ჩვენი მეტოქე - ალაი ოში

17 თებერვალი 2017
ვიტ ჯორჯია ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება. ჩვენი გუნდი თურქულ შეკრებაზე რიგით მესამე საკონტროლო შეხვედრას ყირგიზეთის სამგზის ჩემპიონის, ალაი ოშის წინააღმდეგ გამართავს.

1960 წელს დაარსებული ალაი ოში საშინაო შეხვედრებს 12 000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონზე ატარებს. აღსანიშნავია, რომ კლუბი აღმავლობის გზას ადგას, ჩვენმა სპარინგ მეტოქემ უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ქვეყნის ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოიპოვა, 2013 წელს ალაი ქვეყნის თასსაც დაეუფლა. ალაი ოშის გვინეელი ფორვარდი, ალია სილა ზედიზედ ორჯერ, 2015 და 2016 წლებში, შესაბამისად 17 და 21 გატანილი გოლით, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 

გუნდის ძირითადი მეკარე, აბდუაზიზ მახკამოვი ტაჯიკეთის ეროვნული ნაკრების კიპერი გახლავთ. სანაკრებო გამოცდილება აქვს ილიაზ ალიმოვსაც, რომელიც ამპლუით მცველი გახლავთ. იგი ყირგიზეთის ნაკრებში 2016 წელს მიიწვეს და ორი შეხვედრა ჩაატარა. ყირგიზეთის ნაკრების წევრი გახლავთ აბრორ კიდირალიევი, რომელსაც ყირგიზეთის ჩემპიონატი ორჯერ, თასი კი ერთხელ აქვს მოგებული.

ალაის შემადგენლობაში ირიცხება ეროვნებით ნიგერი, ისა მოდიბო სიდიბე, რომელიც  2013 წლიდან ნიგერის ეროვნული ნაკრების წევრი გახლავთ.
ჩვენი მომავალი მეტოქე აზიის ფეხბურთის კონფედერაციის (AFC Cup) ჯგუფური ეტაპისთვის ემზადება, სადაც ალაი წილისყრის შედეგად თურქმენულ ალთინ ასირსა და ტაჯიკურ ისტიქლოლს დაუპირისპირდება. მესამე მეტოქედ კი ყირგიზული დორდოისა და ტაჯიკური ჰოსილოტის გამარჯვებული ეყოლებათ.

ვიტ ჯორჯიასა და ალაი ოშის დაპირისპირება სიდეში, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.
უკან დაბრუნება