემადგენლობაში ფინეთის თასი მოიგო. ერთი სეზონი გაატარა თურქულ სუპერლიგაში, სადაც ბურსასპორის ღირსებას იცავდა. ამავე გუნდის მაისურით მან ევროპის ლიგის საკვალიფიკაცი ეტაპზეც იასპარეზა. თამაშობდა ფინეთის U18, U19, U21 ნაკრებ გუნდებში (ჯამში 20 თამაში, 1 გოლი), გახლავთ ფინეთის ეროვნული ნაკრების წევრი - 6 თამაში, 1 გოლი. რაც შეეხება პანანენს, მან კარიერა სამშობლოში, საფეხბურთო კლუბ კუპსში დაიწყო, საიდაც ჰოლანდიურ ტვენტეს მიაშურა, თუმცა ძირითად გუნდში თამაში არ ჩაუტარებია. ამის შემდეგ იგი კვლავ სამშობლოში დაბრუნდა. 2012 წელს იგი ფინეთის ლიგის თასის გამარჯვებული გახდა ტპს-სთან ერთად. მას ფინეთის 21-წლამდელთა ნაკრებ გუნდში 7 თამაში აქვს ჩატარებული.

ვიტ ჯორჯია - მიეძ ლეგნიცას დაპირისპირება თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.
უკან დაბრუნება