ვიტ ჯორჯია 1:1 მიეძ ლეგნიცა [ფოტო+ვიდეო]

15 თებერვალი 2017
თურქულ შეკრებაზე მყოფმა ვიტ ჯორჯიამ მორიგი, რიგით მეორე საკონტროლო შეხვედრა, პოლონურ მიეძ ლეგნიცასთან გამართა. დაპირისპირება ფრედ - 1:1 დასრულდა.

შეხვედრის პირველივე წუთებიდან ვიტ ჯორჯიელებმა სათამაშო ინიციატივის მოპოვებასა და ბურთის კონტროლზე გააკეთეს აქცენტი, თუმცა მიუხედავად ამისა კარისკენ პირველებმა პოლონელმა ფეხბურთელებმა დაარტყეს. შეხვედის მეორე წუთზე ვეტერინართა საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს თავი დამიან რასაკმა დაახვედრა, თუმცა კარს საკმაო მანძილით ააცილა. შეხვედრის მეცხრე წუთზე ჩვენი გუნდის შეტევა ჯონი შეროზიამ წამოიწყო, მან ცენტრისკენ ძლიერი დარტყმით გაგზავნა ბურთი, სადაც საჰაერო ორთაბრძოლა კახა კახაბრიშვილმა მოიგო და თავით შოთა დავლაშელიძეს დაუგდო, ამ უკანასკნელმა თანაგუნდელ გიორგი ჭანკოტაძეს გადააწოდა, რომელმაც კარისკენ დაარტყა. კარისკენ წასულ ბურთს პოლონელთა მცველი გადაეღობა და კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის 12-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა კუთხურიდან საჯარიმოში ჩააწოდეს, მეტოქე გუნდის მცველებს სიტუაციის წაკითხვა გაუჭირდათ, არეულობით ალეკო ჩაკვეტაძემ ისარგებლა, კარისკენაც დაარტყა, თუმცა რიკოშეტის შედეგად ბურთი კუთხურზე გადავიდა. განმეორებით გათამაშებულ სტანდარტი ისეთი მწვავე აღარ გამოდგა და ეპიზოდიც განიმუხტა. შეხვედრის 23-ე წუთზე ვეტერინარებმა საკმაოდ სახიფათო ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს. დაახლოებით 24 მეტრიდან მიეძ ლეგნიცას კარის მიმართულებით გიორგი ჭანკოტაძემ დაარტყა და მცირედით ააცილა. დაპირისპირების 28-ე წუთზე პოლონელებმა მეორედ დაარტყეს ჩვენი გუნდის კარის მიმართულებით. შორი მანძილიდან გოლის გატანა მიხალ ბარტკოვიაკმა მოისურვა, თუმცა ბურთი დიდი მანძილით ასცდა კარს. მიხალ ბარტკოვიაკს 35-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა სწრაფი შეტევის შეჩერება მოუწია, მსაჯმა პოლონელი ფეხბურთელი გააფრთხილა, ვეტერინარებმა კი სტანდარტი გაითამაშეს. გურამ გურეშიძემ კარგ პოზიციაში მყოფ გიგა გურეშიძეს დაუგორა ბურთი, რომელმაც საშუალო დისტანციიდან დაარტყა და ააცილა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ვეტერინარებს გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა მიეცათ. მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კახა კახაბრიშვილმა გამწვავება ვერ მოახერხა, საბოლოოდ ბურთი პაველ კაპსას ნადავლი შეიქმნა.

მეორე ტაიმის პირველივე წუთზე საკმაოდ სახიფათო შეტევა აწარმოეს პოლონელებმა, დამასრულებელ ფაზაში კაროლ გარდძიელევიჩმა დაარტყა ვეტერინართა კარისკენ, თუმცა მისი თავური არაზუსტი გამოდგა. შეხვედრის 50-ე წუთზე შეცვლაზე სემოსულმა ცოტნე მოსიაშვილმა პოლონელთა კარისკენ დაარტყა, მიეძ ლეგნიცას კიპერმა ბურთის დამორჩილება მოახერხა. დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში 58-ე წუთზე გაიხსნა. პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ გოლი ზურაბ ღირდალაძემ გაიტანა - 1:0. გაშვებული გოლის შემდეგ პოლონელი ფეხბურთელები გააქტიურდნენ. მატჩის 66-ე წუთზე ბლაჟეი ტელლიხოვსკიმ ახლო მანძილიდან დაარტყა და რომ არა ლევან ისერგიშვილს დროული რეაქცია გოლი გარდაუვალი იქნებოდა. მან ფაქტობრივად კარის ხაზიდან მოახერხა ბურთის კუთხურზე მოგერიება. დაპირისპირების 78-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა დასანანი გოლი მიიღეს. დამიან რასაკის დარტყმული ბურთი გზად რევაზ ჩიტიშვილს შეეხო, მიმართულება იცვალა და კარში შეგორდა - 1:1. შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ვიტ ჯორჯიელებმა ზედიზედ ორჯერ მოაწოდეს კუთხური, ორივე შემთხვევაში კარისკენ თავით ზურაბ სეხნიაშვილმა დაარტყა, პირველ შემთხვევაში პოლონური გუნდი გაშვებული გუნდისგან მეკარემ, მეორე შემთხვევაში კი - ხარიხამ იხსნა. დარჩენილ წუთებში განსაკუთრებული ხიფათი არცერთი გუნდის კართან აღარ შექმნილა. საბოლოოდ ფრე - 1:1.
 
ვიტ ჯორჯია 1:1 მიეძ ლეგნიცა
გოლი: 1:0 ღირდალაძე (58’) 1:1 რასაკი (78’)

ვიტ ჯორჯია: შეროზია (ისერგიშვილი 46’) - ტეტუნაშვილი (გაბრიჩიძე 81’), ჩიტიშვილი (სეხნიაშვილი 78’), ჩაკვეტაძე (მუხულიშვილი 60’), გიგა გურეშიძე (დანელია 73’) - გურამ გურეშიძე (კამლაძე 78’), ექვთიმიშვილი (ვაზაგაშვილი 73’) - დავლაშელიძე (საჯაია 70’), ჭანკოტაძე (მოსიაშვილი 46’), კახაბრიშვილი (ღუდუშაური 46’) - ღირდალაძე (კვარაცხელია 67’)

მიეძ ლეგნიცა: კაპსა (საპელა 46'), სტასიაკი (დე ამო 63'), მიძიერსკი (კშეჟნიაკევიჩი 63'), ბარჩაკი (გორსკი 46'), დანიელი (ტრიფონოვი 46'), რასაკი, პენანენი, ლუშკიევიჩი, გარგულა (ტელიხოვსკი 63'), რიბიცკი, ბარტკოვიაკი (გარდძიელევიჩი 46')

 
უკან დაბრუნება